„ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, ჯანმო-მ და USAID-მა ჩაატარეს“
“ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო ცენტრში მიმდინარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტი დადებითად აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგებს. მან მადლობა გადაუხადა რეფორმის ყველა მონაწილეს, მედპერსონალს, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჯანდაცვის სფეროს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იყო.
„ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და USAID-მა ჩაატარეს – გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტი ხაზგასმულად დადებითად აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგებს. ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელ შედეგს მივაღწიეთ ასე მცირე დროში. ჩვენ მიზნად დავისახეთ და მოქალაქეებს შევპირდით, რომ სახელმწიფო იზრუნებდა და არცერთ თავის მოქალაქეს არ დატოვებდა სამედიცინო მომსახურების გარეშე, ბედის ანაბარა, და ეს პირობა შევასრულეთ. ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოუხსნა ფინანსური ტვირთი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ შემოღებულ ახალი მომსახურებაზე, რომლის მიზანი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფაა. კერძოდ, ზრუნვის პროგრამას დაემატა ახალი ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელ სოციალურ დახმარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვან ამოცანად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე ზრუნვა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე ზრუნვა. ჩვენი მიზანია, ყველა პირობა შევუქმნათ მათ განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის, არ მოვაკლოთ მათ მზრუნველობა. ჩვენ გავზარდეთ მომსახურების სპექტრი ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში და იმედი მაქვს, არც ერთი ბავშვი არ დარჩება განსაკუთრებული ყურადღების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგნიზაციის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოში აშშ საელჩოს, აშშ-ის განვითარების სააგენტოსა (USAID), მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიისა და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები დაესწრნენ.