აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა უილიამ ჰეიგის ვიზიტის გამო შეშფოთებულია

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დღის წესრიგით გათვალისწინებული განსახილველი საკითხებით არის უკმაყოფილო. როგორც დე ფაქტო მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკითხები აფხაზეთის “ეროვნულ ინტერესებსა” და პირველ რიგში, უსაფრთხოებას ეხება.
„არსებობს ყველა პირობა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა, სამაგიერო გადაუხადოს რუსეთსა და მის მოკავშირეებს იმისთვის, რომ უკრაინაში დასავლეთის დიქტატს არ ეგუება. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ობიექტი აფხაზეთიც გახდეს. სიტუაციის ასეთი განვითარება ხელსაყრელი იქნებოდა საქართველოსთვის, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობას ვერ ეგუება და სოხუმის დაბრუნების იმედი აქვს“, – ნათქვამია დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო-ნატოს პერსპექტივების განხილვა გენერალ ბრიდლავის განცხადების კონტექსტში უნდა მოხდეს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ნატო აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჯარის განთავსებას გეგმავს.
„ზოგიერთები საქართველოში მოხარულნი იქნებიან, ამ სიტუაციით ისარგებლონ, რაც რეგიონულ უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება. ამ პირობებში კი აფხაზეთისთვის რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ქართულ-აფხაზურ საზღვარზე რუს პარტნიორებთან ერთად კოორდინაციული მოქმედებების ამაღლება ბუნებრივი იქნება იმისათვის, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის ნებისმიერი გამოვლინება მოვიგერიოთ“, – აღნიშნულია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები