„ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, ამ ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს“

საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგი წერეთელს პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მტკიცებულებების არ სჯერა, -ამის შესახებ „კვირას“ გიგი წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურის განცხადება უფრო მეტი ფაქტებითა და მტკიცებულებებით უნდა ყოფილიყო გაჯერებული.
„ჩემი უფლებაა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეჭვი მეპარებოდეს. სანამ სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარდება და ფაქტებით არ გამყარდება მტკიცებულებები, შემიძლია, ეჭვი მეპარებოდეს. როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, აქცენტი კეთდება 2012 წლის 21 დეკემბერზე, ანუ აპარატურა დამონტაჟდა ამ დროს. ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია ეს ყველაფერი, თუ გვარამია ციხეში იჯდა ამ დროს, როგორ, შუბლაძე მაინც საქმის კურსში იყო და აქამდე მიმალული იყო ეს ფაქტი?“ – აცხადებს გიგი წერეთელი.
მისივე თქმით, სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები საზოგადოებამ თავიდან აიცილოს, საჭიროა, დროულად მოხდეს საკანონმდებლო რეგულირებაც.
„იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი არასასიამოვნო ფაქტები და საზოგადოებას არ ჰქონდეს მუდმივად შიში თვალთვალის ან მოსმენის გამო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, არასწორი იყო, ის არ უნდა გაიმეოროს ამ ხელისუფლებამ და უარესი არ უნდა გააკეთოს. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს ამის საკანონმდებლო რეგულირებაც“,- აცხადებს გიგი წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები