როგორ გადაარჩინა გრიგოლ რობაქიძემ ქართველი ტყვეები? – „ოქტომბერში (წიფობას) დავდივართ სვეტიცხოველში და სანთელს ვუნთებთ „პაწა სალოცავთან“
დაიბადა ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში. სკოლის პერიოდიც ქუთაისში გაატარა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1983 -84 წლებში დაამთავრა. მას შემდეგ მუშაობს ექიმ –კარდიოლოგად და ოჯახის ექიმად.
მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ვორკუტაგამოვლილი მამის – შოთა შავგულიძის მოგონებები, რომელიც წიგნადაც გამოიცა – „ერთი რწმენით გავლილი ფაშისტური და კომუნისტური დილეგები“.
ბევრი რამ ახსოვს მამისგან, ოჯახის რელიკვიაა მისი ყოველი ფოტო თუ წერილი. საგულისხმოა, რომ იგი ჯერ კიდევ გერმანელებთან ტყვედ ყოფნისას გრიგოლ რობაქიძემ გადაარჩინა. მოგვიანებით ვორკუტის საპატიმროში დიდ მწერალთან, ლევან გოთუასთან ერთად აღმოჩნდა. მანვე ჩამოიტანა საქართველოში ლევან გოთუას ხელშენავლები სახარება. – ექიმ თამარ შავგულიძის პერსონა.
– გვიამბეთ მამის პიროვნულ თვისებებზე…
– მამას იმ დროს უკვე გავლილი ჰქონდა ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკები და არანაკლებ სასტიკი კომუნისტური დილეგები. ვორკუტიდან ამინისტიით დაბრუნებულს გაუუქმეს დიპლომი (დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი), აუკრძალეს ცხოვრება მშობლიურ ქალაქ ქუთაისში და იმყოფებოდა ჩეკას ზედამხედველობის ქვეშ. გაუშვეს ხარაგაულის რაიონში (სოფელი ვერტყვიჭალა), სკოლაში, გერმანულის მასწავლებლად. იქ შექმნა ოჯახი, განმეორებით დაამთავრა ისტორიის ფაკულტეტი, ამჯერად დაუსწრებლად, და დაბრუნდა ქუთაისში, ქალაქში კვლავ არ მისცეს ცხოვრების უფლება და გარეუბანში, გუმათჰესის დასახლებაში ვცხოვრობდით.
მუშაობდა ქალაქის მეორე ბოლოში, რიონჰესის სკოლაში. ამბობდა, ჩემს ქალაქს ყოვედღე გზად მაინც ხომ გავივლიო.
მამას ჰქონდა საოცარი იუმორის გრძნობა, იყო სასიამოვნო მთხრობელი, ერთსა და იგივეს არასოდეს იმეორებდა. მისთვის ყველაზე ფასეული ადამიანური ურთიერთობები იყო, ჰყავდა მრავალფეროვანი სამეგობრო წრე, ყველა სფეროში, ყველა ფენაში, თითოეული მათგანი ერთნაირად ძვირფასი იყო მისთვის. დიდ პატივს მიაგებდა წინაპრებს და ჩვენგანაც იგივეს ითხოვდა. განსაკუთრებულად ემზადებოდა აღდგომის დღესასწაულისთვის, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მიდიოდა წინაპართა საფლავებზე და ულოცავდა მიცვალებულთა სულებს (იმ დროში სხვაგან ვერც იდღესასწაულებდი აღდგომას).
ბავშვობაში მამა გვირჩევდა წასაკითხ ლიტერატურას, შეგვაყვარა პოეზია, სამეზობლოში სახელდახელოდ გვიწყობდა კონკურსს მხატვრულ კითხვაში. რომ წამოვიზარდეთ, წასაკითხად და შემდეგ სადისკუსიოდ გვაძლევდა ფილოსოფიურ ლიტერატურას. მისი საყვარელი წიგნი იყო გოეთეს „ფაუსტი“, პერიოდულად კითხულობდა თავიდან ბოლომდე. ამბობდა, სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად შევიმეცნებთო. იყო უკიდეგანო ოპტიმისტი, რაც უნდა პრობლემა ყოფილიყო ოჯახში, მასთან თუ განვიხილავდით, მაშინვე ვგრძნობდით, რა წვრილმანი იყო ის და როგორ მარტივად შეგვეძლო გვერდის ავლა. თითქოს ,,უპრობლემოდ“ ცხოვრობდა, არ მახსოვს მისგან ჩივილი, რომ რამე აწუხებდა, ან ვინმესთვის რამე ეთხოვოს, ეს მას არ ახასიათებდა. დროს ფეხდაფეხ მიყვებოდა, მის ირგვლივ მუდამ ახალგაზრდები იყრიდნენ თავს. მოუთხრობდა მათ ნამდვილ ისტორიას, რაც საბჭოთა წიგნებში არ ეწერა… დაკრძალვის დღეს ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები, მეტწილად ახალგაზრდები, ცრემლით აცილებდნენ ბოლო გზაზე.
– მამის ნაამბობი ალბათ გეხსომებათ, როგორ გადაარჩინა ის გრიგოლ რობაქიძემ…
– თავიდან გვიყვებოდა გერმანიაში ტყვეობის პერიოდს. მამა გრძნობდა, რომ მუდამ ჩეკისტების სამიზნე იყო, და რომ წამოვიზარდეთ, მხოლოდ შემდეგ დაიწყო თხრობა საბჭოთა დილეგების წლებზე.
გესტაპოს ციხეებიდან ერთ დღესაც გამოიყვანეს კავკასიელები, დააპურეს, დაბანეს, მისცეს ახალი ტანსაცმელი, დაათვალიერებინეს ვერმახტი. იქმნებოდა ბერგმანის ბატალიონი, შესთავაზეს ცხოვრების კარგი პირობები, მამა ამბობდა, იქ ნათელი გახდა რომ გვამზადებდნენ საბჭოთა ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად, მე და რამდენიმე თანამემამულემ სასტიკი უარი ვთქვით და ჩაგვსვეს კარცერში შვიდი თვითო, შემდეგ გადაიყვანეს ვილჰემსაფენის საკონცენტრაციო ბანაკში, მას „ცოცხალთა სასაფლაოს“ ეძახდნენ. ამუშავებდნენ სილის კარიერზე (გამართლდა მამას ვარაუდი, ბერგმანის ბატალიონის გადარჩენილი წევრები ზედამხედველებად ჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში).
მამასთან ერთად იყვნენ: აკაკი მუხაშავრია (ცნობილი ექიმის, გელა მუხაშავრიას მამა), შალვა ჯაში, აპოლონ ჯანელიძე. ერთ დღეს ხელში ჩაუვარდათ ჟურნალ „დი ვოხეს“ ნაწილი, სადაც იყო გრიგოლ რობაქიძის სტატია სათაურით „ჭეშმარიტი ქართველი“.
გადაწყვიტეს, მიეწვდინათ ხმა. დაწერეს წერილი, სადაც მამა წერდა, რომ, საქართველოში, უნივერსიტეტში მოუსმენია მისი ლექციები, დაწერეს ასევე, ვინ საიდან იყო და რომელ ბანაკში იყვნენ. ახლა მთავარი იყო, წერილი მისულიყო მწერლამდე. ზედამხედველებს შორის იყო სამოც წელს მიტანებული ვილჰელმ ციმერმანი (იმ წელს მეზღვაური ვაჟიშვილი დაღუპვია), განათლებული, თან კეთილი ადამიანი ყოფილა. მას აჩვენეს ჟურნალი და მოუყვნენ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ვილჰელმი დაინტერესდა, ქართველებს დიდი ადამიანი გყოლიათო, მის „გველის პერანგს“ ვიშოვი და აუცილებლად წავიკითხავო. მან დიდი რისკის ფასად შეძლო წერილის გაგზავნა. ამის თაობაზე არაერთხელ დაჰკითხეს ქართველები, თუ როგორ მოახერხეს წერილის გაგზავნა, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. მალე შედეგიც დადგა, ქართველები გადაიყვანეს გლეხებთან სამუშაოდ. ეს გადარჩენას უდრიდა…
მამას შემდგომში არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, მადლობა შეეთვალა გრიგოლ რობაქიძისთვის, ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც მე და ჩემი და დედები გავხდით, ოქტომბრის თვეში (წიფობას) ყოველწლიურად დავდივართ სვეტიცხოველში, სანთელს ვუნთებთ „პაწა სალოცავთან“, მადლობას ვწირავთ დიდი მწერლის, საამაყო მამულიშვილის სულს, ამით მამაჩემის ანდერძსაც ვასრულებთ.
მამა მიამაგრეს სოფელ ჰიუდეში, ჰაინრიხ ლიუნინგის ოჯახში დამხმარედ. ქალაქში გაზრდილი იყო, სოფელს ზაფხულობით თუ ნახავდა ბებიასთან. ჰაინრიხის ოჯახი კეთილად შეხვდა. მამამ გერმანული იცოდა, არცთუ ურიგოდ, ასწავლეს: ხვნა-თესვა, თიბვა, პირუტყვის მოვლა. ეხუმრობდნენ, დიპლომიანი გლეხი გახდიო. მამა გვიამბობდა, როგორ მუშაობდა გათენებიდან დაღამებამდე ოჯახის ყველა წევრი. ჰაინრიხის მეუღლე მარიამ ჰენტენმანი, მისი და ტერეზია და დამხმარე გოგონა კლარა. ერთხელაც ტერეზიას მეუღლე, ავგუსტ დეტერსი, სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიცერი, შვებულებით ჩამოვიდა, მაშინვე ჩაიცვა სამუშაო ტანსაცმელი და შეუდგა საქმეს. აღმოჩნდა ჭადრაკს თამაშობდა კარგად, შემდეგ დღეებში გადადებდა საქმეს გვერდზე და მამას ჭადრაკს ეთამაშებოდა. წასვლისას დაიბარა, შოთას ტყვეობა შეუმსუბუქეთო. გვიამბობდა, ასევე, როგორ ზრუნავდნენ მასზე. ჰაინრიხმა მამა სტომატოლოგთან წაიყვანა, მან კბილის ამოღება გადაწყვიტა, ჰაინრიხმა სასტიკი უარი თქვა კბილი იქნებ გადავარჩინოთ, უნდა ვუმკურნალოთო და სამი დღე ატარა სხვა სტომატოლოგთან ქალაქ დამეში, გადაარჩინა კიდეც, ექიმმა ფული არ აიღო, ომის მსხვერპლია და უსამართლობა იქნება, გასამრჯელო რომ ავიღოო. ომის მიწურულს, წამოსვლისას, მარიამმა საგზალი გაუმზადა, ეკლესიიდან დაბრუნებულმა უთხრა: დღეს მხოლოდ შენზე ვილოცე, ქვეყანა არეულია, ღმერთს შევევედრე, მშვიდობით დაგაბრუნოს შენს ოჯახშიო და თვალცრემლიანი დაემშვიდობა. ბევრი მოგონება წამოყვა მამას, რომელსაც ნაწილ-ნაწილ გვიამბობდა და, ვფიქრობ, კიდევ დარჩა მოსაყოლი…
მამა იქვე, ომის პერიოდშივე ერთმანეთისგან კარგად არჩევდა, სად იყო გერმანული ფაშიზმი, და სად გერმანელი ერი თავისი დიდი კულტურით, შრომისმოყვარეობითა და სამართლიანობით.
გავიდა წლები… ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როცა წერილის გაგზავნა შეიძლებოდა, მამამ გააგზავნა სამადლობელი წერილი სოფელ ჰიუდეში. სამწუხაროდ, ჰაინრიხი, მარია, ტერეზია, კლარა ცოცხალი აღარ იყვნენ, მაგრამ მათმა შვილებმა გადმოცემით იცოდნენ მამას შესახებ, ასევე სოფელში რამდენიმე ადამიანს კარგადაც ახსოვდა, თავისი იუმორით და ჭადრაკის თამაშით.
– მამათქვენმა საქართველოში ლევან გოთუას ხელშენავლები სახარება ჩამოიტანა, სად ინახება ახლა ის სახარება და რას გიამბობდათ ლევანზე, რომელმაც მამას „გმირთა ვარამის კაცი“ უწოდა?
– ქართველი ხალხი კარგად იცნობს დიდებული მწერლის შემოქმედებას, ჩვენი ოჯახი, მამას მონათხრობით, ლევან გოთუას იცნობს ასევე, როგორც დიდ ქართველს, რომლის მთელი ცხოვრება – ყოველი დღე იყო ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისათვის, არა მარტო კალმით. მან სიცოცხლის სამი მეოთხედი ციხეებში გაატარა. მესამედ დაპატიმრების შემდეგ ვორკუტაში ჩაიყვანეს. ლევან გოთუა სულიერად აძლიერებდა იქ მყოფ პოლიტპატიმრებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის იხდიდნენ ხარკს კატორღული შრომით და კატორღული ყოფით. თვითონაც პატიმარი, იბრძოდა მათი პირობების გაუმჯობესებისთვის. ხელმძღვანელობდა საგაფიცვო კომიტეტს იგორ დობროშტანთან ერთად.
1955 წლის მაისში ვორკუტის პატიმარ- მეშახტეთა საყოველთაო გაფიცვამ შედეგი მოიტანა. ლევანი წერს ძმას სანდროს: ,,რუდენკოსა (სსრკ უმაღლესი სასამართლოს თავმჟდომარე) და ჩემმა საუბარმა ორ საათს გასტანა. ვისაუბრეთ საბჭოთა კავშირის არასწორ პოლიტიკაზე პოლიტპატიმრების მიმართ, კერძოდ, უდანაშაულო პოლიტპატიმრებზე, ემიგრანტებზე, ბანაკებში არაადამიანური რეჟიმის არსებობაზე, სისასტიკეზე, ჩეკისტების თვითნებობაზე, უდანაშაულო მსხვერპლზე, დაბოლოს, ისიც დავაყოლე – ურიცხვი გამშრალი, გაშიშვლებული, კახექსიური, დაკნინებული და მეობადაკარგული ადამიანი ისეთივე მძიმე სანახავია, როგორც წალეკილი და გაოხრებული სამყარო. რუდენკო ძალიან ყურადღებით მისმენდა და ყოველი სიტყვა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე“. („მნათობი“ 9, 1990, გვ. 28).
მამა იგონებდა, მოკლე დროში ტანსაცმელზე კატორღელის ნომრები ჩამოგვხსნეს, თმისა და ულვაშის ტარების ნება დაგვრთეს, კვება გაგვიუმჯობესეს, პატიმრებს, რომლებსაც პატიმრობის ვადა გასული ჰქონდათ, სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს,
თავისუფალ დასახლებაზე გაგვიყვანეს, დაიწყეს საქმეების გადახედვა და პატიმრების თანდათანობით განთავისუფლება.
„ლევანი საქართველოდან არცთუ იშვიათად იღებდა ამანათს. მიღების დღეს ზეიმი ჰქონდათ ქართველებს, იგი მოიწვევდა ყველას უკლებლივ და თავისი ხელით გააწყობდა სუფრას. ცდილობდა, ქართული იერი მიეცა მისთვის. – დღეს მე ვარ მასპინძელიო – იტყოდა და მეტწილად ფეხზე იდგა. მართალია, ისიც კუჭცარიელი იყო, მაგრამ იშვიათად თუ გადასწვდებოდა საჭმელს. სიამოვნებდა, ბიჭები რომ მადიანად შეექცეოდნენ. ამანათიდან მალე აღარაფერი რჩებოდა, გარდა გადანახულისა, რომელიც ღამის ცვლაში მომუშავე მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი“.
იქ მყოფმა ქართველებმა კარგად იცოდნენ ლევან გოთუას ფასი. თურმე ჩექმა გასცვეთია, მისი ზომა ვერ უშოვიათ, არადა გარეთ თოვლში უწევდა მუშაობა. ამ დროს რამდენიმე მეშახტისთვის „ვალინკები“ მიუციათ. მიშა რუხაძეს საგანგებოდ აუღია ლევანის ზომის ჩექმა და მიუტანია მისთვის.
მამასთან, მერვე მაღაროს ბანაკში, 1950 წელს გაჩნდა პირველი და ერთადერთი წიგნი, ლევანის შემოგზავნილი ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია. სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (897, 936 და 973 წ. წ.) გამოცემული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ 1945 წელს. წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა, ქართველები იწერდნენ მათთვის სასურველ ადგილებს. „ქართულმა ოთხთავმა მოიარა ვორკუტის უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებული მკაცრი რეჟიმის ბანაკები“. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ქართველები თანდათან ბრუნდებოდნენ სამშობლოში, წიგნი კვლავ მოხვდა მამასთან, ზურაბ მიქელაძემ გადასცა. იგი ინახებოდა ჩვენს ოჯახში, მამა დიდი რუდუნებით გადმოიღებდა ხოლმე, პირველ გვერდზე რეჩლაგის ბეჭედი ჰქონდა წარწერით: „ПРОВЕРЕНО“, მეორე გვერდზე ლევან გოთუას ხელწერა, და წარწერა – „მემკვიდრეობით ჩემს ვორკუტელ ძმას შოთას. ზურაბ. 9. 1. 56“. წიგნის ყველა ფურცელი გაყვითლებული, კუთხეებში გაცრეცილი და მთლიანად დალაქული იყო.
მამამ გადაწყვიტა, წიგნი დაბრუნებოდა მის პირველ მფლობელს და გადასცა ლევან გოთუას სახლ-მუზეუმს.
– „ერთი რწმენით გავლილი ფაშისტური და კომუნისტური დილეგები“ – ასე ჰქვია შოთა შავგულიძის ახალ წიგნს, რომელიც იმ ეკლიან გზაზე მოგვითხრობს, რაც მან გაიარა საპატიმროებში… როგორ წერდა მამა ამ წიგნს?
– მოგონებები „ერთი რწმენით გავლილი ფაშისტური და კომუნისტური დილეგები“, 90-ანი წლების დასაწყისიდან იბეჭდებოდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალებში: „ცისკარი“, „მნათობი“. 90-იანი წლების ბოლოს კი ბატონმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა უშიშროების გაზეთში „სრულიად საიდუმლოდ“ მოგონებები სრულად გამოაქვეყნა. ამით, ერთის მხრივ, „ცენზურა“ გაატარა, მეორეს მხრივ, უშიშროების სამსახურმა თავის ბოროტება თვითონვე ამხილა. ასე მოიხადა ქედი ბატონმა ჯუმბერმა ვორკუტელი პოლიტპატიმრების წინაშე, რომელთა დიდ ნაწილს მშობლიური მიწაც არ ეღირსა.
მამას წიგნის ელვერსია შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული ბიბლიოთეკის საიტზე: saba.com.ge, უფასოდ.
წლების მანძილზე, როდესაც ჩაეკითხებოდნენ განვლილი ცხოვრების შესახებ, მამა მოკლედ ამბობდა:
„ყურძენს საწნახელში დაწურავენ, ჭაჭას წნეხში გაატარებენ. ამის შემდეგაც კი შეიძლება ყურძნის ერთი მარცვალი სადღაც სასწაულებრივად გადარჩეს. აი,ასეთ პირობებში შევინარჩუნე სიცოცხლე.“
ასევე, სასწაულებრივად გადარჩენილი „ვორკუტელი მეგობრები“ ხშირად იკრიბებოდნენ დავით კვიტაიშვილთან, პეროვსკაიას13-ში. გადიოდა წლები, ბოლოს თითო-ოროლაღა დარჩა, და მამამ დაიწყო თხრობა მათ შესახებ. ბატონმა ემზარ კვიტაიშვილმა სთხოვა გადაეტანა ფურცელზე. და, მამამ ამოიღო კარგად შენახული, თითქმის გადამალული, ძველი დღიურები. ჩანაწერები, წერილები ვორკუტიდან… და დაიწყო წერა იმ სისასტიკეზე, რომელიც მძინვარებდა „გულაგის“ მკაცრი რეჟიმის ბანაკებში, კატორღელთა მაღაროებში.
არ იყო მარტივი წერის პროცესი, მოგონებებს თან ახლდა განცდები. თითქოს უბრუნდებოდა კატორღულ ცხოვრებას. შახტაში, დასიებული მუხლებით, შიმშილისა და შრომისგან ქანცგაწყვეტილი, თავისი მეგობრის უბედურებას ხედავდა და წერდა. ემოცია იმდენად ძლიერი იყო,ზოგჯერ სიზმარშიც გრძელდებოდა „ვორკუტა“.
ხშირად ამბობდა, იმ დიდ უბედურებაში იყო ბედნიერებაც, ასეთ დიდებულ ადამიანებს რომ შევხვდი და მათთან ერთად ვზიდე მამულიშვილობის უღელიო.
ლევან გოთუა და დავით კვიტაიშვილი გამორჩეული იყვნენ პატიმართა შორის. ისინი დანარჩენ პატიმრებს ამხნევებდნენ სულიერად და ფიზიკურადაც პატრონობდნენ. ბატონი დავითის ისედაც მადლიან პროფესიას, მისი პიროვნული მადლიც ემატებოდა, არაერთი პატიმარი, თვით სუკ-ის თანამშრომლის ოჯახის წევრიც არაერთხელ გადაურჩენია სიკვდილს. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ამ ავტორიტეტს ისევ ქართველი პატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად იყენებდა.
ასევე, აქ იყვნენ „ხალხის მტრებად“ შერაცხული, „სამშობლოს ღალატის“ მუხლით ბრალდებული დიდი ქართველები: ზურაბ მიქელაძე, რეზო ტყავაძე, შალვა ბალარჯიშვილი, სერგო ლორთქიფანიძე, ალექსანდრე მაღლაკელიძე, მიშა რუხაძე, რომან ბლიაძე, ვალიკო ხუჭუა, მიტო მამულაიშვილი, დავით ვოლსკი, კოლია მეტრეველი, ნიკო მღებრიშვილი, ვასო შევარდნაძე, ილია ბოჭორიშვილი, გოგი ჭიაბრიშვილი, ბენო ხაჟალია, შალვა ჩხეიძე, ლეო თევდორაძე, ვარდენ ჟღენტი, შამილ გუჯეჯიანი, ვალიკო გაბუნია, იოსებ ქავთარაძე, ვიქტორ ჯღარკავა, დავით გაჩავა, კოლია კალაძე.
ეს ადამიანები, ყველანი უკლებლივ „გმირთა ვარამის“ კაცები იყვნენ.
– გვიამბეთ ოჯახზე…
– ამჟამად ერთ პატარა სამედიცინო ცენტრში ვმუშაობ. მეუღლე – ნუგზარ ლომაძე პროფესიით მათემატიკოსია, შვილები: ალექსანდრე – 29 წლის, პროგრამისტი, მუშაობს „თი-ბი-სი ბანკში“, ასევე არის ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში.
26 წლის მარიამმა დაამთავრა ბიზნეს ადმინისტრირება, მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისი მეუღლე, ფარნაოზ ხონელიძე პროფესიით მარკეტოლოგია.
ჩემი და, ქეთევანი და მისი მეუღლე მერაბ სვანაძე მათემატიკოსები არიან. ჰყავთ სამი შვილი: მაია მათემატიკოსია, მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტში ლექტორად. ლიკა პროგრამისტია. გიორგი – სტუდენტი ასევე მათემატიკის ფაკულტეტის.
– სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. კითხულობდა პედაგოგიკაში ლექციებს…
– მამა სიცოცხლის ბოლომდე ჰყავდა უერთგულესი მეგობრები უნივერსიტეტში სტუდენტობის წლებიდან. მისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მარტო განათლების კერა იყო, ასევე განსაზღვრავდა ქართველი ერის ცნობიერებას. მისი დიდი სურვილი იყო, ცხოვრება უნივერსიტეტთან დაეკავშირებინა. მაგრამ ვერ მოახერხა, როგორც თვითონ ამბობს: 43 წლის ასაკში შევძელი დაბურდული ცხოვრების ლაბირინთიდან გამოსვლაო.
სურვილი უფროსმა ქალიშვილმა აუსრულა. დღეს ქეთევანი, მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი მამას საყვარელი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან.
რეაბილიტაციის შემდეგ, როდესაც მიეცა ცხოვრების უფლება მშობლიურ ქუთაისში, დაიწყო მუშაობა სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად და შეუდგა გარდამავალ ასაკში (V – VII კლასებში) ბავშვთა აღზრდის თავისებურების შესწავლას. 17 წელიწადი აკვირდებოდა მათ ქცევებს და სწავლობდა, მუშაობდა „რთულ“ ბავშვებთან. რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალში „სკოლა და ცხოვრება“. წარმატებით დაიცვა დისერტაცია თბილისში. მოსკოვში დისერტაცია გააჩერეს და მამა დაიბარეს. ჩავიდა მზად სამეცნიერო დისკუსიისთვის. სამეცნიერო საბჭოს ნაცვლად დახვდა უშიშროება, მათ ერთხელ კიდევ „გადაამოწმეს“, კითხვები იყო პირად საკითხებზე (მამას რეაბილიტაცია მისცეს 1960 წელს, მისცეს ერთბაშად, ერთი ყუთი მედლები, რაც ომის შემდეგ ვეტერანებს დაურიგდათ, პატიმრობის წლები „გადაუკეთეს“ პედაგოგიურ სტაჟად).
სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. კითხულობდა პედაგოგიკაში ლექციებს. ასევე, ხელმძღვანელობდა საქართველოში რეპრესირებულთა საზოგადოებაში „მემორიალი“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ განყოფილებას. ეხმარებოდა რეპრესირებულებს, უგროვებდა და უწესრიგებდა საბუთებს რეაბილიტაციისთვის, პენსიის დასანიშნად.
– გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე, ექიმ-კარდიოლოგ თამარ შავგულიძის გზაზე….
– მშობლებმა გადაწყვიტეს, ექიმის პროფესია ამერჩია. მე უფრო მინდოდა, იმ კონკურსში გავსულიყავი, ჩემს დროს სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად რომ იმართებოდა. არჩევანი მეტწილად მამას მეგობრის, ჭეშმარიტი ექიმის დავით კვიტაიშვილის პიროვნებამ განაპირობა. მამა თავისუფალ ზონაში დავით კვიტაიშვილთან ერთად ცხოვრობდა თითქმის ერთი წელიწადი. თან დაჰყვებოდა, ღამის საათებში როცა ავადმყოფთან მიჰყავდათ. მონაწილე იყო იმ განცდების, რაც ექიმს პაციენტის კარგად ყოფნით ეუფლება.
დღეს დიდი მადლობელი ვარ ამ გადაწყვეტილების.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი ქუთაისში და მუშაობა დავიწყე ავტოქარხნის საავადმყოფოში.იქ სამი წელიწადი ვიმუშავე ექიმ თერაპევტად. 80-იან წლებში საბედნიეროდ მედიცინა უფასო იყო, მაგრამ პაციენტებმა მადლიერების ნიშნად იცოდნენ საჩუქრის მოტანა. მიუხედავად ჩემგან კატეგორიული წინაააღმდეგობისა, შექმნილა უხერხული სიტუაცია და სუნამო ამიღია, ყოფილა შემთხვევა სუნამოს ყუთში თანხაც აღმომიჩენია. ამ დროს მამა სუფრაზე მეგობრებში, თუ სამეზობლო-სანათესაოში აცხადებს, ჩემი შვილი თუ ავადმყოფს დასჭირდება, წამალსაც მიუტანს, არათუ გასამრჯელოს აიღებსო. ერთ დღეს ვუთხარი, გთხოვ, მაინცდამაინც სადღეგრძელოში ნუ იტყვი, რომ გასამრჯელო არ ამიღია-მეთქი და დავიწყე ჩამოთვლა. მამამ შემაჩერა – მე არ მითხრაო.
27 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, რის გამოც მომიწია საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა. დავიწყე მუშაობა კარდიოლოგად, ბოლო წლებში შევითავსე საოჯახო მედიცინა, დღეს ჩემთან შემოსული პაციენტი თანხა არ ეძებს გადასახდელად.
მამას თხოვნა – „მე არ მითხრა“, რომელიც მუდმივად მესმოდა, ჩემთვის ჰიპოკრატეს ფიცზე მეტია და მადლობელი ვარ ამისთვისაც.
– გვიამბეთ დედაზე, რომელიც 92 წლისაა, ცხოვრობს ქუთაისში. როგორც მითხარით, აქტიურია აქტიურია იგი, როგორც მოქალაქე, დედა, ბებია… ალბათ ძნელი იქნებოდა, მეუღლის გარეშე ოჯახის გაძღოლა მისთვის…
– ბატონი ემზარ კვიტაიშვილი წიგნის წინასიტყვაობაში წერს: „კაცურ კაცს შოთა შავგულიძეს ჯოჯოხეთის ცხრავე გარსი თავისი ფეხით აქვს გავლილი, რათა მერე ღვთის შეწევნით, ისევ ათასფრად აბრიალებული სამზეო მოეხილა… სწორედ რომ მამას ცხოვრება მთელი სისავსით შეეგრძნო, ამაში დაეხმარა დედა. იგი მათემატიკის მასწავლებელი იყო. ჩვენს ოჯახში სისტემატურად მოდიოდნენ სკოლის მოსწავლეები, მეზობლები და არამეზობლები დასახმარებლად მათემატიკაში, ფიზიკაში, ასტრონომიაში.
მოდიოდნენ ქართულ ლიტერატურაში „თემების“ დასაწერად. ეს საქმე დედას ეკუთვნოდა. მას უყვარს ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია. 92 წლის ასაკშიც ახალ ლექსებს იმახსოვრებს, მისი ასაკის და ცხოვრების შესატყვისს. ახლაც ეხმარება მეზობლის მე-10 კლასელ მოსწავლეს მათემატიკაში სკოლის პროგრამის დაძლევაში. მე და ჩემი და დღესაც, ნებისმიერ საკითხის გადაწყვეტისას, დედას აზრს ვეკითხებით. ათი წლის წინ მეზობლების სურვილით. ქუჩას შოთა შავგულიძის სახელი მიენიჭა. მეზობლებმა ასე გამოხატეს პატივისცემა ჩვენი ოჯახისადმი, ჩემი მშობლებისადმი.
თამარ შაიშმელაშვილი