რას ნანობს, ვის აკრიტიკებს და რა მთავარ პრობლემას უტოვებს დავით ნარმანია კახა კალაძეს
თბილისის მერი კიდევ რამდენიმე დღით დარჩება. დავით ნარმანია ამბობს, რომ გულწრფელია და მეორე ვადით არჩევის სურვილი არ ჰქონია; რომ ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ, რომ მამასთან უფრო მეტ დროს გაატარებენ. განვლილ სამ წელს რთულს, მაგრამ საინტერესოს უწოდებს. ახალი გამოწვევებისთვის ემზადება, თუმცა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს მუშაობას. ამბობს, რომ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის ისეთიც, რაც ძალიან ეამაყება და არის რაღაც, რაც ვერ მოასწრო და გული სწყდება. დავით ნარმანია გასულ სამ წელზე, ოპოზიციასა და კახა კალაძეზე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა:
– ოპტიმისტურად მოვედი და ოპტიმისტურად მივდივარ. მართლაც, ძალიან დიდი ენერგიითა და შემართებით მოვედი, ასეც უნდა ყოფილიყო. სხვანაირად, იმ უამრავი გამოწვევის დაძლევა, რომელიც ქალაქში არსებობდა, შეუძლებელი იქნებოდა.
თავდაპირველად დიდი საბოტაჟი დაგვხვდა ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც ექვსი თვე გრძელდებოდა. მათი ნაწილი მაშინ დედაქალაქის მერიაში იყო დასაქმებული. გარდა ამისა, დაგვხვდა 30 მილიონამდე დეფიციტური ბიუჯეტი, რომელსაც დაბალანსება სჭირდებოდა. შემდეგ, დავიწყეთ თუ არა ქალაქის აქტიური განვითარება, სტიქია დაგვატყდა თავს – დიდი ზიანი მოგვაყენა. სტიქიის ლიკვიდაციაზე მთელი რიგი ფინანსური და ადამიანური რესურსების მიმართვა მოგვიწია. პროცესმა დიდი დრო და ენერგია წაიღო. ამიტომაც განვითარება ამის შემდეგ დავიწყეთ.
სტიქიიდან, სულ რაღაც, ერთ თვეში ჩავატარეთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი; ვუმასპინძლეთ ევროპის სუპერთასის ფინალს ფეხბურთში. დავიწყეთ ქალაქის განვითარების ახალი პროექტები და პროგრამები. ამჯერად ძირითად მათგანზე ვისაუბრებ და მნიშვნელოვანს ჩამოვთვლი:
ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით:
თბილისში 143 ახალი ავტობუსი გვყავს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური ხელშეწყობითა და თანამშრომლობით გაიხსნა მეტროს ახალი სადგური.
მოვახდინეთ 50-მდე ვაგონის განახლება-მოდერნიზაცია.
გარემონტდა მეტროს ორი სადგური – „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“.
ამ ეტაპზე სამი სადგურის რემონტი მიმდინარეობს.
9 წლის განმავლობაში გაჩერებული ვაკის პარკი-კუს ტბის საბაგირო ავამოქმედეთ.
მუნიციპალური მოდერნიზაციის მიმართულება:
მე დავპირდი საარჩევნოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომ პუშკინის ქუჩაზე გავაკეთებდით ესტაკადას და ორმხრივი მოძრაობა აღდგებოდა, რითაც ეს უბანი საცობებისგან განიტვირთებოდა. ნამდვილად გავაკეთეთ ეს.
ასევე, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების საფუძველზე გავაკეთეთ სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა;
შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზა;
აღვადგინეთ 25 წლის განმავლობაში დაკეტილი მუხათგვერდის პანდუსი. გავაკეთეთ და იქაც აღვადგინეთ მოძრაობა.
და ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ-ნახევარი კვ/მ ახალი გზა იგებოდა, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვენი წინამორბედების პერიოდში დაგებული გზები.
– რაც შეეხება მილიონ ხეს?
– ვაგრძელებ პრიორიტეტების მიხედვით. დანაპირები მილიონი ხიდან 700 ათასზე მეტი ხე დაირგო. გახარების მაჩვენებელი არის ძალიან კარგი და ნახევარ მილიონზე მეტია გახარებული. თუმცა, იქ სადაც შეხმობა (მცირე ნაწილის) ფიქსირდება, მიმდინარეობს მისი ჩანაცვლება.
გამწვანდა თამარაშვილი-გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზა;
12 ათასი ძირი ზეთის ხილი დაირგო მხოლოდ მახათის ფერდობზე.
შემდეგი პრიორიტეტია პატარებსა და, ზოგადად, მომავალზე ზრუნვა.
საბავშვო ბაღების განვითარება. 12 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს 13 ბაღის მშენებლობა.
ყველა ბაღში ავიყვანეთ ფსიქოლოგი და ლოგოპედი.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი.
80-ზე მეტ ბაღში გაკეთდა შიდა ინფრასტრუქტურა. კეთილმოეწყო ეზო, ბავშვების სათამაშო მოედნები, შიგნით მოწესრიგდა სველი წერტილები, აღიჭურვა ბაღები დამატებით.
კიდევ ერთი პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
ამ მიმართულებით ჩვენს მოქალაქეებს 9 ახალ პროექტს დავპირდით და ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხრავე გავაკეთეთ. დიახ, ერთ-ერთი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების პროგრამა გახლდათ. ჯამში, 30 მუნიციპალური და ჯანდაცვითი პროგრამით ვემსახურებოდით მოქალაქეებს.
სპორტის განვითარების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი ავაშენეთ. მაგალითად:
ევროპის ოლიმპიური ფესტივალისთვის ხუთი ახალი ობიექტი;
მუხიანში სარაგბო კომპლექსი გაიხსნა, რომელიც სპორტის სხვა რამდენიმე სახეობასაც მოემსახურება;
ისანში მთავრდება სარაგბო კომპლექსის მშენებლობა.
სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ და ჩვენ გვაქვს პარაოლიმპიური სპორტული ცენტრი, სადაც შშმ პირებს შეუძლიათ, ივარჯიშონ.
ჩემს საამაყო პროექტს შორის არის, რა თქმა უნდა, პეკინის ქუჩა და „ახალი ტიფლისი“, ახალ აღმაშენებელზე.
და ეს გაკეთებული პროგრამებისა და თუ პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
როგორც აღნიშნეთ, ენერგიულად მოვედი და რა ხდება ბოლოს? ასევე, ენერგიულად ვასრულებ – 10 ნოემბერს შემაჯამებელი პრეზენტაცია მექნება. მოსახლეობას დეტალურად გავაცნობ იმ პროგრამებს, რომელიც გავაკეთეთ. დავემშვიდობები ქალაქის მმართველობას და გადავაბარებ ჩვენი გუდის წევრს, ასევე, ენერგიულ კახა კალაძეს.
– კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისის მასშტაბით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ არ ხდებოდა მისი პიარიო. მახსოვს, როცა თქვენი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, თქვით, რომ „ზედმეტი“ პიარი არ გჭირდებოდათ. ამ გადასახედიდან ასეთი მიდგომა რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ? ამას იმიტომაც გეუბნებით, რომ ბევრმა, მაგალითად, არ იცოდა, რომ თბილისში ახალი მეტროსადგური გაიხსნა. ვხუმრობდი კიდეც, სააკაშვილის დროს ვიღაც მივიდოდა მეტროსადგურ „გოცირიძეში“, ეგონებოდა, რომ გაიხსნა, ახლა, ჰგონია, რომ არ მუშაობს და არ მიდის…
– ზოგადად, ჩვენი გუნდი და მერიაც, მათ შორის, საქმეზეა უფრო ორიენტირებული და არა პიარზე. გახსოვთ, ადრე როგორ იყო, სანამ გზის დაგებას დაიწყებდნენ, მანამდე კეთდებოდა პიარი. მერე – სამუშაოების დასაწყისში, შემდეგ – შუაში, მერე ბოლოსკენ და საბოლოოდ დასასრულს. იყო შემთხვევები, როცა გზას გახსნიდნენ და გზა არ იყო.
ჩვენ იმდენად ბევრი საქმე გავაკეთეთ, რომ ყოველდღიურად რომ პიარი გვეკეთებინა, სხვა რამისთვის ვეღარ მოვიცლიდით. ამიტომ საქმეზე უფრო ვიყავით ორიენტირებული, შუქდებოდა მიმდინარე პროექტები, მაგრამ ნეგატიურად გადატვირთული საინფორმაციო სივრცის ფონზე გაკეთებული პოზიტიური საქმეები უკანა პლანზე ინაცვლებდა. ეს არის მთავარი პრობლემა, ჩვენი აზრით. აქტიურ პიარკამპანიას არ ვაწარმოებდით.
მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს. შეიძლება ტელევიზიით ვერ ნახა ან ვერ მოისმინა, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ახალი ავტობუსით არ იმგზავრებს, არ არსებობს ადამიანი, რომელიც განახლებული მეტროთი არ ისარგებლებს, თავისუფლების მოედანზე გაივლის და ორმხრივ მოძრაობას არ შენიშნავს, ვიღაცა აუცილებლად პეკინზე გაივლის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამწვანებულ სივრცეს ვერ დაინახავს. ადამიანები ხედავენ ამ ყველაფერს და სწორად აფასებენ.
– როგორც შენიშნეთ, თავდაპირველად თქვენთვის მთავარი გამოწვევა გაბერილი შტატები იყო და ოპოზიცია ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაიწყეთ მათი გათავისუფლება…
– ეს არ იყო პოლიტიკური ნიშნით. ამას პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებას არ დავარქმევდი. კარგად გახსოვთ, როცა 2012 წელს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნები წააგეს თბილისის მერიაში დასუფთავების სამსახურში, დამკრძალავ ბიუროში და მსგავს სამსახურებში შექმნეს სამეთვალყურეო საბჭოები და დასაქმდნენ იქ ყოფილი პარლამენტარები, მათი ცოლები, ოჯახის წევრები, ახლობლები. ჩვენ მყისიერად გავაუქმეთ ეს სტრუქტურები და ამით მნიშვნელოვანი ფული დავზოგეთ. ცალკეული სამსახურები გავამსხვილეთ. ოპტიმიზაციის შედეგად სტრუქტურა უფრო მოქნილი გახდა. საერთო ჯამში, 20 მილიონი დაიზოგა. ეს თანხა სხვადასხვა პროექტებზე მივმართეთ.
– ახლად არჩეულმა მერმა ცვლილებები ამ მიმართულებით უკვე დააანონსა…
– კი, სტრუქტურა კიდევ საჭიროებს რეორგანიზაციას. როცა ახალი გუნდი მოდის, მას აქვს ახალი ხედვა. რეორგანიზაცია საჭირო იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ამით სტრუქტურა კიდევ უფრო მოქნილი გახდება.
– რა მთავარ პრობლემას უტოვებთ თქვენს „მემკვიდრეს“?
– ყველაზე მთავარი მაინც ეს საცობები და პარკირებაა, რაც ძირითადად ავტომანქანების სიმრავლით არის გამოწვეული. თუ 2010 წელს თბილისში საშუალოდ 200 ათასი მანქანა გადაადგილდებოდა, დღეს ყოველდღიურად 400 ათასი გადაადგილდება. ავტომანქანების რიცხვი გაორმაგდა, სივრცე კი ქალაქში ლიმიტირებულია და იგივეა. რაც არ უნდა ახალი გზები ვაშენოთ, ჭკვიანი შუქნიშნები ვამონტაჟოთ, მოვაწესრიგოთ მოძრაობა და ასე შემდეგ, ეს ცალკეულ უბნებს აწესრიგებს, მთლიანად ქალაქს კი ვერ განტვირთავს. მაგალითად, პეკინზე ძალიან კარგი პროექტი გავაკეთეთ და მნიშვნელოვანია, რომ პეკინი და მისი მიმდებარე ტერიტორიები განიტვირთა, მაგრამ გადაივლი პეკინს და ლაგუნა ვერასთან ხვდები საცობში.
მანქანების ტექნიკური დათვალიერება აუცილებელია და გაკეთდება თავის დროზე, ისევე როგორც აშენდება 10 მრავალსართულიანი პარკინგი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და ქალაქის მომავალ ადმინისტრაციას ვუტოვებთ გასაკეთებლად, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
მეორე – ჩვენ მოვამზადეთ განვითარების ახალი გეგმა, რომელიც გაგრძელდება და გენერალური გეგმა ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.
– თქვენს უწყებაში კორუფციის ფაქტებიც დაფიქსირდა და ოპოზიციამ თქვა, რომ ეს სისტემური ხასიათისაა და მერია მთლიანად კორუმპირებულია, აკონტროლებთ სიტუაციას?
– ეს ნამდვილად ცალკეული შემთხვევები იყო. სამი წლის განმავლობაში ათამდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და სამართალდამცველებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება. სისტემური ნამდვილად არ ყოფილა, ცალკეული შემთხვევა აღიკვეთა და ხელი არ დაგვიფარებია არავისთვის. მერიაში 25 ათას კაცზე მეტი მუშაობს და ძნელია, ყველა აკონტროლო. შეიძლება ვინმე ვინმეს ქუჩაში შეხვდეს და გაურიგდეს. აქ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღება, შეიძლება ვინმემ ვინმეს მფარველობა და ხელშეწყობა განიზრახოს, მაგრამ სამართალდაცველები მოქმედებენ.
– ოპოზიციასთან თქვენს ურთიერთობას რომ შევეხოთ, ურთიერთობები დრო და დრო მწვავდებოდა ხოლმე, ყველაფერი მაინც დამოკიდებული იყო იმაზე, საარჩევნო ციკლში ვიყავით თუ არა. ამ არჩევნების დროს, მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მერიის წინ აქცია და მათ თქვენთან შეხვედრა მოითხოვეს, რატომ არ შეხვდით?
– სამარცხვინო ქმედება იყო მათი მხრიდან. მათ დალეწეს თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორია, გაანადგურეს მწვანე საფარი და დალეწეს შშმ პირებისთვის გათვალისწინებული პანდუსი. უნდა რცხვენოდეთ. თუმცა, მათ სინდის-ნამუსი არასოდეს ჰქონდათ და არც ექნებათ და ასეთ ადამიანებთან შეხვედრის სურვილი არც მქონია და არც მომავალში მექნება.
– ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ.
– ფიქრობთ, ვინმემ მითხრა, არ შეხვდეო? მე თავად არ მქონია ამის სურვილი.
ამ კაბინეტში ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღება. თბილისის მერი დღეში, საშუალოდ, 200-ზე მეტ საშუალო და რთულ გადაწყვეტილებას იღებს და ძნელია, 200-ჯერ აიღო ტელეფონი და ვინმესთან შეათანხმო. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღებოდა ყოველთვის, თუ რომელიმე კონკრეტული საკითხი რომელიმე სამინისტროსთან ერთად გავლას არ მოთხოვდა, ან საკრებულოსთან კონსულტაციებს.
– და რაც შეეხება „პანორამა თბილისს“?
– ეს მნიშვნელოვანი პროექტია, ამის სოციალური და ეკონომიკური არგუმენტაცია ბევრჯერ მოვიტანე. 10 წლის შემდეგ ამოვწიოთ ეს ინტერვიუ და ვნახოთ, რომ მართალი ვიყავი. როცა ქალაქის არქიტექტურაში და ისტორიულ ნაწილში რაიმე უხეში ჩარევა არ ხდება, როცა ძალიან ლამაზი სასტუმრო იდგმება, სოლოლაკის ზემოთ კეთდება ძალიან კარგი ბიზნესცენტრი, რომელიც მაღლობის იქით არის და აქეთ მხოლოდ მისი მცირე, ძალიან ლამაზი ნაწილი გამოჩნდება, სამი ათასი ადამიანი დასაქმდება მშენებლობისა და ექსპლუატაციის შემდეგ. თბილისში ჩნდება სივრცე ძალიან მაღალი დონის ათასზე მეტი ადამიანის ერთობლივი ბიზნესშეხვედრებისთვის და კონფერენციებისთვის, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ასეთი პროექტი? ვფიქრობ, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. და ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება.
– წარმატებული პროექტები გასაგებია, მაგრამ რისი გაკეთება ვერ შეძელით და ვერ მოახერხეთ?
– ძალიან გული მწყდება, რომ ახალგაზრდული ცენტრის აშენება ვერ მოვასწარი. პროექტი შექმნილია, ტექნიკური დეტალები გავლილი, ადგილიც გამოყოფილი მაღლივ კორპუსთან, მაგრამ მისი მშენებლობა და აღჭურვა 5 მილიონი ჯდება და ვერ მოვახერხეთ ფინანსური რესურსების მოძიება. იმედი მაქვს, მერიის ახალი ადმინისტრაცია მას დაამთავრებს. ეს სტუდენტებისთვის განკუთვნილი ცენტრია, ევროპული, ისეთი როგორიც მე მინახავს ევროპაში. აქ იქნება ბიბლიოთეკა, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, სტუდენტური კაფე.
– დაბოლოს, სად მიდიხართ? რით დაკავდებით?
– ამას ვნახავთ, გადაწყვეტილებას მივიღებ და ყველა გაიგებს.