ვინ გახდება პატრიარქის მემკვიდრე – ექსპერტები ცვლილებებს ელოდებიან
ვინ გახდება პატრიარქის მემკვიდრე – ექსპერტები ცვლილებებს ელოდებიან – ამ სათაურით „პრაიმტაიმი” სტატიას აქვეყნებს. როგორც კულუარებში ამბობენ, ახლა ყველაფერი პატრიარქზეა დამოკიდებული – იქნება ილია მეორე ქართული ეკლესიის ბოლო კათალიკოს-პატრიარქი თუ სინოდალური მმართველობა შემოვა ეკლესიაში.
ამიტომაც, ზოგიერთი ექსპერტი ელოდება, რომ პატრიარქი მალე თანამოსაყდრეს დაასახელებს. ამ ეტაპზე საუბარია სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოზე ან საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელზე.
ვარაუდობენ, რომ პატრიარქმა ეს ნაბიჯი შეიძლება გადადგას ან „ციანიდის საქმის” დასრულების შემდეგ ან მისი აღსაყდრებიდან 40 წლის შესრულების აღნიშვნიდან რამდენიმე ხანში.
არჩილ გამზარდიას განმარტებით, ასეთი მოლოდინი არსებობს იმიტომ, რომ ეკლესიაში დაპირისპირებული ჯგუფების პირობებში შესაძლოა, პატრიარქი არჩეული ვერც იქნეს და ზოგიერთებმა სინოდალური მმართველობის ლობირება დაიწყონ. ამიტომაც, პატრიარქი თუ თანამოსაყდრეს დანიშნავს, ის გამოკვეთს მემკვიდრეს და მომავალში მის პატრიარქად კურთხევას ასე უზრუნველყოფს.
არჩილ გამზარდია ადასტურებს, რომ კულისებში ამჯერად ორი კანდიდატურა განიხილება – მეტროპოლიტი შიო და მიტროპოლიტი დანიელი.
ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელი დეკემბერში უსრულდება. ელოდებიან, რომ კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის სხდომას მოიწვევს და თანამოსაყდრეს დაასახელებს.
ვარაუდებისა და მოლოდინების მიუხედავად, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არავინ იცის. სინოდის საგანგებო შეკრებაზეც კი ილია მეორე წინააღმდეგი იყო „ციანიდის საქმის” გასაჯაროების. თუმცა, ეს საკითხი დადგა.
არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, სოსო ოხანაშვილი შესაძლოა, სინოდის ყველა წევრზე ფლობს საკმაოდ სერიოზულ კომპრომატებს.
– დიახ, მას ეს კომპრომატები შეგროვებული ექნება ეკლესიაში ყოფნის პერიოდში. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეკლესიაში ფარული მოსმენები და თვალთვალი მიმდინარეობდა. ის, რომ შორენას ოთახში რაღაც კურდღლის ფეხები თუ ქათმის თავი იპოვეს, იმას ნიშნავს, რომ მის სივრცეში იჭრებოდნენ, ასევე, ჩვენ მოვისმინეთ ფარული ჩანაწერიც, სადაც პატრიარქის სინოდის წევრებთან საუბარია ჩაწერილი. ასე რომ, კომპრომატები არსებობს და მომხრე ვარ, რომ ეს ყველაფერი გასაჯაროვდეს და ეკლესიაში წმენდა დაიწყოს.
არ გამორიცხავენ, რომ ოხანაშვილი კომპრომატების გასაჯაროებას არ იჩქარებს. ჯერ პატრიარქის მემკვიდრე გამოკვეთილი არ არის. როგორც კი ვინმე დაწინაურდება, შესაძლოა, კომპრომატების ომიც მაშინვე დაიწყოს. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პატრიარქი ამ საფრთხესაც ითვალისწინებს.