თბილისსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევისას ბარიერი გაიზრდება
თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, თბილისის მერი შესაძლოა ხმათა 2/5- ით, რეგიონებში კი ხმათა 1/3 – ით აირჩეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, თვითმართველობის კოდექსის ახლებური ვარიანტი ქვეყნის მომალისთვის იქნება სასარგებლო. ცვლილებების თანახმად, ყველა რაიონში აირჩევიან საკრებულოს წევრები და გამგებლები. ასევე თვითმმართველ ქალაქებში არჩევითი იქნება მერი.
„ ჩვენ იმ ფორმით ვერ დავტოვებდით არსებულ თვითმართველობის კოდექსს. ეს არის, მართლაც, უპრეცედენტო, დემოკრატიული და წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც, მართლაც, სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ყველა რაიონში ჩვენ ავირჩევთ საკრებულოს წევრებს და გამგებლებს და თვითმმართველ ქალაქებში ავირჩევთ მერებს. ასეთი იქნება, ჯამში – 12. მანამდე იყო მხოლოს ერთი, თბილისი, ისიც 30% – იანი ბარიერით. ჩვენ საუბარი გვაქვს ბარიერის გაზრდაზე, მომატებაზე. ჩვენ გვსურს, რომ ქალაქის მერები ავირჩიოთ 40%- იანი ბარიერით, უფრო სწორად – 2/5 ით, ხოლო რაიონებში დაახლოებით 1/3 – ით, რაც 33% იქნება. ამაზე, როგორც ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში, ისე სხვა პარტიებთან, კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ გვსურს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა პარტიას და საზოგადოებას, რომ არავის დარჩეს კითხვა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას თვითმმართველობის ახალ კოდექსზე ჰქონდა კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. მისი თქმით, ცესკომ დაადასტურა ის, რომ მათ, აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში, შეუძლიათ უზრუნველყონ არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება, ისე როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. პრემიერის თქმით, კოდექსს გადაჭარბებული აჟიოტაჟი მოჰყვა, მთავრობას შეუძლია ევროსაბჭოს დელეგაციას თუ სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყველაფერი დაუსაბუთოს.