„დადასტურებულია, რომ მერაბიშვილის არავითარ გაყვანა-გატაცებას ადგილი არ ჰქონია“
სოზარ სუბარის სამინისტრომ გაავრცელა მოკვლევის შედეგები და დადასტურებულია, რომ მერაბიშვილის არავითარ გაყვანა-გატაცებას ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, გააკეთა. მისივე განცხადებით, თუკი ევროსაბჭოს წარმომადგენლებს აქვთ რაიმე კითხვები მერაბიშვილთან დაკავშირებით, მთავრობას მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ დროს შეუძლია.
„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ათასი პრობლემაა კომუნიკაციის. ეტყობა, ვისთანაც ჰქონდათ საუბარი ევროსაბჭოს წევრებს, მათგან სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღეს, მაგრამ ამის დაზუსტება და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია.
სოზარ სუბარის სამინისტრომ მერაბიშვილთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები გაავრცელა. იქ დადასტურებულია, რომ არავითარ გაყვანა-გატაცებას, როგორც ისინი თავიანთ ფანტაზიებში ყვებოდნენ, ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის წევრების განცხადებით, მათ ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს.