„ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას არ იშლის“

    გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და აქვს მცდელობა, დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება.
“ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი კარგად დაგეგმილი სცენარის და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილია, რომელიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი სწორედ იმ ძალადობის, უკანონო თვალთვალისა და ადამიანების შანტაჟის დასრულება იყო, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში გრძელდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას და აქვს მცდელობა, დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება. ამაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მონაწილეობა, მათთან ერთად, ამ ტელევიზიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ერთის მხრივ, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა. მეორეს მხრივ, ისინი ცდილობენ წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების შეტანას. მათი ეს აგონიური მდგომარეობა გასაგებია. 15 ივნისს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას. გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შს სამინისტროდან გატანილი და დაკარგულია დიდი ოდენობით აღურიცხავი პორტატული ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ კერძო პირს მიუწვდება ხელი მსგავსი ჩანაწერების შექმნაზე. ჩვენი შეფასებით, ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარის და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილი, რომელიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხი წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა რეფორმებზე. დარწმუნებულები ვართ, გამოძიება ჩანაწერების ავთენტურობით დაინტერესდება, დაადგენს, ვის ხელშია აპარატურა და ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მომზადებულია სპეციალური კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს, უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ და ამ თემით სპეკულირებას ვეღარავინ შეძლებს“, – აცხადებენ კოალიციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები