„სახელმწიფო მანქანა თაკო სალაყაიას განკარგულებაში იყო, მისი თითის დაქნევაზე არბევდნენ ადამიანებს“

  სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას მიერ ჩადენილ გაუხმაურებელ ფაქტებზე საუბრობს და მთავარ პროკურორს მიმართავს.
„სახალხო დამცველის აპარატში ყველა ეს დოკუმენტი დღემდე არსებობს და მოვუწოდებ ახალ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ობიექტური გამოძიებები სახალხო დამცველის აპარატში შექმნილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით! აბა, მერე ვნახოთ, როგორ აჭიკჭიკდებიან ვანო მერაბიშვილი და მისი ამფსონები, როგორ მოირგებენ ტანჯულის მანტიას! რეჟიმის ჯალათები ახლა ახერხებენ, თავი წამებულ რაინდებად წარმოგვიჩინონ. სახელისუფლო ტრიბუნიდან ისინი ურცხვად აცხადებდნენ, რომ კრიმინალი დაამარცხეს, თუმცა, თავად იქცნენ კრიმინალებად. პირდაპირ ვადებ ხელს ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, რომელმაც ამჟამად წამებულის მანტია მოირგო! თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ, რათა დაგარწმუნოთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი საქციელი მას რამდენჯერმე აქვს ჩადენილი! “, – აცხადებს სოფო ხორგუანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე 2008 წლის გაზაფხულს იხსენებს, სადაც მაშინ ერთ-ერთმა დაზარალებულმა სახალხო დამცველს საჩივრის წერილით მიმართა.
„ეს ამბავი 2008 წლის 9 მაისს მოხდა. გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომელიც საზოგადოებაში გავლენით სარგებლობდა, რესტორან “მეტეხის ჩრდილში” ილხენდა. გვერდით სუფრასთან კი თაყო სალაყაია იმყოფებოდა თანამეინახეთა გარემოცვაში. როცა თაკოს “მეზობლებმა” დაშლა დააპირეს, მოულოდნელად მათ წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. გამოსასვლელში დახვდათ პატრული, სოდ-ი, კუდ-ი და, თუკი სადმე ძალოვანი არსებობდა, ყველა იქ მივარდა. კაცებს და ქალებს ხელები გადაუგრიხეს, მანქანებში ჩაყარეს და, ვინ იცის, როგორ გადაწყდებოდა მათი ბედი, საქმეში გოკა გაბაშვილი რომ არ ჩარეულიყო, რადგან ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი მისი უახლოესი ნათესავი, შეიძლება ითქვას, ოჯახის წევრი აღმოჩნდა. არა მგონია, გოკა გაბაშვილმა თუნდაც ახლა, ნერვიულობის გარეშე გაიხსენოს ის მძიმე საღამო. თავიდან ვერავინ გაიგო, რა მოხდა. მერე გაირკვა, რომ ქალბატონ თაკოს მოეჩვენა, თითქოს მეზობელი სუფრიდან სურათი გადაუღეს, როცა იგი სცენაზე მღეროდა, შეიძლება ჩათვალა, რომ მას დასცინეს… მერე მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა, რომ ეს ამბავი მიჩუმათებულიყო. აწიოკებულ ხალხს მობილურები, ფოტოაპარატები და სხვა პირადი ნივთები დაუბრუნეს, ოღონდ მკაცრად გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ სიტყვა არ დაეძრათ. სახალხო დამცველის ოფისში ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც მოგვიყვა ზეწოლის შესახებ და ინფორმაციის გახმაურებაც კი ისურვა, მაგრამ ამის შემდეგ არნახული ზეწოლა უკვე სახალხო დამცველის აპარატზე დაიწყო და, რიგი გარემოებების გათვალისწინებით, გვაიძულეს, გავჩერებულიყავით! გესმით, რა ხდებოდა? მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო მანქანა – მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას განკარგულებაში იყო, მისი თითის დაქნევაზე არბევდნენ ადამიანებს. რამხელა ცინიზმია, როცა ახლა იგი აცხადებს, რომ მასზე და მის მეუღლეზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება… სხვათა შორის, ეს ფაქტი არ იყო გირგვლიანის ამბის შემდეგ ერთადერთი “,- ამბობს სოფო ხორგუანი.
იგი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ თაკო სალაყაიას მიერ ჩადენილ კიდევ ერთ ფაქტს იხსენებს.
„გირგვლიანის ტრაგედიამ ეს ქალი ვერ დააოკა, ჭკუა ვერ ასწავლა-მეთქი. კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ არ იცის საზოგადოებამ, რომელიც ისევ რესტორანში მოხდა. 2008 წელი იდგა. თაკო სალაყაია, ჩვეულებისამებრ, რესტორანში ქეიფობდა. გვერდით სუფრაზე კი გოგონა იმყოფებოდა, რომელსაც სახელად თამრიკო ერქვა. მას მამაკაცი ახლდა, რომელიც სიცილით ხშირ-ხშირად ხმამაღლა ეძახდა სახელს თავის ქალბატონს. სალაყაიამ მაშინაც ჩათვალა, რომ ის ადამიანები მას დასცინოდნენ. შედეგად, ის მამაკაცი გაიტაცეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში აწამეს, სასტიკად სცემეს! ფაქტობრივად, ნახევარი სახელმწიფო თაკო სალაყაიას კომპლექსებს გადავაყოლეთ… მე არ მაქვს იმ ადამიანების ნებართვის გარეშე მათი ვინაობის დასახელების უფლება, თუმცა, მერწმუნეთ, რომ რასაც გიყვებით, ფაქტებია, რომელთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დოკუმენტები აქვს შექმნილი და კვლევა-ძიება ჩატარებულია. სისტემა, რომელიც თაკო სალაყაიას “წამებულმა” მეუღლემ ვანო მერაბიშვილმა შექმნა, იყო გლობალური განუკითხაობა“, – აცხადებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები