რა კომპრომატებს ფლობენ განსასჯელი მაღალჩინოსნები ადვოკატ გოგა ონიანზე
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ბაჩო ახალაიას ადვოკატს გოგა ონიანს პატიმრების წამებაში ადანაშაულებს. როგორც ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, გოგა ონიანი, რომელიც 2005 წლის დეკემბრის ბოლოდან 2006 წლის 27 მარტამდე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო, მასთან ერთად პატიმრების წამებაში მონაწილეობდა.
„დროის ამ მონაკვეთში, კერძოდ 2006 წლის 24 იანვარს ბათუმის N 3 საპყრობილეში პატიმრების დაშინების მიზნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმით შეიჭრნენ ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და გოგა ონიანი, სპეცრაზმელებთან ერთად პატიმრებს სამივე ურტყამდა დერეფანსა და საკნებში ისე, რომ პატიმრებს არანაირი წინააღმდეგობა არგაუწევიათ“, – ამბობს ლადო ბედუკაძე.
მისი თქმით, გოგა ონიანს და კიდევ რამდენიმე ადვოკატს, სხვა ადვოკატებისგან განსხვავებით, სხვა მენტალიტეტი აქვთ და ისინი იძულებულები არიან ივანე მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია სასამართლოზე დაიცვან.
„გოგა ონიანი პირადად არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს 2009 წლის 15 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. რა ქნას გოგა ონიანმა, მან ეს ნაძირლები უნდა უნდა დაიცვას, რადგან სხვა გზა არა აქვს! არსებობს ოთხი-ხუთი ადვოკატი, რომლებსაც ერთნაირი მენტალიტეტი, ერთნაირი აზროვნება აქვთ და იცავენ ამ გაფუჭებულებს. იმიტომ, რომ მერაბიშვილსა და ახალაიებს მათზე აქვთ ძალიან სერიოზული კომპრომატები და იძულებულები არიან, ასე მოიქცნენ! სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ და მე ადამიანურად მესმის! ამათ არათუ ადამიანები, არამედ საქართველოც გააუპატიურეს!“ – აცხადებს ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.