ირაკლი ალასანია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის განაჩენს ეხმაურება
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
„მე ვიყავი პირველი, რომელმაც საჯაროდ განვაცხადე ამ საშინელი დანაშაულის შესახებ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. ჩემს მოვალეობად ვთვლი, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ამ საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. თავდაცვის სამინისტრო არც პროკურატურაა და ვერც შეიჭრება მბრალდებლის ფუნქციაში. თავდაცვის სამინისტრო არ არის სასამართლო და მართლმსაჯულების აღსრულებაში ვერ ერევა. პროკურატურა მუშაობს, მე მაქვს სრული ნდობა, რომ საბოლოოდ მთლიანად შესწავლილი იქნება ეს საკითხი“, – აცხადებს ირაკლი ალასანია. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით: პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და გარდაცვალების საქმეზე გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას, რომელიც სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა, საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩიკვატიასა და ლონდარიძის ეპიზოდებზე გამტყუნდა ქარდავა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.