საბერძნეთში დაწერილი ქართული სიმღერები და ბულგარეთის კომპარტიის მდივანთან ერთად ნამღერი ,,თბილისო“

   მერაბ სიამაშვილი,- მომღერალი, მუსიკოსი, რომელიც წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. ის თესალონიკში ყოფნის დროსაც არ წყვეტს სულიერ კავშირს ხელოვნებასთან და იქ მყოფი ქართველებისთვის მუსიკას ქმნის. რუბრიკაში ,,პერსონა“ ის წარსულ წლებს იხსენებს…

– ბატონო მერაბ, გაიხსენეთ როგორ მოხვდით საბერძნეთში და რა იყო მანამდე?  10327148_742427032455128_483723967_n

– აქ ჩამოსვლამდე რა ჩანაფიქრიც მქონდა,- არ გამოვიდა, ვერ შედგა ახალი ანსამბლი, რომელსაც ევროკონცერტზე ჰქონდა მიწვევები. საბერძნეთში იქმნებოდა ანსამბლი, რომელიც დაკომპლექტებული უნდა ყოფილიყო უცხოეთში დაბადებული ბერძნებისგან. ჩემთვის, როგორც ქართველზე გამონაკლისი დაუშვეს. ის პიროვნება, ვისი იდეაც ანსამბლის შექმნა იყო, მე კარგად მიცნობდა. გამომიგზავნეს ვიზა და 1995 წლის აგვისტოში ჩამოვედი თესალონიკში. ერთი თვის შრომის შემდეგ ჩავწერეთ სიმღერა, – ინგლისურენოვან პროგრამასთან ერთად, მუსიკა იყო ახალი, მოდერნისტული, მაგრამ ის ანსამბლი მალევე, ფინანსური მიზეზების გამო, დაიშალა. მეორე წელს ჩამოვიყვანე ჩემი ორი შვილი, რადგან საქართველოში დიდი კრიზისის წლები იყო. როცა ვიზას გაუვიდა ვადა, მე მაინც ვახერხებდი ფიზიკურად მუშაობას.
ყველაზე რთული ის იყო, სანამ შვილებს აქ ჩამოვიყვანდი. როცა მოსაღამოვდებოდა, ბევრს ვნერვიულობდი, შვილები სახლში უვნებელნი შემოვიდოდნენ თუ არა. ეს გრძელდებოდა სამი წელი, შემდეგ, როგორც იქნა, ჩამოვიყვანე მეუღლე. მერე მალევე მოგვცეს მწვანე კარტა და ცოტა დავისვენეთ.

– ადრე სხვადასხვა ანსამბლში მღეროდით, მაგრამ საიდან დაიწყო თქვენი სცენური კარიერა?

– 1968 წელს, სწავლის დასრულებისთანავე, სახელმწიფო ფილარმონიაში ანსამბლში ,,სიმღერა თბილისზე“ რიტმულ გიტარაზე ამიყვანეს. პირველი გასტროლი უკრაინის დიდ ქალაქებში გვქონდა. სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს თბილისში, ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარის ნახევრად პროფესიონალურ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში გადავედი. თითქმის ნახევარი ანსამბლი ოპერისა და ბალეტის დასი იყო. იქ მქონდა საშუალება, დიდი ნახტომი გამეკეთებინა წინ, რადგან ყველა პირობა მქონდა სამეცადინოდ. ამის შემდეგ ისევ ფილარმონიაში გავაგრძელე მუშაობა. ძირითადად, ვიყავი ანსამბლ ,,ლალეში“, ასევე ,,ოროველაში“ და კიდევ სხვადასხვა ანსამბლში. „რეროშიც“ ცოტა ხანი ვმღეროდი და მერე რეორგანიზაცია დაიწყო.
პევზნერის შემდეგ ეს ცვლილებები გივი გაჩეჩილაძემ გააგრძელა. 1968 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ანსამბლში ,,სიმღერა თბილისზე“ ვარ, რომლის სოლისტი ლევან წივწივაძე იყო. ,,ლალე“ ვოკალურ – ინსტრუმენტური, მოდას აყოლილი ანსამბლი იყო. თუ სსრკ-ში რამე პოპსიმღერა არსებობდა, ყველას ჩვენ ვასრულებდით. თან ბევრს ვმოგზაურობდით. 1973 წელს ბულგარეთში, ძალიან დიდ ფესტივალში ვმონაწილეობდით. იქ მთელმა საბჭოთა კოჰორტამ მოიყარა თავი. ჩვენმა სოლისტმა ჯულიეტა მურადელმა ახლოს გაგვაცნო ბულგარეთის ცოცხალი ლეგენდა ლილი ივანოვა. განსაკუთრებით ვამაყობდი, რომ ახლოს გავიცანი კოსმონავტი პოპოვიჩი და ბულგარეთის კომპარტიის გენერალური მდივანი თოდორ ჟივკოვი, რომელმაც, სცენაზე, ჩვენთან ერთად რევაზ ლაღიძის უკვდავი ,,თბილისო“ იმღერა. ეს ფაქტი მოსაგონებლად დიდხანს გამყვება, რადგან მაშინ საქართველო ჩრდილში იყო.    10327320_742427289121769_1586019790_n

– როცა სცენაზე იდექით,- როგორი იყო იმ პერიოდის ქართული ესტრადა?

– 60- 70-იან წლებში საბჭოთა ესტრადაზე ყველაზე მკაფიო და პოპულარული ანსამბლი იყო ,,ორერა“ , ორკესტრი „რევიუ“, კორდაბალეტი “რერო“, ანსამბლები – ,,დიელო“ ,,ლალე“, ,,ციცინათელა“, ასევე ეგრეთ წოდებული საგასტროლო ანსამბლები, რადგან ქართულ ესტრადაზე იმ წლებში დიდი მოთხოვნა იყო საბჭოთა რესპუბლიკებიდან. ჯგუფები კონკრეტული მიზნისთვის იქმნებოდა. შემდეგ ხდებოდა მათი რეორგანიზაცია. ეს იყო მუდმივი პროცესი. იმ პერიოდის პოპულარული მომღერლები იყვნენ: ნაზი დუმბაძე, გიული ჩოხელი, ვენერა მაისურაძე, სულიკო კოროშინაძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, თემურ ცაგურია და სხვები…
ანსამბლი ,,ივერია“  იმ დროს ახალი წევრებით შეივსო.

– ანსამბლ ,,რეროში“ როგორ მოხვდით?

– ანსამბლ “რეროში“ ცოტა უცნაურად მოვხვდი. ,,რერო“ მიწვეული იყო იაპონიაში საგასტროლოდ, ოღონდ მათი მოთხოვნა იყო, რომ ვოკალური კვარტეტიც ჰყოლოდათ რეპერტუარში. მე მოვხვდი იმ კვარტეტში, ძალიან კარგი გამოვიდა, კარგად ჟღერდა, აღტაცებებს ვერ მალავდნენ… მაგრამ ეს გასტროლი ვერ შედგა. შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდა იდეა, ამ კვარტეტის ბაზაზე შექმნილიყო ახალი ანსამბლი და შეიქმნა კიდეც, მისი ხელმძღვანელობა ,,დიელოს“ ყოფილმა სოლისტმა, ჩვენი კვარტეტის წევრმა მარსელ კაპანაძემ ითავა. მე ცოტა სხვა ისტორიებში მოვხვდი.
როცა რობერტ ბარძიმაშვილმა მოისმინა კვარტეტი, დაებადა იდეა, ფოლკ ჯაზის მიმართულებით ჯგუფი-ანსამბლის შექმნა. ამ ჯგუფისთვის მე მომიაზრებდა და დანარჩენებსაც ეძებდა. მოგვიანებით დიდმა პიროვნებამ, ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა როკ-ჯგუფი ,,75“ შექმნა. ბოლო-ბოლო ბატონმა კონსტანტინე პევზნერმა მირჩია, რომ ჯერ გიტარაზე დამეკრა „რეროში“ და შემდეგ იქ გადამიყვანდა სოლისტად. რეპეტიციები ძალიან დიდხანს გრძელდებოდა… ორკესტრში რეორგანიზაცია მოხდა და ბატონ გივი გაჩეჩილაძეს გადაებარა ხელმძღვანელობა… იმ დროს მე უცხოეთის დიდი ტურნე შემომთავაზეს და დავთანხმდი, ოღონდ, ეს უკვე ცალკე თემაა…

– ბატონო მერაბ, რაზე წერს სიმღერებს ემიგრაციაში მყოფი ქართველი?

-აქ ყოფნის დროს სულ სამშობლოზე ვწერ სიმღერებს. კონცერტზეც ვზრუნავ, ვიცი, ჩვენს ხალხს რა რეპერტუარი უნდა, თემა იგივეა: საქართველოს სიყვარული. ჩემს რეპერტუარში ის სიმღერებია, რაც ჩვენს თანამემამულეებს მოსწონთ და ენატრებათ. რამდენიმე წლის წინ ჩამოვაყალიბე ვოკალური ანსამბლი “ფესვები“, რომლის რეპერტუარში, ძირითადად, ქართლი ხალხური და ქალაქური სიმღერები იყო. ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი დიდი დოზით არის მუსიკა, რომ ბევრი სხვადასხვა სიმღერა მესიზმრება…

– რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?    10338863_742427229121775_959222284_n

– ასეთი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი კონცერტის დროს ამერიკელი მაყურებელი ფეხზე წამოხტა და დამიწყო ყიჟინა (გაურკვეველი იყო ჩემთვის მიზეზი), სიმღერის დროს ვფიქრობდი: რა არ მოეწონათ- მეთქი, ალბათ დიქცია? იქნებ არასწორად ვანაწილებ ხმას, ფრაზირებას და ა.შ. გაბრაზებულმა ბოლო ნოტში მთელი გრძნობა ჩავდე… და მოხდა საოცრება, პირდაპირ სცენაზე მოცვივდნენ და დანარჩენს ალბათ მიხვდებოდით, რაც მოხდებოდა …
27 წლის ვიყავი. ამ დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სამუდამოდ ვრჩები მუსიკაში. ის სიმღერა ,,my way” ჩემს სავიზიტო სიმღერად იქცა…

– როგორია, თქვენი ერთი დღე ემიგრაციაში?

– ჩემი ერთი დღე ემიგრაციაში ასეთია: მუზიცირების შეუცვლელი პერიოდი მაქვს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ დილით სახლში ვიყო, ფინჯან ყავას არ ვუღალატო. ამ დროს მეუფლება საოცრად კარგი განწყობა, მთელი მსოფლიო მიყვარს და თან მეცოდება, რადგან ჩანს, რომ არასწორი გზით მიდის მსოფლიო… შემდეგ, ან გაკვეთილებს ვატარებ, ან მუსიკის ჩამწერ სტუდიაში მივდივარ, ამ ქვეყანაში კრიზისი არა ოთხი წლის წინ, არამედ 8-9 წლის წინ მუსიკიდან დაიწყო. ზუსტად იგივე მოხდა საქრთველოში. პირველი დარტყმა ხელოვნებამ მაშინ იწვნია…აქ ახალი მუსიკალური იდეები მომეძალა.. ვწერ, იმედია, ქართველი მსმენელი ამ სიმღერებს მოისმენს, რადგან სახლში დასატოვებლად არ ვწერ..

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები