რა წერილი დაუტოვა დედას მიცკევიჩის ქუჩაზე გარდაცვლილმა პირმა?
მიცკევიჩის ქუჩაზე გარდაცვლილი მეორე პირის ვინაობა ცნობილია
„კვირისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ „დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში“ აფეთქების შედეგად, პროფესორ ზურაბ ბენდელიანთან ერთად, 1980 წელს დაბადებული ანზორ ბექურიშვილიც გარდაიცვალა. „კვირის“ ინფორმაციით, ანზორ ბექურიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მანქანით მივიდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ავტომანქანაში ახალგაზრდის წერილი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ამ შინაარსის იყო:
„დედა, მაპატიე, არ შემიძლია ამ ტკივილის ატანა. სანამ მოვკვდები, ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო“, – ნათქვამია ანზორ ბექურიშვილის წერილში.
შეგახსენებთ, რომ მიცკევიჩის ქუჩაზე, 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი სამკურნალო ცენტრის დერმატო-ვენეროლოგი და პროფესორი, 60 წლის ზურაბ ბენდელიანია.
„კვირის“ ინფორმაციით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბენდელიანთან ანზორ ბექურიშვილი, სავარაუდოდ, ავტომანქანით მივიდა. მანქანა იქვე გააჩერა და შენობაში შევიდა. ანზორ ბექურიშვილი, პროფესორთან ერთად, სამუშაო ოთახში ჩაიკეტა. მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ჯერ გასროლა, შემდეგ კი აფეთქება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენდელიანმა, თანმხლებ პირთან კამათის შემდეგ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ბენდელიანი დამწვრობით დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შელაპარაკება ექიმსა და ანზორ ბექურიშვილს შორის დაიწყო. ამის შემდეგ, ოთახიდან სროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების თქმით, შენობიდან მოისმა ძლიერი აფეთქების ხმა. დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში ინციდენტის დროს იმყოფებოდნენ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი სამაშველო სამსახურებმა ფანჯრიდან გაიყვანეს. ამ წუთებში სტუდენტები თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. სტუდენტების გარდა, დაკითხვაზე სამმართველოში სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებიც მიიყვანეს. კონკრეტულად რა მოხდა სამკურნალო დაწესებულებაში, ამის მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ.
ცხედრებს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიტანენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
იზა შაქარაშვილი