„სიცოცხლე უსიმღეროდ ვერ წარმომიდგენია“ – როგორ დაწერა ნესტან ბაკურაძემ „ტანგო იებით“

ბავშვობიდანვე იდგა სცენაზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი და უცხო ენების მეორადი ფაკულტეტი ინგლისურის განხრით,  სიმღერა მისი სულის განუყოფელი ნაწილი იყო მუდამ…
პირველი სიმღერა 2014 წელს დაწერა, ამას მოჰყვა სხვა სიმღერები… ამბობს, რომ  ყველა სიმღერას წერს ზეპირად, ყოველგვარი ნოტისა და აკორდის ჩანაწერის გარეშე, გონებისა და თითების იმედად.
მრავალი ჰობი აქვს: ხატავს ხეზე და მინაზე. კერავს, ქარგავს, ქსოვს… მუშაობს თიხასა და თექაზე…
ასწავლი ხალხურ და კლასიკურ ფანდურზე, კლავიშზე, გიტარაზე დაკვრას მშობლიურ რაჭაში საკონცერტოდ ემზადება და შემოქმედებით საღამოს გეგმავს. – ნესტან ბაკურაძის პერსონა.

 – დავიბადე ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მამა პედაგოგი იყო, უაღრესად განათლებული და კულტურული პიროვნება. დედა ფიტოთერაპევტია, კითხულობდა ლექციებს კერძო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კოლეჯში. მყავს ორი და და ძმა.
ბავშვობა, მართლაც, საინტერესო მქონდა. დედამ ადრეულ ასაკში შემასწავლა წერა-კითხვა. საბავშვო ლექსებთან ერთად მასწავლიდა ცნობილი პოეტების ლექსებს. პატარაობიდანვე ვიდექი სცენაზე, საბავშვო ბაღიდანვე ვმონაწილეობდი სიმღერისა და მხატვრული კითხვის კონკურსებში.
 სკოლის პერიოდი...
– სკოლის პერიოდი – ჩემი ცხოვრების ოქროს ხანა იყო. კარგად მახსოვს, სკოლაში არ მიმიღეს, რადგან 6 წელი დეკემბერში მისრულდებოდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ბაღის გაგონებაც არ მინდოდა და  რამდენიმე დღე სიცხე მქონდა. შეწუხებულმა მშობლებმა ჩემი დაბადების მოწმობის შეცვლა მოახერხეს და ორი კვირის შემდეგ მივედი სკოლაში. რა თქმა უნდა, დედა ენა აღარ შემხვდა და ჩემმა საყვარელმა მსწავლებელმა თავისი წიგნი მაჩუქა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებოდი.
წლების განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, ხატვაზე, ვმღეროდი და ვცეკვავდი სკოლის გუნდსა და ანსამბლში. ვმონაწილეობდი საქალაქო და სასკოლო ღონისძიებებსა და ოლიმპიადებში.
სკოლაში მყავდა შესანიშნავი პედაგოგები, და რაც მთავარია, გამორჩეული და აქტიური  კლასელები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
ბავშვობიდან მღეროდი, რატომ გადაწყვიტე ეკონომისტობა?
– სიმღერა და ხელოვნებისადმი მიდრეკილება ჩემი საოჯახო კულტურაა და გენეტიკურად მომდინარეობს. მშობლებიც და ძმაც შესანიშნავად მღერიან.
სამი წლისამ ვიმღერე, მამასთან ერთად „მოვიარე შორი გზები“, სწორედ მაშინ  მიხვდნენ, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა.
რაჭაში დედაჩემის მშობლებს რაჭული სიმღერების კუთხე ჰქონდათ. მათგან ვისწავლე გარმონზე, ფანდურსა და დაირაზე დაკვრა.
სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მინდოდა უცხო ენებზე, ან ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ მშობლების რჩევით დავამთავრე ეკონომიკის ფაკულტეტი და უცხო ენების მეორადი ფაკულტეტი ინგლისურის განხრით.
პირველი სიმღერა
– პირველი სიმღერა 2014 წელს სიყვარულზე დავწერე, სიმღერას ჰქვია: „მახსოვს, გიყვარდი“, რომელიც დუეტში დიმა ჩიკოიძესთან ერთად შევასრულე. უკვე მეორე წელია რადიო „არ დაიდარდოზე“  წარმატებით ტრიალებს.
ჯერ ტექსტი იწერება თუ მელოდია?
სიმღერისა და ლექსის წერის პროცესი ძალიან საინტერესოა და მთელი ფილოსოფიაა ჩემთვის. ამის რეცეპტი არ არსებობს.
ვცდილობ, ჯერ ტექსტი მოვამზადო, რომ თემატიკის მიხედვით შევქმნა სასიამოვნო მელოდია, მინორული თუ მაჟორული. მაგრამ თუ პირიქით მოხდა, მაშინ მელოდია მკარნახობს თავისი ტაქტით და ჟღერადობით ტექსტის წყობას და შინაარსს. ეს შესაკრებთა გადანაცვლებას ჰგავს.
ყველა სიმღერას ვწერ ზეპირად, ყოველგვარი ნოტისა და აკორდის ჩანაწერის გარეშე, მოკლედ, გონებისა და თითების იმედად.
როდის მიხვდით, რომ სიმღერა შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო?
– სიმღერა, მართლაც, ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ამას ბავშვობიდანვე მივხვდი და ვერც წარმომიდგენია სიცოცხლე უსიმღეროდ.
ტანგო იებითდაწერისთანავე პოპულარული გახდა.
– „ტანგო იებით“ ჩემი მეორე სიმღერაა, მის შექმნას ლამაზი ისტორია აქვს – გაზაფხულზე რაჭაში ყოფნის დროს თოვლში ამოსული იები დავკრიფე და თან ფოტო გადავიღე. სწორედ ამ ფოტომ შთამაგონა სიმღერის დაწერა…
ჩემი სიმღერების პრემიერა შედგა ქართულ არხზე, გადაცემაში „ქალაქური სიმღერა“ მე და ბატონი დიმა ჩიკოიძე მიგვიწვიეს, რამაც პოპულარობა მომიტანა.

აი ეს ლექსი:

გაზაფხულისპირს დაკრეფილი ნაზი იები
გულთან ფაქიზად მივიხუტე, ფრთხილად მომქონდა…
ჩურჩულით ვკითხე: სიყვარულს თუ მაპოვნინებდი?
ჩემს გულისფეთქვას ყურს უგდებდა, პასუხად თრთოდა…

მას შემდეგ ქარმა ღრუბლებივით წაიღო წლები,
სულში მრავალჯერ გაწვიმდა და გადაითოვა,
მე ისევ მახსოვს გაზაფხულზე იის სურნელი,
ნაზამთრალ სულზე მინდობილმა რომ დამიტოვა…

ყოველ გაზაფხულს ველოდები შენს გამოჩენას…
რომ მოსულიყავ, პაემანზე გალოდინებდი…
ალბათ, თვალებით ძველებურად გთხოვდი დარჩენას,
ახლა უშენოდ თოვლზე ვცეკვავ ტანგოს, იებით…

სევდა წაიღო და გაფანტა თბილმა დარებმა,
შემოვრჩით მარტო მე და ტანგო მარტის იებით…
იქნებ მოხვიდე და გიხილონ ჩემმა თვალებმა,
იებთან ერთად არმოსვლასაც გაპატიებდი!

19.12.2014წ.

 რომელი სიმღერების შესრულება გიყვართ ყველაზე მეტად და რატომ?
– თითქმის ყველა ჟანრში ვმღერი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც რომანსების შესრულება მიყვარს, რადგან ვთვლი, რომ რომანტიკულ-ლირიკული სტილის გამო უფრო ახლოსაა ჩემს ხასიათთან.
 თავიდან ფოლკსაკრავებთან და კლავიშზე უკრავდით. ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ გიტარის სიყვარული დიმა ჩიკვაიძემ განაპირობა
– თავიდან, მართლაც, კლავიშსა და ფოლკსაკრავებზე ვუკრავდი, გიტარისადმი ინტერესი და სიყვარული ჩემში ბიძამ – დიმა ჩიკოიძემ გააღვივა. იგი მომღერალია, შესანიშნავად ფლობს გიტარასა და კლავიშს. უკვე მოზრდილ ასაკში ვასრულებდი მასთან დუეტში მის საავტორო სიმღერებს.
ოთარ რამიშვილთან მეგობრობდითასევეავთო შარვაძესთანრით იყო ის წლები გამორჩეული? ორივე ადამიანი თბილისის კოლორიტი იყორას გაიხსენებთ?
– სწორედ ამან განაპირობა, რომ გიტარაზე დაკვრა მასწავლა ჯერ ოთარ რამიშვილმა, შემდეგ კი სწავლა განვაგრძე ავთო შარვაძესთან. დროის სიმცირის გამო დიდხანს არ მივლია მათთან, თუმცა ხშირად ვხვდებოდი მათ სტუმრად, თუ სალონურ საღამოებზე. ეს კოლორიტი ადამიანები ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ, შესრულების განსხვავებული მანერითა და დაკვრის სტილით. ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე. სახსოვრად დამრჩა ავთო შარვაძის მიერ ნაჩუქარი ხელნაწერი ლექსები და აკორდები. ხოლო ოთარ რამიშვილისგან, 1995 წელს გამოცემული ლექსთა კრებული „ფიქრების ზღვა“ მისი ავტოგრაფით.
 რამდენად კოლორიტული ქალაქია თბილისი დღეს?
თბილისზე რა გითხრათ? მართლა ნელ-ნელა ეკარგება ის  იერსახე და ხიბლი, რაც ასე უხდებოდა და ახლდა ჩვენს დედაქალაქს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იყო და დარჩება კულტურის, განათლების, მეგობრული ურთიერთობის სიმბოლოდ.
რას ნიშნავს სიმღერა თქვენთვის?
– სიმღერა ჩემთვის სიცოცხლის ელექსირია.
 კიდ ვინ მღერის თქვენს ოჯახში?
– მყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი. ოჯახში ყველა მღერის, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ხშირად ვასრულებ როგორც ქალაქურ, ასევე ხალხურ სიმღერებს. მეუღლის მშობლებიც შესანიშნავად მღეროდნენ. დიდი, მეგობრული და სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს.
 ასწავლით ხალხურ და კლასიკურ ფანდურზე, კლავიშზე, გიტარაზე დაკვრასასევესიმღერასრას იტყოდით პედაგოგიურ საქმიანობაზე? რა პრობლემები გაქვთ?
– 90-ან წლებში  დავტოვე სამსახური და უკვე 25 წელია, ვასწავლი თითქმის ყველა ჟანრის სიმღერასა და დაკვრას გიტარასა და ფანდურზე,
წლების წინ სტუდია მქონდა კერძო სკოლაში, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამჟამად სახლში ვაგრძელებ პედაგოგიურ საქმიანობას.
ჩემთან მოდიან ყველა ასაკის ადამიანები.
მქონდა შემთხვევა, 60 წელს მიტანებულ ქალბატონსა და მამაკაცს ვასწავლე ფანდურზე დაკვრა. კურიოზი იყო ის, რომ მეგონა შვილიშვილებს მომიყვანდნენ, აღმოჩნდა, რომ თავად უნდოდათ ფანდურზე დაკვრის შესწავლა.
მოსწავლეებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
ჰობი
– არაერთი ჰობი მაქვს: ვხატავ ხეზე და მინაზე. ვკერავ, ვქარგავ, ვქსოვ…ვმუშაობ თიხასა და თექაზე.
მიყვარს ცხოველები, ბუნება, ყვავილები…ეს ყველაფერი სასიკეთოდ აისახება ჩემს შემოქმედებაზე. ასე რომ, ტიპური მშვილდოსანი ვარ.
ოცნება...
– ოცნებები მრავლად მაქვს… მინდა, ვეწვიო ჩემს მშობლიურ  კუთხეს – რაჭას და ჩემი შემოქმედებით მოვეფერო და გავუთბო გული ჩემს საყვარელ რაჭველებს.
რაჭა, მართლაც, მუზის უშრეტი წყაროა ჩემთვის. მას მივუძღვენი ერთ-ერთი სიმღერა.
ერთი დღე, რომელმაც ბედნიერება მოგანიჭათ...
– მადლობა უფალს, რომ მრავალი ბედნიერი დღე გამითენა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ის დღე იყო, როცა 18 წლის ასაკში დედა გავხდი… ყველა ქალს ვუსურვებ ამ ბედნიერებას.
– ხშირად ასრულებთ საკუთარ სიმღერებს პოეზიის საღამოებზე. როგორ მოხვდით მწერალთა საზოგადოებაში?
– გასულ წელს ქალბატონი მედეა ჩიხლაძის მიწვევით აქტიურად  ვესწრებოდი პოეზიის საღამოებს. დავუმეგობრდი პოეტებს. ისინი გაეცნენ ჩემს შემოქმედებას. მათი მოწვევით დღემდე ვასრულებ პოეზიის საღამოებსა თუ საქველმოქმედო ღონისძიებებზე  როგორც საკუთარ, ასევე მათ ლექსებზე ჩემ მიერ დაწერილ სიმღერებს.
მადლობას ვუხდი ქალბატონ მედეა ჩიხლაძეს და მეგობარ პოეტებს, რომ საზოგადოებამ გამიცნო, როგორც ავტორ-შემსრულებელი.
– სამომავლო გეგმები…
– როგორც აღვნიშნე, მე და ბატონი დიმა ჩიკოიძე წლებია, დუეტში ვმღერით როგორც ჩვენს საავტორო, ასევე სხვა პოეტების ლექსებზე შექმნილ სიმღერებს. მიწვეული ვიყავით რადიოსა და ტელევიზიაში, სადაც გაჟღერდა ჩვენი სტუდიური ჩანაწერები და ხალხი გაეცნო ჩვენს შემოქმედებას.
კვლავ განვაგრძობთ სიმღერების ჩაწერას ჩვენი მეგობრის, უნიჭიერესი პიანისტის, თამაზ აბრამიძის სტუდიაში და ვემზადებით ალბომისთვის.
მეგობრების დაჟინებული თხოვნით, ახლო მომავალში შემოქმედებითი საღამოს ჩატარებას ვაპირებ, რადგან, ვფიქრობ, უკვე დამიგროვდა სათქმელი.
მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. სრულიად საქართველოს ვულოცავ მოახლოებული  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები