უფლებადამცველი პრემიერს მიმართავს – კონტროლზე აიყვანეთ, ყველა ის თურქული ბიზნესი, რაშიც ჩართულები არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები
„კონტროლზე აიყვანეთ ყველა ის ბიზნესი, გარიგება, წინადადება თუ პროექტი, რომელიც თურქეთიდან მოდის და რაშიც დღემდე ჩართულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები “, – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
როგორც თამაზ ბაკურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, აჭარის ყოფილმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ხელვაჩაურში თურქ ბიზნესმენს 15-16 ჰექტარი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. მისივე თქმით, ხელვაჩაურში მოქმედი ავეჯის საამქრო, რომლის მეპატრონეც თურქი ბიზნესმენია, 70 ქართველი სამსახურიდან დაითხოვა. უფლებადამცველის ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენი ავეჯის საამქროში დასაქმებულ ქართველებს 600 ლარს იხდის, ხოლო თურქებს 2500 ლარს. სწორედ, ამ ინფორმაციების საფუძველზე მიმართავს თამაზ ბაკურიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
„სამწუხაროდ, დღესაც იმ პოლიტიკურ ძალას უკრავენ ტაშს, რომელმაც აჭარა, ფაქტობრივად, თურქეთს ეკონომიკურად აჩუქა. დიახ, ლევან ვარშალომისძის პოლიტიკის წყალობით, დღეს აჭარაში ინვესტიციების 80 პროცენტი თურქეთისაა და 20 ათასამდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. ხვალ ან ზეგ ეს 20 ათასი კაცი თურქეთის ხელისუფლებამ პოლიტიკურ იარაღად რომ აქციოს, აჭარის უმაღლესი საბჭოში პროთურქული ძალა მოვიდეს და ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადონ – თურქეთთან შეერთება გვინდაო, მერე სად მივდივართ?! ხელვაჩაურში, სადაც ადრე ციტრუსების ქარხანა „ნარინჯი“ იყო, დღეს ავეჯის საამქროა. დაახლოებით ერთი წლის წინათ, ქარხნიდან ერთბაშად 70 ადამიანი დაითხოვეს. თურმე თურქი მეპატრონისთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ. როდესაც მათი უფლებების დასაცავად ადგილზე მივედი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა – შეხედე, რამხელა ტერიტორია უკავიათ, ქარხნისთვის 1 ჰექტარიც კი საკმარისია, მათ კი, დანარჩენი 15-16 ჰექტარი მაინც იყიდესო. აღმოჩნდა, რომ თურქი მეპატრონე ლევან ვარშალომიძესთან დაახლოებული პირი ყოფილა და უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაუცია. თურქების მიერ გახსნილ ფაბრიკებში ქართველებს 600 ლარი აქვთ ხელფასი მაშინ, როდესაც თავიანთ მოქალაქეებს 2500 ლარზე მეტს უხდიან. მრავალმილიონიანი მოგება აჭარის ბიუჯეტში კი არა თურქი ბიზნესმენის ჯიბეში და მათ ბიუჯეტში მიდის. გეკითხებით, ეს დახმარებაა თუ მონობა და დაცინვა?! იმდენად განაგლდნენ, რომ ამასწინათ ბათუმის ცენტრში ყველა ბოძზე თურქეთის სახელმწიფო დროშა ჩამოჰკიდეს“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.