“ქართული ოცნება“ მზადაა, შესაძლებლობების მაქსიმუმი დედაქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში ჩადოს “

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები მედიას დედაქალაქის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წარუდგინა. დედაქალაქის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას თქმით, “ქართული ოცნება“ მზადაა, შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადოს დედაქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში.
„დღეს ჩვენი ერთად ყოფნა იმის მანიშნებელია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნაშია, წელიწადნახევრის წინ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად დაწყებული ბრძოლა ღირსეულად გააგრძელოს! ამ ბრძოლის ავანგარდში კი თბილისი დგას. ამიტომ ჩვენს გუნდს უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება! უნდა ვაჩვენოთ დანარჩენ საქართველოს, რომ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ, რომლისთვისაც დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს! ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ნდობა ჩვენგან მუხლჩაუხრელ შრომას, თავდადებას, ხალხის საჭიროებების გადასაწყვეტად მუდმივ მზაობას მოითხოვს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მძიმე ტვირთია და ჩვენი გუნდი მზადაა, ეს ტვირთი ღირსეულად ატაროს, შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადოს ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში!
ჩვენ გვაქვს ქალაქის განვითარების კარგად გააზრებული, მეცნიერულად შესწავლილი და შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი ხედვა. სპეციალისტთა ჩართულობით ვგეგმავთ ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავებას, დასაქმების პრობლემების მოგვარებას, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და თანამედროვე სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ ვაქცევთ თბილისს რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად.ერთად ვიზრუნოთ თბილისზე! ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“,- განაცადა დავით ნარმანიამ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემაც მიმართა. „თქვენ უნდა აჩვენოთ თბილისს, მთელ საქართველოს, რომ „ქართული ოცნება“ ენდობა საკუთარ ხალხს, და, იმავდროულად, ხალხი ენდობა „ქართულ ოცნებას“. ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ერთობლივი გამარჯვებით ფეხზე დავაყენებთ თბილისს!
თქვენ ყველანი, მერობის კანდიდატთან, ბატონ დავით ნარმანიასთან ერთად, ხართ მეურნე, მშრომელი პროფესიონალები, რაც წამალივით სჭრდება ჩვენს დედაქალაქს. ქალაქს, რომელიც, როგორც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავად აღიარებს, იყო სწორედ მათ მიერ გაჩერებული. ახლა დგება დრო, როცა უნდა დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს დედაქალაქზე, ვიფიქროთ მის ნორმალურ განვითარებაზე! კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა – არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველო დემოკრატიულ რეფორმების გზას ადგას და ეს გზა ერთადერთია! ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იქნებიან შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული და კანონმორჩილი მმართველები, რომელთა მთავარი ღირებულება ადამიანი, მთავარი ამოცანა კი ხალხის სამსახურში ყოფნაა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველი ერთადერთი ძალაა, რომელიც საკუთარ ხალხთან ერთად ქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს!!! ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თითოეულ მოქალაქეზე, ერთად ვიზრუნებთ თბილისზე, ერთად ვიზრუნებთ საქართველოზე!!!“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია 1. ჯაბა ჯიშკარიანი – „ქართული ოცნება“ – მთაწმინდა 2. გიორგი მუსხელიშვილი – „თავისუფალი დემოკრატები“ – ძირეული ვაკე,ბაგები, წყნეთი 3. გოჩა ბაბუნაშვილი – „ქართული ოცნება“ – ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები 4. შორენა ბუხრაშვილი – ეროვნული ფორუმი – სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი 5. გივი ჭიჭინაძე- „ქართული ოცნება“ – ვეძისი, კანდელაკის ქუჩა, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, საბურთალოს მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუას ქუჩა 6. დავით ზურაბიშვილი – „რესპუბლიკური პარტია“ – საბურთალოს მარჯვენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, იოსებიძე, შარტავას, დოლიძის, ხილიანის , ბახტრიონის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 7. ბექა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ – კრწანისი, ფონიჭალა 8. ილია ჯიშკარიანი – „თავისუფალი დემოკრატები“ – ავლაბარი, მეტრომშენი 9. ირაკლი აბუსელიძე – „ქართული ოცნება“ – ვაზისუბანი , მერვე ლეგიონი 10. ზურა ნეფარიძე – „ეროვნული ფორუმი – ნავთლუღი 11. ია მაკასარაშვილი -„ ქართული ოცნება“ – ვარკეთილი 12. ლევან დარახველიძე – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – მესამე მასივი 13. გულიკო ზუმბაძე – „რესპუბლიკელები“ – ვარკეთილის დასახლება, ორხევი, აეროპორტი, წინუბანი, ნასაგური, დიდ ლილო, პატარა ლილო 14. ლია ჯახველაძე – „თავისუფალი დემოკრატები“ – მოსკოვის გამზირი, აფრიკა 15. რიმა ბერაძე – „ქართული ოცნება“ – ჩუღურეთი 16. ლადო ძნელაძე – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – დიდუბე 17. თარაშ შურღაია -„ ქართული ოცნება“ – დიღმის მასივი 18. დავით ჭელიძე – „ქართული ოცნება“ – ნაძალადები, ლოტკინი 19. გივი გოგლიძე – „ეროვნული ფორუმი“ – ნაძალადევი 20. ზაზა კოლელიშვილი – „ქართული ოცნება“ – სანზონა 21. ჯაბა სამუშია – „ქართული ოცნება“ – თემქა 22. კობა კობალაძე – „ქართული ოცნება“ – ავჭალა, ზაჰესი, კონიაკის დასახლება , გლდანულა, სოფელ გლდანის მუნიციპალიტეტები 23. ნინო გოგუაძე – კონსერვატორები – გლდანი – ლუწი მიკრორაიონები 24. მურთაზ შელია – „ქართული ოცნება“ – გლდანი – კენტი მიკრორაიონები 25. ქეთი ჯოხაძე – კონსერვატორები – მუხიანი, სამხედრო დასახლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები