რა მისწერა დათა ახალაიამ მერაბიშვილს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე
გაზეთი “პრაიმტაიმი” ექსკლუზიურად აქვეყნებს გრიფით “საიდუმლო” წერილს #16, რომელიც 2006 წლის 24 თებერვლით თარიღდება და, რომელსაც ხელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი დათა ახალაია აწერს. ახალაია ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო წერილს უგზავნის. კუდის უფროსი მერაბიშვილს იმ ვერსიის შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელი ვერსიითაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა გირგვლიანის საქმის გამოძიება.
“პირადად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ი. მერაბიშვილს. ბატონო მინისტრო, თქვენი დავალების შესაბამისად, ჩვენ მიერ ჩატარდა აქტიური ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებები მოქალაქე ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. კერძოდ მოპოვებული ინფორმაციების მიხედვით, 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე, 30-40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე “შარდენ- ბარში”, საიდანაც გამოვიდნენ დაახლოებით 2 საათზე და ფეხით გაემართნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ლესელიძის ქუჩაზე დასახელებული პირები შეაჩერა სამმა ახალგაზრდა კაცმა, რომლებმაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩასვეს ვერცხლისფერ “მერსედეს-მლ”-ის მარკის ავტომობილში და მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით წაიყვანეს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოსთან. აღნიშნულ ადგილას ბოროტმოქმედებს შეუერთდა კიდევ ერთი პირი, რის შემდეგაც მათ სანდრო გირგვლიანს და ლევან ბუხაიძეს მიაყენეს, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე ჯამრთელობისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები. ინციდენტის დროს სანდრო გირგვლიანმა მოახერხა გაქცევა, ხოლო ლევან ბუხაიძემ დამნაშავეთა მიმალვისთანავე თავი შეაფარა იქვე მდებარე ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც მომხდარის შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეატყობინა საპატრულო პოლიციას. მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან გაქცეული სანდრო გირგვლიანის გვამი აღმოჩენილი იქნა“, – წერს დათა ახალაია ვანო მერაბიშვილისთვის მიწერილ წერილში.
ამავე სტატიაში ქვეყნდება თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, მერაბ ბაღათურიას ინფორმაცია, რომელიც მან უკვე მიაწოდა გამოძიებას. ირკვევა, რომ კუდის გარდა, ამ საქმეს თბილისის პოლიცია დამოუკიდებლად იძიებდა.
“მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ადგილზე, გარდა კუდის დაკავებული თანამშრომლებისა, უნდა ყოფილიყვნენ ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია. მე გარკვეული გეგმაც მქონდა მოფიქრებული, თუ როგორ უნდა განმეხორციელებინა მათი დაკავება და პასუხისგებაში მიმეცა ყველა ზემოჩამოთვლილი პირი, თუ ამის საშუალება მომეცემოდა. ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი კარგად ხვდებოდა, თუ ვისზე შეიძლება გასულიყო გამოძიება საქმის მასალებით, ამიტომაც მოხდა საქმის სასწრაფოდ პროკურატურაში წაღება”, – ამბობს მერაბ ბაღათურია.