არასრულწლოვან ბავშვებზე მასწავლებლის ქმარი ძალადობდა?!

ეს სკანდალური ამბავი თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა, თუმცა საქმის დელიკატურობიდან და არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, გაზეთი „პრაიმტაიმი“ ამ ისტორიის ფიგურანტებსა და დანაშაულის ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს.
ოჯახებს ურჩევნიათ, მომხდარი არ გაახმაურონ, ან თავად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ინახავენ მას საიდუმლოდ.
აღნიშნული ამბავი გამონაკლისია, რადგან დაზარალებულმა არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას დეტალურად უამბო, მშობელმა კი საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთო.
როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა უამბო, დაზარალებული გოგონა შვიდი წლის არის. ვინაიდან ის პირველი კლასის მოსწავლეა, მშობლებმა სასწავლო პროგრამის უკეთ ათვისების მიზნით რეპეტიტორს მიაბარეს. ამ მიზნით კი მათ მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალი შეარჩიეს, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სახლში ამეცადინებდა.
„რამდენიმე დღეში ბავშვი შეშინებული მივიდა დედასთან და ყველაფერი უამბო. არ მინდა დაკონკრეტება, მაგრამ ბავშვი ჰყვება, როგორ ეხებოდა ეს მანიაკი და თავად ბავშვსაც როგორ სთხოვდა იგივეს გაკეთებას. ძალიან შეგნებული ოჯახია და სწორადაც მოიქცნენ, რომ პოლიცია გამოიძახეს. დაიწყო გამოძიება, ბავშვი მშობლის თანდასწრებით დაკითხეს და ის ყველაფერს მოჰყვა. ღმერთმა გადმოგვხედა, რომ უფრო შორს არ შეტოპა იმ არაკაცმა. ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გაუპატიურების ფაქტი, საბედნიეროდ, არ დადასტურდა. ოჯახმა ძალიან დიდი შოკი მიიღო, ბავშვიც რა მდგომარეობაში იყო, ხომ წარმოგიდგენიათ?!“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, გამოძიება სხვა ფაქტების გამოკვეთასაც აქტიურად ცდილობს, ვინაიდან შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც გამოიკვეთონ.
„ეს რეპეტიტორი ახალგაზრდა გოგოა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, მისი ქმარი რას სჩადიოდა. თავადაც შოკში იყო გოგო. გამომძიებლებმა დაკითხეს. ის სხვა ბავშვებსაც ამზადებდა დაწყებით საგნებში. როდესაც ეს ბავშვი მათთან სახლში მიდიოდა და მასწავლებელს სხვა მოსწავლე ჰყავდა, ბავშვი სხვა ოთახში ელოდებოდა მას და როგორც ჰყვება, სწორედ ამ დროს ხდებოდა ეს ყველაფერი. 25 წლამდე ბიჭია თვითონაც, არ ვიცი, რა ავადმყოფობა სჭირს ასეთი. როგორც გვითხრეს, გამოძიება სხვა შემთხვევებსაც იკვლევს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ იგივეს სხვა ბავშვების მიმართაც აკეთებდა. გავიგეთ, რომ რამდენიმე ბავშვის მშობელი უკვე დაკითხეს კიდეც“.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულის სახით ახალგაზრდა მამაკაცი 21 სექტემბერს დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ საქმეში სხვა დაზარალებულებიც გამოიკვეთებიან, დიდი ალბათობით, დაკავებულს ბრალი დაუმძიმდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არსებული კანონმდებლობით, შესაძლოა, ის მხოლოდ ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლონ”, – წერს “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები