„კეზერაშვილი იარაღის გარდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკით და ძვირფასი ქვებით ვაჭრობდა“

  თუკი კეზერაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობაში ჩართულობა დადასტურდება, დიდი ალბათობით აღმოჩნდება, რომ მიმდინარეობდა ნარკოტიკებით ვაჭრობაც,- ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკას“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა და სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა. მაისაიას განცხადებით, კეზერაშვილის პატიმრობაში დარჩენა თითქმის ნიშნავს იმ ეჭვის და ინფორმაციების დადასტურებას, რაც მასზე ვრცელდებოდა იარაღის უკანონო ვაჭრობაში ჩართულობაზე. ექსპერტის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს სასტიკი პოლიტიკა ჰქონდა ნარკომანებისა და წამლის რეალიზატორების წინააღმდეგ, რომ საქართველო გაწმენდილიყო ადგილობრივი მომხმარებლისგან და მოვაჭრეებისგან, რათა ნარკოტიკების ტრანზიტს უფრო ეფექტურად ემოქმედება.
„ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოდან გასული ტვირთი თურქეთში დააკავეს, ასევე ბელორუსში, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები.ეს ფაქტები იწვევს ეჭვებს, რომ საქართველო შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ნარკოტიკული ტრანზიტის ტერიტორიად. ჩვენ გვახსოვს ვანო მერაბიშვილის სასტიკი პოლიტიკა ნარკომანებისა და წამლის რეალიზატორების წინააღმდეგ. მერაბიშვილის პოლიტიკა იყო, რომ საქართველო გაწმენდილიყო ადგილობრივი მომხმარებლისგან და მოვაჭრეებისგან, რათა ტრანზიტს უფრო ეფექტურად ემოქმედა, მე ამაზე მქონდა აქცენტი გაკეთებული. თუკი კეზერაშვილი იარაღით უკანონო ვაჭრობაში იყო ჩართული და ეს დასტურდება კიდეც, დიდი ალბათობით აღმოჩნდება, რომ მიმდინარეობდა ნარკოტიკებით ვაჭრობაც. იარაღით და ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა არის თანაბარი ქმედითუნარიანობა“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მაისაიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა ეჭვი, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ცნობილ იარაღით მოვაჭრესთან ვიქტორ ბუტისთან თანამშრომლობდა.
„არსებობს ვარაუდი და ეჭვი, რომ კეზერაშვილი თანამშრომლობდა ბუტისთან, ბუტი კი ჩართული იყო იარაღით ვაჭრობასთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერებების ტრანსპორტირებაშიც. მეტსაც გეტყვით, ვიქტორ ბუტი იყო ჩართული ძვირფასი ქვების გადაზიდვებშიც, ის ახორციელებდა ძვირფასი ქვების გადაზიდვას აფრიკაში, ანგოლაში, მოზამბიკში და ასევე ევროპის მიმართულებით. ვიქტორ ბუტმა სწორედ 2003 წელს ჩაიტანა თალიბების ოქრო აბუდაბიში. ამიტომ თუკი კეზერაშვილსა და ბუტის კავშირები დადასტურდა, ავტომატურად დადასტურდება კეზერაშვილის ვაჭრობაც ნარკოტიკებით და ძვირფასი ქვებით. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით, არის ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა ბრიუსელში ბრილიანტებით ვაჭრობის ცნობილ ბირჟაზე“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები