სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი მთავარ პროკურორს შეხვდნენ
სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს შეხვდნენ. როგორც მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი პოლკოვნიკის მეუღლემ ნანა თეთრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ბადაშვილს იმ პირთა სიის გამოვლენა სთხოვა, ვინც თეთრაძის დაკავება და წამება დაგეგმა და ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული. “ესენი არიან სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც თანამდებობებზე იმყოფებიან. მთავარი პროკურორი დაგვპირდა, რომ გაერკვევა საკითხში და კიდევ შეგვხვდება”, – განაცხადა ნანა თეთრაძემ. ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის განცხადებით კი, იგი მთავარ პროკურორს დამატებით ინფორმაციებს მიაწვდის. სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დღეს, საქალაქო სასამართლომ თეთრაძის საქმეზე ბრალდებული 13 პირიდან 5 სრულად გაამართლა. 3 პირი კი სასამართლო დარბაზში დააკავეს. თეთრაძის ნაწილში გამართლდა მეგის ქარდავაც, თუმცა ამ საქმის სხვა ეპიზოდებზე მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა.
9 წელი შეუფარდეს გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, ძებნილ ალექსანდრე მუხაძეს, ასევე სხვა საქმეზე პატიმრობაში მყოფ ციხის ადმინისტრაციის ყოფილ წარმომადგენლებს – ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილსაც. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს კი – გარდაიცვალა. ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული გამოძიების ინფორმაციით, იგი აღიარების მოთხოვნით აწამეს და წამების შედეგად გარდაიცვალა.