„მტკვარი უნდა დაუბრუნდეს თბილისს“… – როგორია მერაბ ბოლქვაძის თბილისი და რა უნდა მოგვარდეს გადაუდებლად?
ბავშვობიდან მშობლებისა და ახლობლების სიყვარულს და საინტერესო მეგობრების სიმრავლეს ასახელებს. ხატვით გატაცებამ კი მისი მომავალი პროფესია – არქიტექტორობა განაპირობა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ–ერთი ავტორი ფიქრობს, რომ აუცილებელია ლანდშაფტზე და გამწვანებულ არეალებზე სამშენებლო „ზეწოლის“ შეჩერება. მტკვარი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, მისი მიმდებარე ნაპირები კი რეკრეაციული ფუნქციის გახდეს…
ამბობს, რომ თბილისს სჭირდება უფრო მეტი ლანდშაფტური და რეკრეაციული თავისუფალი სივრცე, მეტი საჯარო ფეხმავალთა არეალები. – გენგეგმის ჯგუფის ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის პერსონა.
– როგორც ბევრ ადამიანს, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დიდი სიყვარული მშობლებისა და ნათესავებისგან. ბავშვობიდან მახსოვს ზღვა, ფორტეპიანო, წვიმა… სკოლის პერიოდი საინტერესო იყო მეგობრებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ხასიათით. როცა დრო მექნება, დავწერ ნარკვევს – „ჩემი ქართულის მასწავლებელი“.
– პროფესიით არქიტექტორი ხართ…
– მამზადებდნენ ექიმობისთვის, თუმცა ხატვით გატაცებამ განაპირობა ჩემი არქიტექტურით დაინტერესება.
– გაიხსენეთ სტუდენტობის პერიოდი…
– სტუდენტობის პერიოდში შევიძინე და დღემდე შემომრჩნენ მეგობრები. მყავდა შესანიშნავი პედაგოგები, ვიგონებ ბატონებს ი. ციციშვილს და გ. შავდიას, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში. ბატონებს – ჯ. ჯიბლაძეს, ნ. მიქაძეს, მ. გოგეშვილს, გ. შაიშმელაშვილს, ისინი იყვნენ საუკეთესო პროფესიონალები და მაღალი ზნეობის ადამიანები.
– თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ–ერთი ავტორი ხართ. უსისტემო მშენებლობის გამო თბილისში (კატასტროფული სურათია ბათუმში) სიმწვანე საგრძნობლად შემცირებულია, შენობა-ნაგებობების რიცხვი კი დასაშვებ ზღვარზე მაღალია… გამოსავალი?
– თქვენთვის ცნობილია, რომ მგგ-ზე მომუშავე ჯგუფის თხოვნით ამჟამად თბილისში აკრძალულია ინტენსივობის დადგენილი მაჩვენებლების გადაჭარბება ცენტრალურ და საშუალედო ზონებში, რაც აუცილებელი ღონისძიება იყო.
უსისტემოდ გაცემული ნაკვეთები როგორც განაშენიანებული ტერიტორიების შიგნით, ისე გარეთ წარმოშობს უსისტემო ქაოსურ მშენებლობებს. თბილისის განაშენიანების წესებით დადგენილი ინტენსივობის პარამეტრები ისედაც მაღალია ევროპულზე და მისი კიდევ გადაჭარბება იწვევს ასეთ მძიმე შედეგებს.
შესაძლებელია, საჭირო გახდეს ინტენსივობის მაჩვენებლების გადახედვა. არ არის გამორიცხული, გამკაცრდეს შეზღუდვა განაშენიანებული ტერიტორიების შიგნით თავისუფალ სივრცეებზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით. ეს დაიცავს გამწვანებულ თავისუფალ არეალებს მშენებლობებისაგან.
ბათუმში კიდევ უფრო მძიმე სურათია!
– ლანდშაფტი თბილისის განაშენიანებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თქვენ მიგაჩნიათ, რომ მტკვრის ნაპირების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის, ხოლო ქალაქმა მტკვრის სახით ლანდშაფტური სივრცეები შეიძინოს. ეს როგორ უნდა განხორციელდეს, როცა კანალიზაციის ღია კოლექტორი მოქმედებს?…
ასევე, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ელიავას ბაზრობის ადგილას უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის პარკი. მაგრამ ოპონენტების აზრით, ეს საეჭვოა, რადგან ბაზრობის გადახურვა და კეთილმოწყობა მიმდინარეობს...
– თბილისის ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ლანდშაფტი. ამიტომ აუცილებელია ლანდშაფტზე და გამწვანებულ არეალებზე სამშენებლო „ზეწოლის“ შეჩერება. მთები ლანდშაფტური სახით და მდინარეების ხეობები უნდა დავიცვათ განაშენიანებისგან. ქალაქის საჯარო სიბრტყეებიდან მთები თავისი ფერდობებით თუ არ მოჩანს ბუნებრივი სახით, იქ უკვე მძიმე მდგომარეობაა.
მტკვარი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს. მისი მიმდებარე ნაპირები უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის და ეს ცვლილებები თანამიმდევრობით უნდა განხორციელდეს. მტკვარი ბინძურდება ქალაქისგან და ამავე დროს ცოტა ზემოთ, მცხეთის არეალში, 17 ფეკალური ჩაღვრის წერტილია დაფიქსირებული. მდინარეების გახსნის კონცეფცია გამოავლენს კანალიზაციის ფარული შეჭრის მონაკვეთებს. მდინარის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება აუცილებელი გადასაწყვეტი საკითხია, რომელიც მოცემულია მგგ-ის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების ჩამონათვალში.
მგგ-ის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორის (პოლიცენტრული განვითარება, ლანდშაფტური და მწვანე სივრცეების დაცვა, ეკოსტაბილურობა, კომპაქტურობა, საჯარო ტრანსპორტის განვითარება) ელიავას ბაზრობის საკითხი არ არის უმთავრესი. დიდი ქალაქები ერიდებიან ტრანსპორტის მიმზიდავი, მსხვილი ობიექტების ცენტრალურ ზონებში განთავსებას. რადგან ამასთან დაკავშირებით გაჩნდა სხვა მოსაზრებებიც, მათ შორის – ქალაქის მერიისაგან, განხორციელების სირთულესთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საჭიროა კვლევა და შემდეგი ეტაპის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის დამუშავება ამ ამოცანის გადასაწყვეტად.
– ფიქრობენ, რომ ძველი 5-სართულიანი შენობების, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟი უნდა მოხდეს. უწინარესად, ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მსგავსი კორპუსების ჩანაცვლებაა აუცილებელი, რადგან მათი უმეტესობა უკვე ავარიულია...
– ე.წ. „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება და ამ ტერიტორიების განვითარება არის ამოცანა, მაგრამ ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იქ, სადაც ეს შენობები ავარიულია და ეს არის ვარკეთილის III მასივში. ამ ტერიტორიაზე უნდა შედგეს ერთიანი გრგ, რითაც ეტაპობრივად უნდა განვითარდეს განაშენიანება.
სხვა არეალებში ჩამოსაყალიბებელია ქალაქგანვითარების კონცეპტუალური ხედვა. საშიშია დიდ ფართებზე „გამოდევნებით“ არ გავაუარესოთ საცხოვრებელი გარემო, იმ სიბრტყეებზე, სადაც ე.წ. „ხრუშოვკები“ არ არის ავარიულ მდგომარეობაში.
– ითვალისწინებს თუ არა გენგეგმა ძველი თბილისის განვითარების საკითხს? რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტერიტორიების ისტორიული სახით შენარჩუნება?
– მგგ ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვას ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას. აუცილებელია, ამ ნაწილზე შეწყდეს სამშენებლო ზეწოლა და ვიმოქმედოთ კანონით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამ მიმართულებით აუცილებელია განაშენიანების ცოცვის კონტროლირება ისტორიული ნაწილის მიმდებარე ფერდებზე, ამიტომ მოკლევადიან გეგმაში შევიტანეთ უმნიშვნელოვანესი პროექტები: განაშენიანების კონტურის დადგენისა და ხედვითი კორიდორების ანალიზის ერთიანი გააზრების მიმართულებით და ისტორიული საყრდენი გეგმის დამუშავება.
თქვენ შენიშნავთ მგგ-ს ძირითად ნახაზზე ისტორიული ლანდშაფტის საზღვრებს, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.
– ამბობენ, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში შენობა–ნაგებობების რიცხვი დასაშვებ ზღვარზე მაღალია, ამ მხრივ კი ყველაზე კატასტროფული ვითარება სპორტის სასახლის უკანა მხარესაა… ამაში ზოგიერთი ჟურნალისტი თქვენც გადანაშაულებთ, როგორც დღევანდელი თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის ერთ–ერთ ავტორს…
– გეთანხმებით, რომ განაშენიანების ინტენსივობის გადაჭარბებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა. თუ საუბარია ჩემ მიერ 2009 წელს შესრულებულ გრგ-ზე, ეს გახლავთ მიროტაძის ქუჩის მიმდებარედ, არა „აკადემქალაქში“.
აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ამჟამინდელი მდგომარეობით უნდა ვიფიქროთ შემარბილებელ ღონისძიებებზე: მწვანე რეკრეაციული არეალების შექმნაზე, მომსახურებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ა.შ. რისთვისაც ქალაქს შეიძლება დასჭირდეს ამ ტერიტორიაზე არსებული დარჩენილი ბარაკული განაშენიანების სიბრტყეების გამოსყიდვა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესასრულებლად.
– როგორც გენგეგმის ავტორს, თბილისისთვის რომელი საკითხის გადაუდებლად მოგვარება მიგაჩნიათ?
– ლანდშაფტის დაცვა, მწვანე რეკრეაციული არეალების განვითარება, რამდენიმე საქალაქო პარკის მშენებლობა;
პოლიცენტრული განვითარების ხელშეწყობა ქალაქის ცენტრის განტვირთვისთვის;
მთებზე ურბანული ცოცვის შეჩერება;
საჯარო ტრანსპორტის განვითარება, თუნდაც ერთი კორიდორის განხორციელებით.
– თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი… როგორ მიმდინარეობს მუშაობა ამჟამად გენგეგმაზე?
– მერიას აქვს მოთხოვნა მგგ-ის განხორციელების ეტაპების და საკუთრების საკითხების დაზუსტებისა და რიგობრიობის დადგენასთან დაკავშირებით, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა,რაშიც მონაწილეობენ მერიის სამსახურები.
– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დღევანდელ თბილისში და რას შეცვლიდით?
– რაც არ მოგეწონება თბილისში, არის ის, რომ ქალაქში ამდენ მანქანასა და შენობას შორის ადამიანი არის ზედმეტი.
თბილისს სჭირდება უფრო მეტი ლანდშაფტური და რეკრეაციული თავისუფალი სივრცეები, მეტი საჯარო ფეხმავალთა არეალები.
– ჰობი?
– მუსიკა, კალათბურთი.
– გვიამბეთ ოჯახზე…
– მყავს მეუღლე, 2 შვილი და 2 შვილიშვილი, რომლებთან ერთად ყოფნაც არის ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის.
თამარ შაიშმელაშვილი