„მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: „გვეჯახება”, „გვხოცავს”, „ არ დაგვინდობს”! – რას ჰყვებიან პოლიციელები, რომლებიც დეპუტატის ვაჟის BMW-ს მისდევდნენ?
გაზეთი „კვირის პალიტრა“ 17 მაისს, გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის საქმეზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებიდან ამონარიდებსაც აცნობს.
ბრალდებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ მათი მოქმედება უკანონო არ ყოფილა და მათი სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. ამ მოთხოვნას გორის რაიონულ სასამართლოში ისინი სასამართლო პროცესზე დააყენებენ.
საქმის მასალების მიხედვით, დეპუტატის ვაჟი ბექა ხახუბია BMW X5-ის მარკის ავტომანქანით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პირველად დაახლოებით დილის 03:00 საათზე ჩნდება.
პატრულ–ინსპექტორ გ. ჟ.-ის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
“საჭესთან მე ვიჯექი. გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გაჩერებული ვიყავით, როდესაც უკანა ხედვის სარკეში დავინახე, მეორე სწრაფ ზოლში დიდი სიჩქარით მომავალი შავი „ჯიპი“, რომლის მოდელი თავიდან ვერ გავარჩიე. როდესაც მოგვიახლოვდა, ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 100 მეტრში ის გადმოვიდა სავალი გზის მეორე სწრაფი ზოლიდან და სვლა ჩვენი მანქანის მიმართულებით დაიწყო. ამ დროს ხმამაღლა დავიყვირე: რას აკეთებს, მე მგონი, გვეჯახება-მეთქი და ინსტინქტურად მთელი ტანით მეწყვილისკენ გადავიწიე. როცა სარკეში ჩავიხედე, დავინახე, რომ შავი „ჯიპი“ წამებში მოუახლოვდა ჩვენი მანქანის უკანა მხარეს, მძღოლმა საჭე აიღო და რამდენიმე სანტიმეტრით სწრაფად ჩაგვიარა. ამავე დროს მან გაბმულად დაასიგნალა”.
პირველივე საპატრულო ეკიპაჟის ჩვენებიდან ვიგებთ, რომ ისინი ერთადერთი იყვნენ, რომლებმაც ბექა ხახუბიას მანქანა გაჩერებული ნახეს. პატრულ–ინსპექტორ გ. ჟ.-ის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 68-ე კილომეტრზე შევამჩნიე გაჩერებული შავი „ჯიპი“. მეწყვილემაც მითხრა,- „გააჩერე, ეს არისო. მანქანა გავაჩერე ჯიპის უკან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. გაჩერებისთანავე გადავედი ავტომანქანიდან, ჩავრთე ჩემი სამხრე ვიდეორეგისტრატორი და მივედი BMW X5-ის მარკის ავტომანქანასთან. მანქანა დაქოქილი იყო, მძღოლს ფანჯრები აწეული ჰქონდა და ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. მოვკიდე კარის სახელურს ხელი, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. ამის შემდეგ შუშაზე დავუკაკუნე მძღოლს, დაკაკუნებაზე მძღოლმა ირონიული ღიმილით გამომხედა. ხელები ფეხებზე ჰქონდა დაწყობილი. დაკაკუნების შემდეგ მარჯვენა ხელი საჭეს მოჰკიდა, მარცხენა ხელის შუათითი მაჩვენა, დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა ადგილიდან და წავიდა“.
ამის შემდეგ დევნის ოპერაციაში ერთვებიან იმჟამინდელი ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი, რომელიც საქმეში ბრალდებულია, და მისი მეწყვილე. როდესაც ხაბელაშვილმა ავტომანქანა დაინახა, მისთვის მოძრაობის შეზღუდვა სცადა.
როგორც ჩვენაბში ამბობს, BMW X5-ისთვის მოძრაობის შეზღუდვის მიზნით, რომელიც კვლავ დაახლოებით 200კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა,მარცხენა ჩქაროსნული ზოლიდან ნელ-ნელა მარჯვენაში გადასვლა დაიწყო.
ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
„ზოლში თითქმის მთლიანად გადასული ვიყავი, როდესაც ავტომანქანის მარჯვენა მხრიდან ახორციელებდა გასწრებას და საჭე მყისიერად მარცხნივ რომ არ ამეღო ჩემი მეწყვილე დაზიანდებოდა“
ამის შემდეგ ათმეთაური ავტომანქანას დაკავებაზე გადასცემს და ასევე მიმართავს მომდევნო საპატრულო ეკიპაჟს, რომ მისი დევნა გააგრძელონ. დასავლეთის მიმართულებით გორის გვირაბის გამოსასვლელში დევნაში ერთვება კიდევ ერთი ეკიპაჟი, რომელმაც დამრღვევი მძღოლის შეჩერება, ასევე გზის შეზღუდვით სცადა.
პატრულ–ინპექტორ გ.ს.-ის ჩვენებიდან(სტილი დაცულია):
„იმ დროისთვის საავტომობილო გზის მარჯვენა ზოლში სატვირთო მოძრაობდა. მე გადავედი მარცხენა, ანუ ჩქაროსნულ ზოლში. ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ BMW X5-ის მძღოლს მოძრაობა არ შეენელებინა და დამჯახებოდა, საჭეს მჭიდროდ ჩავკიდე ხელი. BMW-ს მოძრაობა არ შეუნელებია, თითქმის მთლიანად გადავიდა სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს საავარიო სიტუაცია შეუქმნა და გზა გააგრძელა“.
ამის შემდეგ მოვლენები სოფელ აგარებთან ვითარდება. BMW X5-ის მძღოლს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟმა წრიულ მოძრაობაზე გზა შეუზღუდა და მისი გაჩერება სცადა. თუმცა, BMW X5-ის მძღოლი პოლიციის არც ამ მოთხოვნას დაემორჩილა და პოლიციის კორდონი გაარღვია.
ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებიდან(სტილი დაცულია)
„გზაზე გაჩერებულები იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები, თავად კი გადმოსულები იყვნენ მანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის წინ იდგნენ და ხელით ანიშნებდნენ BMW X5-ის მძღოლს, რომ გაეჩერებინა მანქანა. მძღოლი ისევ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, პირდაპირ პატრულების მიმართულებით წავიდა და თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ, ფაქტობრივად, დაეჯახებოდა მათ. რაციაზე მესმოდეა თანამშრომლების შეძახილები: „გვეჯახება“, „გვხოცავს“, „მოერიდეთ, არ დაგვინდობს“. სიტუაცია უმართავი იყო.
პოლიციის ერთ-ერთი ბოლო წინაღობის გავლის შემდეგ BMW X5-ის მძღოლი ავტომანქანას აბრუნებს და თბილისის მიმართულებით მიდის. ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილის დავალებით, გორის გვირაბთან პატრულ-ინსპექტორებს, ზურაბ რუსიშვილსა და გია სადაღაშვილს, BMW X5-ისთვის მოძრაობა უნდა შეეზღუდათ.
პატრულ–ინსპექტორ ზურაბ რუსიშვილის ჩვენებიდან (სტილი დაცულია)
„ხაბელაშვილმა გვითხრა, ავსულიყავით გვირაბთან, ტრაილერებთან და სატვირთო ავტომანქანით გადაკეტეთ გზაო, რაც მე და გია სადაღაშვილმა ისე გავიგეთ, რომ ტრაილერით უნდა გადაგვეკეტა საავტომობილო გზის ორი სავალი ზოლი. ადგილზე მისვლამდე მობილური ტელეფონით დავურეკე ნუკრი ხაბელაშვილს, რადგან მინდოდა, მას მითითება დაეზუსტებინა. ათმეთაურმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ სატვირთო ავტომანქანით უნდა გადაგვეკეტა საავტომობილო გზა“.
რუსიშვილის ჩვენების თანახმად, მან რაციითაც გადასცა ორჯერ, რომ აპირებდა გზის გადაკეტვას, რაზეც მეორე გაფრთხილების შემდეგ გასცეს პასუხი -„გავიგე“.
თავის მხრივ, ხაბელაშვილი რუსიშვილთან სატელეფონო საუბრის სხვა შინაარსს აღწერს ჩვენებაში. როგორც ყოფილი ათმეთაური ამბობს, რაციაში სრული ქაოსი იყო და ამის გამო, მას ტელეფონზე დაუკავშირდა ზურაბ რუსიშვილი, რომელმაც უთხრა, რომ გზას ვერ ზღუდავდნენ, რადგან ტრაილერები იყვნენ გაჩერებულები და მძღოლებს ვერ პოულობდნენ.
ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებიდა(სტილი დაცულია)
„კაი, დაანებეთ თავი-მეთქი, – სიტყვასიტყვით ასე ვუთხარი. რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული, როდესაც ზურაბ რუსიშვილმა რაციით დაიძახა, რომ გზა შეზღუდეს. ამ დროს კი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსმა ორჯერ დაიძახა რაციაში, მცხეთა გაფრთხილებულია, გაატარეთ. ეს იმდენად სწრაფად მოხდა,რომ ზურაბ რუსიშვილმა და გია სადაღაშვილმა მოძრაობის შეზღუდვის მიზნით, გაჩერებული სატვირთო მანქანის სავალი ზოლებიდან გადაყვანა ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ რაციაში გავიგონე გია სადაღაშვილის ხმა, შეჯახება მოხდა და ყველა სამსახური გამოვიდესო. დაახლოებით 5 წუთში ადგილზე მივედი. ვნახე, რომ BMW X5 ჯერ შეჯახებული იყო მარჯვნა სარეზერვო ზოლში მდგარ ევაკუატორს, რის შემდეგაც ის შეეჯახა საავტომობილო გაზეზე ოდნავ ცერად მდგომ სატვირთო ავტომანქანას“
როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ყოფილი ათმეთაურის ჩვენებით, გზის შეზღუდვის მიუხედავად BMW X5-ის მძღოლს გზაზე გავლა თავისუფლად შეეძლო, ვინაიდან მარჯვენა მხარეს დაახლოებით სამმეტრ-ნახევარი სიგანის გზა იყო დარჩენილი. საქმის მასალებიდან და პატრულების ჩვენებებიდანაც ირკვევა, რომ როგორც გორის გვირაბი, ასევე მაგისტრალიც განათებული იყო და მძღოლს გზაზე არსებული შეზღუდვა უნდა დაენახა.
გამოცემის ცნობითვე, გარდა პატრულების ჩვენებებისა, საქმეში დევს ვიდეომასალები, რომლებიც პატრულების სამხრე ვიდეორეგისტრატორებითაა გადაღებული. აღნიშნულ მასალებში საკმაოდ საინტერესო დეტალები იკვეთება. კერძოდ, ავარიის შემდეგ შემთხვევით ადგილზე მალევე მიდიან გარდაცვლილი ბექა ხახუბიას ახლობლები.
„ერთ-ერთი პირი პოლიციელებს უყვება, რომ ავტომაგისტრალზე მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ხახუბია პოლიციას თბილისში დაუკავებია, ხელბორკილები დაუდია და განყოფილებაშიც გადაუყვანია, თუმცა ის მალევე თავისუფალი იყო. დაკავების მიზეზი პოლიციასთან შელაპარაკება გახდა. ასევე ირკვევა, რომ თბილისში ამავე მანქანით გადაადგილებისას მისი მეუღლე 200 ლარით დააჯარიმეს, რამაც როგორც ჩანს, ბექა ხახუბია გააღიზიანა.
საინტერესოა ასევე ის დეტალიც, რომ ავარიის საქმეში ბექა ხახუბიას დედაქალაქში დაკავების თაობაზე არავითარი დოკუმენტი არ დევს. გარდა ერთისა -პროკურატურის მიერ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბექ ხახუბია დაკავებული არ ყოფილა“, – წერს გამოცემა.