„გურამ თიკანაძის სიკვდილი რომ გაიგო, დიდი ხნის განმავლობაში გაოგნებული იჯდა და ცრემლები ჩამოსდიოდა“…

პროფესიით ექიმი თერაპევტია… ფარმაცევტების ოჯახში გაიზარდა. მერე სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა გამოცდები. ერთხანს წყალტუბოში მუშაობდა ექიმად, 1958 წელს კი თბილისში გადმოვიდა და მწერალთა კავშირის პოლიკლინიკაში განაგრძო საქმიანობა. ამბობს, რომ ეს ბედისწერა იყო, აქ მან ცხოვრების თანამგზავრი გაიცნო და მერე 12 წელიწადი ერთად ცხოვრობდნენ. ეს ადამიანი იყო დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული,  ლევან გოთუა. – ციცო ალხაზიშვილის პერსონა.

– როგორ გაიცანით ლევან გოთუა, ეს ურთიერთობა მალე ქორწინებით დასრულდა…
– პროფესიით ექიმი თერაპევტი ვარ. მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა პოლიკლინიკაში ვმუშაობდი, რომელიც მწერალთა სახლის ქვედა სართულზე მდებარეობდა. ზოგჯერ ჩვენც ვესწრებოდით საღამოებს. ძალიან ახლოს ვიყავი ბატონ გოგლა ლეონიძესთან. უზომოდ მიყვარდა ბატონი გერონტი ქიქოძე, ხშირად იქ რომ დაამთავრებდნენ კამათს, მერე ჩვენთან შემოდიოდნენ, პოლიკლინიკა ლიტერატურულ სალონს მოჰგავდა… და იქ გრძელდებოდა საუბრები. მოდიოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, დემნა შენგელაია, ანდრო ლომიძე, მამია ასათიანი, რევაზ ინანიშვილი… ზოგჯერ – გალაკტიონიც.
მე ვერც გავბედავდი, რომ ამხელა პიროვნებაზე სხვანაირად მეფიქრა… მერე მწერლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა დავქორწინებულიყავით… ერთხელაც, დემნა შენგელაიამ გამომიცხადა – ლევანს უნდა წაჰყვე ცოლადო… კი, მაგრამ მე არ მეკითხებით-მეთქი და ქალს ვინ ეკითხებაო, ხუმრობით მიპასუხა… ასე თანდათანობით ჩაისახა ეს ურთიერთობა…
მე, როგორც მწერალი, ისე მიყვარდა. სულ მის წიგნებს ვკითხულობდი… ისეთი მოწიწება მქონდა ლევანისადმი, რომ შევუღლდით, ერთხანს თქვენობით ველაპარაკებოდი… იცინოდა, ვეღარ შემეჩვიეო?
მერე ორი კვირის განმავლობაში სამოგზაუროდ ვიყავით აფხაზეთში და იქიდან დაბრუნებისთანავე  დავსახლდით არმაზში, ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული აგარაკის აშენების პროცესი…
– აფხაზეთში რა დაგამახსოვრდათ?
– სოხუმში ვცხოვრობდით. გვმასპინძლობდა მთამსვლელ ატე ნემსიწვერიძის სიმამრი, ეპისკოპოსი. ატე ნემსიწვერიძე ლევანის მეგობარი იყო. მთელი ტაძრები შემომატარა ლევანმა: ეშერა, ახალი ათონი, ბიჭვინთა… ტაძარს გვერდით ისე არ ჩაუვლიდა, რომ არ ენახა… ასეთი სიყვარული სამშობლოსი იშვიათად მინახავს… მერე დავსახლდით არმაზში და სამსახურში იქიდან დავდიოდი.
– არმაზის აგარაკს ლევანი თავად აშენებდა?
– თბილისში მაშინ ჯერ სახლი არ გვქონდა და არმაზში დაიწყო სახლის აშენება, თან „გმირთა ვარამის“ მეოთხე წიგნზე მუშაობდა.
ეს აგარაკი ცალ მხარეს ორსართულიანი იყო და გემს უფრო ჰგავდა. ლევანმა მეორე სართულზე ძალიან დიდი სამუშაო ოთახი გაიკეთა და იქ საბეჭდ მანქანაზე თავის ნაწარმოებებს ბეჭდავდა…
„გმირთა ვარამს“ რომ წერდა, ცრემლები ჩამოსდიოდა – ბემურზოლა მოვკალი, ზაზა კახნიაური ორმოში ჩამივარდა და ვეღარ ამომყავსო…
– არმაზი უყვარდა ლევან გოთუას და გულდასაწყვეტია, რომ ის ბინა თქვენი აღარ არის…
– გული დამწყდა კი არა, განადგურებული ვარ. ცხოვრებამ ისე მოიტანა, ვეღარ შევინახეთ ის სახლი. ბრტყელი გადახურვა იყო, წყალი გაუშვა და დროდადრო გამოცვლა უნდოდა. ერთხანობას ჩემმა დისშვილმა გამიკეთა სახურავი, მერე უკვე დაძველდა, ვერ მოვუარეთ, საშუალება არ გვქონდა.
– თქვენი ოჯახი, მშობლები… სად დაიბადეთ?
– თბილისში დავიბადე. ვაკეში ვცხოვრობდით… მამამ ხარკოვში დაამთავრა ფარმაცევტული, დედაც ფარმაცევტი იყო. გურჯაანში ჰქონდა კერძი აფთიაქი. მერე ჩამოართვეს…
– მშობლებს მწერლობა უყვარდათ?
– ძალიან, მამაჩემი იმდენად იყო შეპყრობილი, რომ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერა თუ გახსოვთ, იმდაგვარად აწერდა თავის გვარს…
–  რომ გათხოვდით, მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს ამ ნაბიჯს?
– დედა მყავდა ცოცხალი, მამა ომის დასაწყისში, 1942 წლის იანვარში გარდამეცვალა…
ცოტა გვიან გავთხოვდი და რაკი გადავწყვიტე, დედაჩემს გაუხარდა.
თავიდანვე ასეთი ამოჩემება მქონდა, ხომ იცით ახალგაზრდების ფანტაზიები… ჩვეულებრივი გათხოვება არ მინდა-მეთქი, ვამბობდი.  თუ შვილს მივცემ მნიშვნელოვან ადამიანს, ამ ნაბიჯს გადავდგამ-მეთქი… და, მართლაც, ამიხდა  ეს სიტყვები.
სამედიცინო რომ დავამთავრე, წყალტუბოში გამაგზავნეს ექიმად,  კარგა ხანს ვმუშაობდი იქ და მერე, თითქოს ბედისწერააო, გადმოვედი თბილისში და დავიწყე მწერალთა პოლიკლინიკაში მუშაობა.
– რამდენი წელი იყო განსხვავება ლევანს და თქვენ შორის?
– 22 წელი. 12 წელი ვიყავით ერთად. ყველგან დავყვებოდი ლევანს, სადაც მიდიოდა მწერლებთან ერთად. ექიმი ვიყავი და მწერლებთან ახლოს ვიყავი.
ლევან გოთუა სამ გადასახლებამოვლილი დაბრუნდა სამშობლოში…  და მაინც კარგია, რომ გადადგა ეს ნაბიჯი და დაქორწინდა…
–  მწერლები ეუბნებოდნენ, რომ დაოჯახებულიყო… უამრავი ლამაზი ქალი გამოთქვამდა ლევანის ცოლობის სურვილს… მე რომ წავყევი, მერე წერილების კორიანტელი დადგა, ისეთ რამეებს იწერებოდნენ მავანნი, ერთი სურათიც კი გამოაგზავნეს კონვერტით, Неравный брак ჰქვია ნახატს, რომელზეც ახალგაზრდა ცოლი და ხანშიშესული ქმარია გამოსახული… ასეთია ხანდახან ჩვენი ხალხი…
– ჯანმრთელობის მხრივ რა აწუხებდა ლევან გოთუას…
– შაქარი ჰქონდა, დიაბეტის მსუბუქი ფორმა, გულიც აწუხებდა… მაგრამ იმდენად ოპტიმისტი იყო და სურდა სამშობლოში დაბრუნება, სხვასაც ამხნევებდა და თავის თავსაც იმხნევებდა. რომ შევკრიბოთ სამივე გადასახლების წლები, 22 წელი იყო გადასახლებაში. ბოლოს, თითქმის 10 წელი იმყოფებოდა ვორკუტაში და 1955 წელს ჩამოვიდა.
– შვილი –  ლელა რომ დაიბადა, რა განცდა ჰქონდა?
– უხაროდა, სულ მუხლებზე ეჯდა და დიაბეტი რომ ჰქონდა, წიწიბურას ვუკეთებდი დილაობით, ერთად საუზმობდნენ… ძალიან უხაროდა, როცა ვინმეს გააცნობდა, ეს ჩემი ნაგვიანევი შვილიაო, სიხარულით ეუბნებოდა…
იმდენად მიყვარდა ლევანის „ყინწვისის ანგელოზი“, რომ ლელა დავარქვი.
– ლევან გოთუას მძიმე ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს, ჯაშუშები ჰყავდა მიჩენილი… თუ უთქვამს ამ ჯაშუშებზე, ვინ იყვნენ?
– არ მახსოვს და, სხვათა შორის, არც იცოდა თქმა. ვინ „ჩაუშვა“, არ უთქვამს… ყველგან „ჩამშვებია“, შესანიშნავი, ბრწყინვალე ერია ჩვენი მშვენიერი ერი ამდენი გმირი ჰყავს და მოღალატაობა მაინც თან გვდევს…
– მისი რომელი ნაწარმოებები გიყვართ?
– „ყინწვისის ანგელოზი“, „უგზო ქარავანი“.. „მითრიდატე“ მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ჩემს ხელში დაიწერა. „მითრიდატეზე“ რომ მუშაობდა, ყირიმში სამოგზაუროდ წავედით, რომ ენახა ის ადგილები, სადაც ბრძოლები გაიმართა… მასალას აგროვებდა, მე და თამარ გოთუა ერთად ვიყავით. იქიდან ხერსონში წავედით. სადაც ფეხი დაადგა მითრიდატემ, ყველაფერი შეისწავლა.
ეს ჩვენი სამყაროაო, – ამბობდა. მეგრელები, ჭანები, თუბალები, ქართული სამყაროაო, მითრიდატეში ეს ყველაფერი აღწერილია… ვეხუმრებოდი, ბატალური სცენები ისე გაქვს აღწერილი, ფლობერს ჯობიხარ, იმაზე უკეთესად გიწერია-მეთქი და უხაროდა…
სამოგზაუროდ ვიყავით მწერლებთან ერთად გემით ბულგარეთსა და რუმინეთში. მურმან ლებანიძე, ოთარ ჭელიძე… იყვნენ… იქ, გემზე კონცერტი გაიმართა.  ყველა ლექსს ამბობდა. ლევანმა „მითრიდატეს“ დასასრული ისე ლამაზად გადმოსცა, რომ ვნანობ, როგორ არ ჩავიწერე. მაგრამ რა ვიცოდი, რომ მეორე წიგნს ვეღარ დაასრულებდა.
ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული.
სხვათა შორის, ბატონმა სერგო ზაქარიაძემ სთხოვა, „გმირთა ვარამი“ გააკეთე პიესად, რომ ვითამაშოო. ასეთი ჩანაფიქრი იყო, რომ ორ წარმოდგენად უნდა დადგმულიყო. ლევანმა დაიწყო ამ პიესების გაკეთება. რუსთაველის თეატრში სპექტაკლი უნდა დაედგათ და რატომღაც აღარ დაიდგა…
მერე პიესა „შოთა რუსთაველი“ დაწერა, სარგის ცაიშვილის შესანიშნავი რეცენზია ახლდა  და ეს პიესაც არ დაიდგა… ლევანის სიკვდილის შემდეგ, არჩილ ჩხარტიშვილმა  „გმირთა ვარამი“ გააკეთა და მარჯანიშვილის სცენაზე დაიდგა… საინტერესო სპექტაკლი იყო. ალექსანდრეს როლს თენგიზ არჩვაძე თამაშობდა.
კაკო ბაქრაძე რომ იყო რუსთაველის თეატრში, მაშინ მივიტანე ლევანის პიესა „ჩაძირული სოფელი“. ძალიან სიმპათიით იყო ლევანის შემოქმედების მიმართ განწყობილი… მისი წინასიტყვაობა აქვს „გმირთა ვარამის“ პირველი გამოცემის ტომეულებს. მაგრამ თქვა, რომ ეს უკვე დრომოჭმულიაო. არადა, განა ახლაც არ იძირება სოფლები ჰესების აშენების გამო?..
 როგორ მუშაობდა ლევან გოთუა?
პრეტენზიული არ იყო, ყველაფერს გამოთიშული თბილისში, თავის კაბინეტში იჯდა ხოლმე, უყვარდა, რომ  მის გვერდზე ვმჯდარიყავი და ხშირად მეძახდა ხოლმე. იქაც, არმაზში, ცალკე ოთახი ჰქონდა და მანქანაზე ბეჭდავდა ტექსტს. მეც ვისწავლე მერე მანქანაზე ბეჭდვა და ვითომ სიმბოლურად ვეხმარებოდი.
მუშაობის დროს ჩაი უყვარდა და განსაკუთრებით – ხილი… ყველანაირი ხილი უყვარდა, მაგრამ ვაშლი განსაკუთრებით, რადგან დიაბეტი ჰქონდა.
– გარდაცვალების წუთები…
– სისხლი ჩაექცა და ვეღარ ვუშველეთ… გვერდზე ვეჯექი. მეტყველება წართმეული ჰქონდა… ხელს მომიჭერდა ხოლმე, ეტყობა მაინც მცნობდა.
– ლევან გოთუას მეგობრები…
– იძახდა, უთაობო ადამიანი ვარო, მაგის თაობის ხალხი აღარ იყო, ახალგაზრდებთან და დანარჩენ მწერლებთან ჩვეულებრივად მეგობრობდა. ქუჩაში ბატონი კონსტანტინე რომ შემხვდებოდა ხოლმე, რას შვრება შენი მეუღლეო, თვითონ რომ ვეღარ წერდა ასაკის გამო, მე ვეუბნებოდი, წერს, წერს-მეთქი…
უდიდესი მეგობრობა ჰქონდა ვანიკო ჯაფარიძის დიდ ოჯახთან, დიდ მთამსვლელებთან, ალექსანდრასთან, ალიოშასთან. ალიოშა ჯაფარიძის დაღუპვის მერე ლევანიც მონაწილეობდა მის ძებნაში. ქალბატონი ალექსანდრა მახსოვს, ჩვენთანაც მოდიოდა. შესანიშნავი ქალბატონი იყო და მიკვირდა, ტანად მოსული და ჩასხმული არ იყო, ასეთი კაფანდარა როგორ დადიოდა მთაში.
ახლაც ლევანის უკვდავსაყოფად თუ რამე ტარდება, ვანიკო არის სულისჩამდგმელი და დიდი მადლობელი ვარ მისი.
ასევე მეგობრობდა ჯუმბერ ჯიშკარიანთან, ახლახან მისი შესანიშნავი წიგნი გამოვიდა ლევან გოთუაზე: „შურსა და ცილზე ამაღლებული“. ბატონ ჯუმბერს გოთუოლოგს ვეძახით.
– ლევან გოთუას უმცროსი მეგობარი იყო გურამ თიკანაძე, არაერთხელ დაულაშქრავთ მწვერვალები და გამოქვაბულები… გურამი არმაზს ხშირად სტუმრობდა… რა გახსოვთ ურთიერთობიდან?
– გურამი 1963 წელს გარდაიცვალა. ჩვენ 1960 წელს მოვაწერეთ ხელი და არმაზში ვცხოვრობდით… იმ ორი წლის განმავლობაში გურამ თიკანაძე ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან. უახლოესი მეგობარი იყო. მანამდეც ერთად იყვნენ. მყინვარწვერი დაიპყრეს, იყვნენ ქციის ხეობაში, ქობთავის გამოქვაბულში ლეონტი მროველის ხელნაწერიც ნახეს…
1957 წელს ბეთლემის ჯაჭვს პირველად გურამმა მოჰკიდა ხელი…
მახსოვს, მიყვებოდნენ, სალი კლდე იყო და პირველი გურამი მიდიოდა ყოველთვის, ასევე მყინვარწვერი რომ დაიპყრეს, საშინელ ქარბუქში პირველი გურამი მიუძღოდა ექსპედიციას. მერე ლევანმა ისიც გამიმხილა, შხარა ძალიან ვერაგი მწვერვალია  და გურამმა დამიმალა, რომ ამ მწვერვალზე უნდა ასულიყოო. ლევანმა არ იცოდა, ისე წავიდა მის დასაპყრობად გურამი… დაუმალა გურამმა, მე ასე ვიცი მონაყოლიდან. ეს ყველაფერი კარგად მახსოვს.
– რატომ დაუმალა? ალბათ ეტყოდა, რომ არ წახვიდეო…
– დიახ, ეტყოდა, რომ არ წახვიდეო და მაგიტომ…
– როგორი იყო პირველი რეაქცია, გურამის სიკვდილი რომ გაიგო…
– როგორ არ მახსოვს, გაოგნებული იჯდა დიდი ხნის განმავლობაში და ცრემლები ჩამოსდიოდა. მეც იმდენად განვიცადე, რომ დასაფლავებაზე ვერ წავედი. ლევანმა მიუსაჯა თავს და მაინც დაესწრო ამ დასაფლავებას.
– არმაზი ორივეს ნავსაყუდელივით იყო…
– გურამი უმშვენიერესი ვაჟკაცი იყო, არწივივით სახე ჰქონდა. დასანანია, რომ ასე ტრაგიკულად დაიღუპა. შემოგრიალდებოდა ხოლმე გურამი თეთრი „ვოლგით“ არმაზში. ბევრს საუბრობდნენ, მერე მტკვარს გადაცურავდნენ და მეორე მხარეს გადადიოდნენ. იმ ადგილს  გოთუას მორევს ეძახდნენ, ირმები ჩამოდიოდნენ მთებიდან წყლის დასალევად. სწორედ იქ  ცურავდნენ ლევანი და გურამი.
გურამს პატარა გოგონა და მეუღლე მოჰყავდა ხოლმე. საუბრებში მე არ ჩავრეულვარ, მაგრამ უფრო ხშირად მთასვლელობის საკითხებზე მსჯელობდნენ.
ერთხელ ძალიან ცუდ ხასიათზე იყვნენ, მტკვრის მეორე ნაპირი გადაცურეს და შემეშინდა, ლევანი ხანშიშესული იყო…  მერე გურამმა ჩეხური ნათურა აჩუქა. ჩვენი აივნიდან ჩანდა მტკვრის ნაპირი, თევზის საჭერ ფაცერგოდორში ჩადებდნენ და იქიდან აშუქებდნენ ხოლმე… მაგრამ ესეც სიმბოლური იყო.
ძალიან ჩქარა, 1963 წელს, გურამ თიკანაძის შხარაზე დაღუპვის გამო შეწყდა ეს ურთიერთობა… იმდენად განიცადა ლევანმა ეს ამბავი, რომ  საშინელი დღეები გამოიარა.
– როგორ დაწერა ნარკვევი „ირმის კვალი“, რომელიც გურამ თიკანაძეს ეძღვნება?
– ლევანი გამწარებული იყო, ძალიან განიცდიდა… თითქოს გამოემშვიდობა ამ წერილით… ახლაც მახსოვს ყველაფერი, ის სიტყვები, როგორ ამკობდა გურამს, – ვაჟკაცი, ბრგე, ნამდვილი ქართველი, ჭკვიანი ფოტოხელოვანი… ყველაფერს საოცარი თვალით აკვირდებოდა გურამი. ფოტოგადაღებების დროს მართლა საოცრებებს ახდენდა… ერთხელ, მგონი, ცოცხალი თევზიც კი გადაიღო…. ლევანის სურათებს შორის გურამის გადაღებულ უამრავ ფოტოს შეხვდებით.. ასეთი იყო მათი ხანმოკლე ურთიერთობა..
– სანამ მისი მეუღლე გახდებოდით, როგორი იყო ლევან გოთუა, რომანტიკული?
– მასეთი რაღაცები არა… მისთვის წიგნი იყო ყველაფერი… რაღაც საოცარ წარწერებს მიკეთებდა ხოლმე. თავის წიგნებს მჩუქნიდა, სხვა რამეს რომ ვკითხულობდი, მეუბნებოდა, ჩემი წიგნები წაიკითხეო. და უხაროდა…
„ძვირფასს“, „საყვარელს“, „ცხოვრების დიდ მეგობარს“… ასე მიწერდა ხოლმე… ისეთი კარგი წარწერების გაკეთება იცოდა… მახსოვს, პავლე ინგოროყვას აჩუქა და „ერთპიროვნულ აკადემიასო“, – დაუწერა… გარდაცვალების შემდეგ ვიფიქრე, შემეკრიბა, მაგრამ უკვდავი მეგონა და არც მიფიქრია მის სიკვდილზე… ახლა კი ვნანობ…
მე ახლა ინტერნეტს არ ვხმარობ და ახალგაზრდები კითხულობენ „გმირთა ვარამს“. 10 წლის ბიჭი გარდაიცვალა, უკურნებელი სენით… ისე უყვარდა თურმე „გმირთა ვარამი“, წიგნი ჩააყოლეს… ლევანს მოუტანეს ამბავი… მაშინ ყველა კითხულობდა, გზაში მილიციელებიც კი გვაჩერებდნენ და ესაუბრებოდნენ ლევანს… ლევანს უყვარდა ხალხთან ურთიერთობა, ჩერდებოდა და ხალხს ესაუბრებოდა, სიტყვებს იწერდა… სადაც წყაროს დაინახავდა, ჩერდებოდა, სვამდა… ბევრს მოგზაურობდა…
გული მწყდება, რომ სხვადასხვა ტელევიზიით, თუნდაც „ობიექტივზე“  გადის პატრიოტული გადაცემები და ლევანს არსად ახსენებენ. არც სერგო ზაქარიაძეს. სერგოზე და ლევანზე ანეკდოტი არსებობდა: ლევანი და სერგო წასულან სამოგზაუროდ, ტაძრის ეზოში მდგარან და წვიმა წამოსულა, ქართული წვიმა მოდისო და საძილე ტომრებში არ დაიძინესო… ამ ამბავს ხუმრობით ყვებოდნენ.
– ანდერძი ჰქონდა, რომ არმაზში დაესაფლავებინათ?
– არც უფიქრია თვითონ. მისიანებმა გადაწყვიტეს. მე ახლოს – დიდუბეში მინდოდა  ყოფილიყო. ვიცი, რომ იმ დროს, კომუნისტურ რეჟიმში მთაწმინდაზე არ დაასაფლავებდნენ… მისმა შემოქმედებამ იცოცხლოს და  იყოს სამთავროში…
უკვე 90 წლის ვარ, ბუნდოვნად ვხედავ, თვალებმა მიღალატა. ვეღარ ვკითხულობ, კითხვა ძალიან მიყვარს და განვიცდი. წლებს თავისი კანონები ჰქონია..
გარეთ ვერ გავდივარ, მუხლები მეკეცება და მეშინია.. 10 მარტს – ლევანის დაბადების დღეზე ყოველთვის მივდიოდი არმაზში, ახლა ჯანმრთელობის გამო ვეღარ ვახერხებ, რასაც ძალიან განვიცდი…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები