ირაკლი ალასანია: ერთობის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია
ერთობის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია -ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია “ წამყვანის კითხვას -არის თუ არა მათი გუნდი ერთიანი.
თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ ეთერში ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მიღწევებში მთელს მთავრობას მიუძღვის წვლილი.
“ერთი მთავარი ციფრი და ციფრები, რაც აინტერესებს პრემიერ ღარიბაშვილსა და თითოეულ ჩვენგანს, მე შემიძლია ჩამოგიყალიბოთ თავდაცვის სამინისტროზე. ჩვენ გვაინტერესებს ციფრი, მაგალითად ის, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს 20%-ით გაეზარდათ ხელფასი, 300 დოლარით გავუზარდეთ საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს დაფინანსება.
მთავარია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მინისტრისა და ჯარისკაცის ჯანდაცვა ერთნაირია. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას საკუთარი ჯანმრთელობა შეწირეს, საუკეთესო, ბოლო დონის პროტეზებს ვუკეთებთ. ბოლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს 800-მდე ბინა ჩაბარდათ და ეს გაგრძელდება. შეკითხვაზე ერთიანია თუ არა გუნდი, ვიტყოდი, რომ ერთიანობის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ეს იყო არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა მინისტრების მხარდაჭერის შედეგი ”, – განაცხადა ალასანიამ.