არჩილ თალაკვაძე: სად ნახეთ, რომ ტერორისტების სახელებს, გვარებს, ვისთან აქვთ კავშირები, ოპერაციის მიმდინარეობისას ვინმეს აწვდიდა უსაფრთხოების სამსახური?!
სად ნახეთ, რომ ყოველ 15 წუთში ტერიროსტების სახელებს, გვარებს ვისთან აქვთ კავშირები, ოპერაციის მიმდინარეობისას ვინმეს აწვდიდა უსაფრთხოების სამსახური,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის ინფორმაცია რაც უნდა ჰქონოდა საზოგადოებას და მედიას, ჰქონდა.
მისივე მტკიცებით, დღევანდელი სპეცოპერაცია კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს და თითქოს ეს ყველაფერი ცარიელ ადგილას მოხდა, რა საფრთხე იყო, რატომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიაწოდეს და ა.შ. მეტი რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდა დღეს საზოგადოებას, პირდაპირ ეთერში გადასცემდით სპეცოპერაციას. ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც უნდა გქონოდათ მედიას და საზოგადოებას ჰქონდა. დანარჩენი შეკითხები, ვის წარმოადგენდნენ ეს ადამიანები- წარმოადგენდნენ ბოროტებას, ეს არის ცალსახა. დანარჩენ შეკითხვებს უპასუხებს გამოძიება და რა თქმა უნდა, არავინ არ გაურბის შეკითხვებზე პასუხის გაცემას. მივცეთ გონივრული დრო გამოძიებას და გამოჩნდება რა მოხდა, რეალურად რასთან აქვს კავშირი ამას.
წინსწრები განცხადებები დამაზიანებელია. კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დღევანდელი დღე, მათ შორის საინფორმაციო საკომუნიკაციო გეგმაც. შეხედეთ სხვა შემთხვევებს ევროპაში, ამაზე მეტი ინფორმაცია რომელ შემთხვევაში ჰქონდა საზოგადოებას?! სად ნახეთ, რომ ყოველ 15 წუთში ტერორისტების სახელებს, გვარებს ვისთან აქვთ კავშირები, ოპერაციის მიმდინარეობისას ვინმეს აწვდიდა უსაფრთხოების სამსახური?!
ამ ყველაფერს პასუხები პოლიტიკური სპეკულაციებით კი არ უნდა გაეცეს, პასუხები უნდა გაეცეს ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სპეცსამსახურებს ჰქონდათ. სპეკულაციები ამ თემაზე, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ვხედავთ, რომ ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.