“გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა” – რას ამბობს „გორგიას” მფლობელის ექსმეუღლე და რას – მილიონერზე „ნადირობაში” ბრალდებული”?

„გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა” – რას ამბობს „გორგიას” მფლობელის ექსმეუღლე და რას – მილიონერზე „ნადირობაში” ბრალდებული?- ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია დაკავებულებიდან ორს იცნობდა. დარსალიას ყოფილ მეუღლესთან წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვს – 2013 წელს პროკურატურაში უჩივლა და ქონების ნაწილს სთხოვს. დარსალია ამტკიცებდა, რომ გორგოშაძემ ბიზნესი მისი ფულით დაიწყო, განქორწინების შემდეგ კი წილი არ მისცა.
„ჩვენთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულები გატაცების გეგმას ამუშავებენ, ახსენებენ სახელებს: ნინო და ლალი… ისიც შევიტყვეთ, რომ გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის გატაცება ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. თუმცა, როგორც „კვირის პალიტრისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებისთანავე პოლიციას ჩვენება მისცა და უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატი დაენიშნა, გამოიყენა დუმილის უფლება. გამოცემის ინფორმაციითვე, ბრალდებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით, მათ ბიზნესმენის გატაცება შეუკვეთეს. მისი ჩვენებიდან ისიც გაირკვა, რომ ოთხეული შემკვეთის „გადაგდებას“ – მხოლოდ 500 000-ის მიცემას და ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. გამოცემა ჩვენებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს.
„გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა, ფული უნდოდა. გვითხრა, რომ გორგოშაძემ ჩემი ფულებით დაიწყო ბიზნესი და მერე გადამაგდო, ვუჩივლე და საქმე მიდისო”, – ირკვევა ჩვენებიდან.
12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა – სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას” მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს, გამოსასყიდის სახით, ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები