ფინანსისტი კალათბურთელის ცხოვრებისეული „ფლეი-ოფი“
კალათბურთის თამაში ბავშვობაში საკალათბურთო გუნდ „მართვეში“ დაიწყო. 1996-2010 წლებში საქართველოს უმაღლეს ლიგაში, სხვადასხვა გუნდში, თამაშობდა. იყო თსუ-ს გუნდის კაპიტანი, გამოდიოდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში. მისი, როგორ ფინანსისტის პროფესიული ჩამოყალიბება შორეულ ნიუ-იორკში დაიწყო. როგორც სპორტულ მოედანზე, ასევე ცხოვრების ასპარეზზე პროფესიონალიზმს აფასებს. პირადი ურთიერთობების დროს კი – ერთგულებას, წესიერებასა და პირდაპირობას… იცნობდეთ, სპორტსმენ შიო ხეცურიანის პერსონას.
– ბატონო შიო, კალათბურთის მოედანზე თქვენ ფორვარდი ხართ, რეალურ ყოფაში, ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ ეს ტერმინი, აქაც იგივე სტატუსს თუ ირგებთ?
-კალათბურთში ფორვარდს, ისევე როგორც ნებისმიერ პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელს, თავდასხმაშიც და დაცვაშიც აქტიური თამაში მოეთხოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემს ცხოვრებას, მე ვიტყოდი, აქტიური და მიზანდასახული უფრო შეესაბამება…
– სპორტული არენის მიღმა როგორი ხართ?
– ძნელია, ადამიანმა საკუთარ თავზე ისაუბროს… უმჯობესია, თუ ისინი დამახასიათებენ, ვინც კარგად მიცნობს. მე მხოლოდ იმედს გამოვთქვამ, რომ ახლობელი და ნაცნობი ადამიანებისთვის ყურადღებიანი და ერთგული პიროვნება ვარ.
– ალბათ, რომ არა სპორტი, ფინანსურ სფეროშიც ასევე წარმატებული იქნებოდით...
– განათლებით ფინანსისტი ვარ, დავამთავრე ნიუ-იორკის ბარუქის კოლეჯის მაგისტრატურა, სპეციალობით – ფინანსები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა – საბანკო საქმე, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი – ფინანსები და საბანკო საქმე. შესაბამისად, ჩემი პროფესიული კარიერაც ფინანსებთან და საბანკო საქმესთანაა დაკავშირებული. 2008-2010 წლებში ვმუშაობდი “ბანკ-რესპუბლიკაში“, „სოსიეტე ჟენერალე ჯგუფის“ კორპორაციული ურთიერთობის ოფიცრად; 2010 -2013 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნიუ – იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ფინანსურ მენეჯერად. ამ ეტაპზე, ჩემი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შემიძლია, წარმატებას მივაღწიო სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების მენეჯმენტში.
– ამ ქვეყნად ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს იწყება, კალათბურთში თქვენი პირველი მისვლა გაიხსენეთ, პირველი მარცხი და წარმატება...
– ასეთ ამბავს გავიხსენებ: ერთ მშვენიერ დღეს, 9 წლის ასაკში, მშობლებმა ჩემი თხოვნით, ვერის ბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზში, გუნდ „მართვეში“ მიმიყვანეს. თამაზ ოქრუაშვილი და ზვიად დიდბარიძე იყვნენ ჩემი პირველი მწვრთნელები. მახსოვს, პირველი მარცხი ძალიან განვიცადეთ, „დინამოს“ სტადიონის ტერიტორიაზე პატარა საკალათბურო დარბაზი იყო, სადაც გვქონდა პირველი ოფიციალური თამაში, რომელიც წავაგეთ. დღემდე მახსოვს, როგორ განვიცადეთ ეს მარცხი 9-10 წლის ბიჭებმა. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ბავშვთა ჩემპიონატის – ბავშვთა ლიგის მოგება იყო 14 წლის ასაკში, „მართვე-ბაასის“ შემადგენლობაში. ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში ჩემს კარიერაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, სპორტის სასახლეში დაახლოებით 10000 გულშემატკივრის წინაშე ჩატარებული თამაში იყო. პირველი ტაიმის მერე დიდი სხვაობით ვაგებდით, მეორე ტაიმში გარდატეხა შევიტანეთ და მოვიგეთ თამაში.
– კალათბურთში არის ტერმინი “მაღლები“ – სიმბოლურად თუ ვისაუბრებთ: ცხოვრებაში ვის უწოდებდით მაღალს?
-გასაგებია თქვენი კითხვა, უბრალოდ მე ამგვარად არ ვაფასებ ადამიანებს.. ყველას გვაქვს ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. რაც შეეხება, კალათბურთში მაღლებს,- ეს მხოლოდ მათი ფიზიკური სიმაღლიდან გამომდინარეა, რაც დაახლოებით ასე განისაზღვება: 2 მეტრის ზემოთ მაღალია და 2 მეტრის ქვემოთ დაბალი… ცხოვრებაში ვაფასებ ზრდილობიან, სანდო, ერთგულ ადამიანებს, რომლებსაც იუმორის გრძნობა აქვთ. მომწონს პირდაპირი ადამიანები, კარგია, როცა კაცი სათქმელს პირდაპირ გეუბნება. თუნდაც შენთვის არასასიამოვნოს, ვიდრე, პირფერობს, რეალურად კი,- სულ სხვას ფიქრობს.
– ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თუ თამაშს ჭკვიანურად წაიყვან, ნაკლებ შეცდომას დაუშვებ, ცხოვრებაში თუ აზღვევთ საკუთარ „თამაშს“ შეცდომებისგან?
– შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა და მათ შორის – არც მე. რა თქმა უნდა, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ნაკლები შეცდომა დავუშვა.
– ცხოვრებისეულ „ფლეი–ოფს“ როგორ განმარტავდით?
– როგორც ყველაზე საინტერესო და დაძაბულ პერიოდს ცხოვრებაში, რა დროსაც სრული მობილიზებაა საჭირო. როდესაც რომელიმე საკითხის გადაწყვეტის ბოლო ეტაპზე ხარ მისული, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ როგორც “ფლეი-ოფს,, – ეს გადაწყვეტილება მგონი, საბოლოო წარმატების ან მარცხის მომტანი იყოს..
–კალათბურთში არის ტერმინი: “არ მიმდიოდა სროლა“. როცა ცხოვრებაში არ გიმართლებთ, ანუ სროლა „არ მიდის“ ხოლმე, როგორ იქცევით?
-კალათბურთი რეალური ცხოვრების ნაწილია. როდესაც „სროლა არ მიდის“, კარგი გუნდური თამაშით მთავარ მიზანს, გუნდის წარმატებას უნდა მიაღწიო და, თუ საჭირო გახდება, ამ პროცესში, კონცენტრაციის ხარჯზე, წარმატებული „სროლის“ შესრულებაც უნდა შესძლო. ცხოვრებაშიც დაახლოებით ასეა.. მარცხსაც ღირსეულად უნდა შეხვდეს ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს მარცხის არა მარტო ღირსეულად შეხვედრა, ამის მერე მისი მიზეზების გაანალიზება და მომავალში გათვალისწინებაც…
– როგორი ოჯახია, სადაც თქვენ გაიზარდეთ?
– ჩვეულებრივი – ქართული, ტრადიციული ოჯახი. ჩემი ცხოვრების გზაზე ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი ოჯახისა და მეგობრების თანადგომას.
– როგორ განახორციელოს ადამიანმა ცხოვრებაში „სამქულიანი სროლა“, რა არის წარმატებისთვის საჭირო?
– ნიჭი, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და, რა თქმა უნდა, გამართლებაც.
– მაქსიმალისტი თუ ხართ? ანუ თქვენთვის მინიმუმის შესრულება არ ნიშნავს მაქსიმუმზე უარის თქმას…
-აბსოლუტურად გეთანხმებით, ადამიანი ყოველთვის უკეთესისკენ უნდა ისწრაფოდეს, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. მინიმუმის შესრულება არ ნიშნავს მაქსიმუმზე უარის თქმას.
– ამ ეტაპზე თუ შეასრულეთ ცხოვრების პროგრამა მინიმუმი?
– ამას ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, არ დამიწესებია ჩემთვის ცხოვრებაში პროგრამა მინიმუმი და, შესაბამისად, არც პროგრამა მაქსიმუმი. მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების რამდენიმე ეტაპი უკვე გავიარე და სხვადასხვა სფეროში გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე. ეს ჩემი მინიმუმია თუ მაქსიმუმი, ამას ცხოვრება გვიჩვენებს…
– საკმაოდ სერიოზული სპეციალური განათლება გაქვთ მიღებული. წარმატებული კალათბურთელი როდის იქცევა წარმატებულ ფინანსისტად?
– ზუსტად ვერ გეტყვით, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში…
–კალათბურთი კოლექტიური თამაშია, თქვენს მეგობრებზე რას იტყვით?
-ზემოთაც ავღნიშნე და ახლაც გავიმეორებ, მოხარული ვარ, რომ ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა იმედი ყოველთვის მაქვს და დარწმუნებული ვარ, მათაც ჩემი თანადგომის სჯერათ.
– ვიცი, რომ ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლია ხართ, ჭკვიანური რჩევა, რასაც თქვენს ნათლულს მისცემდით.
– ალბათ სჯობს, ადამიანს რჩევა კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად მისცე. ვისურვებდი, რომ საბა და მასთან ერთად ყველა ჩემი ნათლული ღირსეული ადამიანი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი გაიზარდოს.
– დაასრულეთ აზრი: ცხოვრება არის...
– ცხოვრება?… ერთი ლამაზი წუთია, მიუხედავად ყველა იმ წინააღმდეგობისა, რაც მასში გვხვდება…
თეონა გოგნიაშვილი