„გამარჯობა, ბატონო ივანე, ძალიან გაფასებთ და ვთვლი, რომ მისაბაძი ლექტორი ხართ“… – ივანე ჯაფარიძის ერთადერთი ოცნება
თითქმის ყველგან არის, სადაც ეროვნული საქმე იწყება… ამბობს, რომ მამას, რომელმაც ჭიათურაში ალპინისტური სექცია შექმნა, 8 წლიდან დაჰყვებოდა სხვადასხვა გასვლაში… მთამსვლელი ჯაფარიძეების შთამომავალი მამიდამ – ქართული ალპინიზმის ლეგენდამ, ალექსანდრა ჯაფარიძემ გაზარდა…
შემდეგ უკვე, გეოლოგმა და ჟურნალისტმა, ფეხით მოიარა საქართველოს მთა და ბარი… 2007 წელს ფერეიდნელი ქართველების მიწვევით, ირანის მწვერვალი ქარქასიც დალაშქრა 200 ირანელ მთამსვლელთან ერთად.
ამჟამად რადიოში უძღვება საავტორო პროგრამას „ჩვენი საგანძური“ და „ხაზის რადიოს“ ოთხშაბათის გადაცემას. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი. – ივანე ჯაფარიძის პერსონა.
– დავიბადე ქალაქ ჭიათურაში. მამაჩემი ნოე ჯაფარიძე – მშენებელი ინჟინერი, მეშვიდე შვილი იყო მშობლების – ლიდა ჩიკვაიძისა და ბიჭია ჯაფარიძის, ანუ ცნობილი მთამსვლელების – ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების ნაბოლარა ძმა. პატარაობიდანვე ოჯახში სულ მთა და მოგზაურობა მესმოდა, ხოლო 1952 წელს, როცა მამაჩემმა ჭიათურაში ალპინისტური სექცია ჩამოაყალიბა, რომელიც, ძირითადად, ჭიათურა-საჩხერის რაიონების მიუვალ მღვიმე-გამოქვაბულთა კვლევას აწარმოებდა, 8 წლისა გავყევი და მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ, განუწყვეტლივ დავდივარ მთასა თუ ბარში, ჯერ – როგორც გეოლოგი, შემდეგ – როგორც ჟურნალისტი.
14 წლისა მამიდამ – ალექსანდრა ჯაფარიძემ მიშვილა და მას შემდეგ ერთად ვცხოვრობდით.
თბილისის 24-ე სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ჩემი ძმის – ამ დროს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის სიმონ ჯაფარიძის წინადადებით, გადაწყვეტილება შევცვალე და საბუნებისმეტყველო მიმართულებით წავედი. ჩემი ძმის აზრით, ერთ ოჯახში ორი ფილოლოგი არ იყო საჭირო. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ოჯახში უმდიდრესი არქივი გვაქვს და მისი დამუშავებისათვის საბუნებისმეტყველო განათლების მქონე პირის არსებობაც აუცილებელი იყო. მით უმეტეს, რომ ალექსანდრა, სიმონი და ალიოშა ბუნებისმეტყველები იყვნენ (ალექსანდრა – მეტეოროლოგი – სინოპტიკოსი, სიმონი – გეოლოგი – ლოპოტის თეთრი მარმარილოს საბადოს აღმომჩენი, ალიოშა – ჰიდრომშენებელი და ჰიდროელსადგურების დამპროექტებელი).
ჩემი ძმის მოსაზრებას ალექსანდრაც დაეთანხმა და უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.
იმ პერიოდში (60-იანი წლების დასაწყისში) თსუ არაჩვეულებრივი სასწავლო პრაქტიკებით გამოირჩეოდა და თითქმის ყოველ ზაფხულს, ორი თვის განმავლობაში ვმოგზაურობდით საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების (მაშინდელი მოკავშირე რესპუბლიკების) მთასა თუ ბარში.
დღესაც რომ არ მეზარება სიარული და პირველივე შესაძლებლობისთანავე გავდივარ ბუნებაში, ეს ყოველივე ბავშვობაშია საფუძველჩაყრილი. დღესაც მოვუწოდებ ახალგაზრდებს – იმოგზაურეთ, იარეთ, გაიცანით თქვენი სამშობლო! საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა!
– არ მოსწრებიხართ, მაგრამ იცით, როგორ ეძებდა თქვენი ოჯახი – ალექსანდრა და მამათქვენი, ალიოშა ჯაფარიძის ნეშტს… როგორ არ უშვებდა მთავრობა მათ უშბაზე და ერთხელ როგორ გაიპარნენ მოსაძებნად…
– ცნობილია, რომ ალიოშა ჯაფარიძე თავის ჯგუფთან ერთად 1945 წლის 12 ოქტომბერს დაიღუპა უშბაზე. საქართველოში შემოჭრილმა ციკლონმა, საშინელმა გრიგალმა და ქარიშხალმა, თითქმის ორი კვირის განმავლობაში, უშბის მწვერვალზე „დაატყვევა“ მთელი ჯგუფი. დაშვებისას გზაში დააღამდათ, არადა, სამშვიდობომდე სულ რაღაც ორასიოდე მეტრი იყო დარჩენილი. ღამით წამოსულმა არნახული სიძლიერის ზვავმა კარავში ღამის სათევად შეფარებული მთელი ჯგუფი უშბის ნაპრალებში დამარხა.
დღემდე გაუგებარია, მაშინდელმა მთავრობამ რატომ აკრძალა იმავე წელს დაღუპულთა ძიება.
აკრძალვის მიუხედავად, მამაჩემი და ალექსანდრა მაინც გაიპარნენ უშბაზე დაღუპული ძმისა და მისი მეგობრების მოსაძებნად. ამის შესახებ მხოლოდ ოჯახმა და რამდენიმე მეგობარმა იცოდა. როგორც ჩანს, ამათგან ერთ-ერთმა ეს ამბავი სადღაც თქვა და როცა და-ძმა უშბის მწვერვალისაკენ გაემართნენ, გზაში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დაეწია და მოახსენა, რომ ნაბრძანები ჰქონდა მათი უკან დაბრუნება.
მამაჩემი საკმაოდ ფიცხი და უშიშარი კაცი იყო, ასეთმა ბრძანებამ ლამის გააგიჟა. ჩეკისტს ხელი ჩაავლო და გააფრთხილა – თუ უკან არ დაბრუნდებოდა, აქედან დააგორებდა. იგრძნო რა, რომ გამწარებულ ძმას შეეძლო ეს გაეკეთებინა, მუხლებში ჩაუვარდა და-ძმას, აჩვენა რადიოგრამა, სადაც ნაბრძანები ჰქონდა დავალების შესრულება, ტირილი დაიწყო და შეევედრა: – თუ არ გამომყვებით, გამანადგურებენ, ოჯახს ამიწიოკებენ და ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებთო.
ვედრებამ გული მოულბო დამწუხრებულ და-ძმას და უკან გამობრუნდნენ. 12 წლის შემდეგ ალიოშა ჯაფარიძის ნეშტს შემთხვევით წააწყდა ახალგაზრდა ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი. იგი თბილისში ჩამოასვენეს და ვერის ბაღში, მისივე სახელობის ალპური კლუბის მახლობლად პატივით დაკრძალეს.
– როგორც ვიცი, რუსები დღემდე ვერ ინელებენ, რომ ქართველები არა მარტო ქართული, საბჭოთა ალპინიზმის ფუძემდებლებიც იყვნენ…
– ამ საკითხთან დაკავშირებით პრესაში გამოვაქვეყნე წერილი: „იმპერიული უზნეობის მაგალითები“ (გაზ. „ლელო“ N91, 20-22.11.2001წ.; N92, 23-26.11.2001 წ.), სადაც დაწვრილებით აღვწერდი საკავშირო მთამსვლელთა ფედერაციის უმსგავს ქმედებებს ქართველ მთამსვლელთა მიმართ. ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ ქართველ მთამსვლელთა მიღწევების მიჩქმალვას და გაბიაბრუებას, მაგრამ ქართველებს მუდამ მოწინავე პოზიციები ეკავათ მთელ საბჭოთა კავშირში.
– მავანი ამბობს, რომ ალიოშა ჯაფარიძე ხვამლის ციხე–ქვაბულში სტალინის დავალებით შევიდა. ამ ჭორის გამავრცელებლებს ერთხელ უკვე გაეცით პასუხი… იქნებ აგვიხსნათ, რატომ გაავრცელეს ასეთი ტყუილი?
– მართალს ბრძანებთ. ამ ვითომ მეცნიერებს, რომელთაც ხვამლის ისტორია გააყალბეს, მაშინვე გამოვეხმაურე, როგორც კი ტელევიზიით სიცრუის ტირაჟირება დაიწყეს. გამოვაქვეყნე წერილი „დილეტანტიზმი, უვიცობა, მიზანმიმართული სიცრუე თუ… ყველაფერი ერთად“, სადაც ვაკრიტიკებდი ყალბისმქმნელებს, მაგრამ რად გინდა, ჟურნალისტებმა „სენსაციური მასალა“ ნახეს და დღემდე ყველა ერთი და იგივეს იმეორებს. ამ მტკნარი სიცრუის სათავე აწ გარდაცვლილი გურამ გაბიძაშვილიდან და დავით გოგუაძიდან მოდის. პირველმა ჟურნალ „თბილისელებს“ მისცა ინტერვიუ, მეორემ კი – ტელევიზიაში.
როცა კინოს სახლში გამართულ ფილმის წარდგენაზე მიკროფონთან მოკეკლუცე დავით გოგუაძეს გავეცანი და მოვთხოვე, დაესახელებინა თუნდაც ერთი წყარო, რაც დაადასტურებდა ალიოშა ჯაფარიძის სტალინის დავალებით ხვამლის გამოქვაბულში შესვლას და ამისათვის ოქროს მედლის მიღებას, ბუნებრივია, ვერაფერი მიპასუხა, გარდა იმისა, რომ ეს სიცრუე ფილმში „ინტრიგისათვის“ შევიტანეო. „ნოვატორული“ რეჟისორული ხერხია ჩვენი ისტორიის გასაყალბებლად.
მათი აზრით, ექსპედიციის მასალები არ არსებობს, თუმცა იქვე ვაჩვენე მასალები, ალიოშა ჯაფარიძის, ლევან გოთუას, გიორგი ლომთათიძის წიგნებისა და ანგარიშების სახით, სადაც გარკვევით წერია, რომ ხვამლის გამოქვაბულში შეღწევის ინტერესი ალპინისტურ წრეებში დაიბადა ჯერ კიდევ 1935 წელს, მაგრამ განხორციელდა მხოლოდ 1939 წელს. პირველამსვლელთა მიერ ყველა ის ნიუანსია აღწერილი, რაც მათ გამოქვაბულში ნახეს, მხატვარმა ვერა ბელეცკაიამ ზუსტად გადმოხატა ის პიქტოგრამები, რომლებიც გურამ გაბიძაშვილმა და მისი ექსპედიციის წევრებმა საკუთარ „აღმოჩენად“ გამოაცხადეს. მათ ოდნავი ინტერესიც არ გამოუჩენიათ ექსპედიციის წევრთა ჩანაწერების მიმართ.
ამ ფაქტებიდანაც კარგად ჩანს, როგორ აინტერესებთ მათ ვინმეს აზრი და ხვამლის ნამდვილი ისტორია. ხოლო სტალინის ეპოქაზე ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ, სტალინის დავალებით ალიოშა ჯაფარიძეს 10 წელი კი არ დასჭირდებოდა გამოქვაბულში შესაღწევად, არამედ, ფრთებს გამოასხამდნენ და ისე „შეაფრენდნენ“ ნებისმიერ გამოქვაბულში.
სამწუხაროდ, „ახალი მეხვამლეები“ ამახინჯებენ რა ისტორიას, სტალინელებად წარმოგვიდგენენ იმ პიროვნებებს, ვინც შემდგომ თავად გახდნენ სტალინური რეჟიმის მსხვერპლნი.
დაპატიმრებული იყო გიორგი ლომთათიძე – 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ვაჟი. ამავე რეჟიმმა, ცხოვრების მესამედი – 22 წელი, რუსეთის საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარებინა მწერალ ლევან გოთუას. აი, ამ ხალხის ღვაწლის გაბიაბრუებას ცდილობენ 2007 წლის ხვამლის ექსპედიციის მონაწილენი.
აქვე ვეტყვი „ხვამლის ისტორიის ახალ მკვლევარებს“, რომ არავითარი საიდუმლოებით არ არის მოცული ალიოშა ჯაფარიძის გარდაცვალება. მთელმა მსოფლიომ გაიგო ალიოშა ჯაფარიძის დაღუპვისა და 12 წლის შემდეგ მისი უშბაზე პოვნის ამბავი.
„ისტორიკოს-არქეოლოგ-კინორეჟისორებმა“ რომ ეს ისტორია არ იციან, გასაგებია, რადგან მათ ქართული წყაროები, ქართული ლიტერატურა, ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები არ აინტერესებთ და არც ეძებენ, მაგრამ საოცარია, ექსპედიციის წევრმა ალპინისტებმა რომ არ იციან ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელის, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი და ერთადერთი საქართველოს ალპური კლუბის დამაარსებლის, უშბაზე პირველი ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელის ალიოშა ჯაფარიძის დაღუპვის ისტორია. რაც შეეხება ხვამლის შესახებ დ. გოგუაძის გადაღებულ ფილმს, იგი, პირველ ყოვლისა, წინაპართა ნაღვაწის გაბიაბრუებას და მიზანმიმართულ სიცრუეს ემსახურება მხოლოდ.
– მეგობრობდით მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან – ვახტანგ ჯობაძესთან. ის ივანე ჯავახიშვილის მოწაფეც იყო… ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ სწორედ მან გამოიკვლია ტაო–კლარჯეთის ძეგლები. ოშკის ტაძარს შეყუდებული ხის ბოძი სწორედ მის სახელს უკავშირდება. გამოიცა მისი წიგნიც „ჩემი თავგადასავალი“. ალბათ გექნებათ გასახსენებელი…
– მეგობრობა ცოტა ხმამაღლა ნათქვამია. მას მხოლოდ 1996 წელს შევხვდი თბილისში, როცა ივანე ჯავახიშვილის დაბადების 120 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე რამდენიმე მოხსენებით იყო მოწვეული. ამას კი წინ უსწრებდა ერთი შემთხვევა, რამაც ჩემდამი ბ-ნი ვახტანგის კეთილგანწყობა გამოიწვია.
ვახტანგ ჯობაძის ბავშვობის მეგობარმა, ქალბატონმა ნინო ღოღობერიძემ შემატყობინა, რომ ბატონმა ვახტანგმა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, თავის დას, ქ-ნ თინა ჯობაძეს გამოუგზავნა ამერიკაში გამოცემული მონოგრაფიები ტაო-კლარჯეთისა და უცხოეთში არსებული ქართული ძეგლების შესახებ და თუ სურვილი მექნებოდა, შეიძლებოდა ამ წიგნების ნახვა.
შინ ვეწვიეთ ქ-ნ თინას და მონოგრაფიების
ხილვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქ-მა თინამ საუბრისას ახსენა, რომ ბ-ნი ვახტანგის საქართველოში პირველი ჩამოსვლისას, ტყვედ ჩავარდნისა და სხვა თავგადასავლების დეტალები მაგნიტოფირზე ჩაიწერა მათმა ნათესავმა. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, ქ-ნ თინას ფირი ვთხოვე, რათა რადიოში გამესინჯა, ჩანაწერი საეთეროდ თუ გამოდგებოდა. მცირე მონაკვეთის გასუფთავება შევძელით და ვახტანგ ჯობაძეზე პირველი რადიოგადაცემაც გავაკეთე.
გადაცემის ჩანაწერი მადლობის ნიშნად ქ-ნ თინას მივუტანე და რას წარმოვიდგენდი, რომ ამ ფირს ქ-ნი თინა თავის ძმას ლოს-ანჯელესში გაუგზავნიდა. ბ-ნ ვახტანგს გადაცემა მოსწონებია და ჩემთვის მადლობაც შემოუთვლია, რაზეც ქ-ნ თინას ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რომ ბ-ნ ვახტანგს საქართველოში ჩამოსვლისთანავე პირველი ინტერვიუ ჩემთან უნდა ჰქონდეს-მეთქი.
1996 წელს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტაბახმელაში ტარდებოდა. ბ-ნი ვახტანგი დილიდან ღამემდე დაკავებული იყო, ამიტომ ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა და უიმედოდ გულდაწყვეტილმა ხელიც კი ჩავიქნიე.
მაგრამ ერთ დღესაც ბინის ტელეფონი აწკრიალდა და გაოცებისაგან ყბა ჩამომივარდა: – ბ-ნი ვანო ბრძანდებით? – იკითხა ხმამ თავისებური ინტონაციით, რომელიც მაშინვე ვიცანი. ეს იყო ბ-ნი ვახტანგი, რომელმაც თვითონ დარეკა და მითხრა: – ორი საათი მაქვს დრო, შემდეგ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მაქვს ლექცია, ხვალ დილით ადრე მივფრინავ. თუ გსურთ ჩემთან შეხვედრა, მობრძანდით და ვისაუბროთო. 10 წუთში ბ-ნ ვახტანგთან გავჩნდი. იშვიათად მინახავს ასეთი აქტიური, ცოცხალი, სხარტი მოძრაობების მქონე 80 წელს მიტანებული ბრწყინვალე მოსაუბრე და უზარმაზარი ცოდნით დატვირთული პიროვნება, რომელმაც ისეთ საოცარ სამყაროში შემიყვანა, რომელზეც ვერასოდეს ვიოცნებებდი.
ივანე ჯავახიშვილი კიდევ უფრო ახლობელი გახადა ჩემთვის ბატონმა ვახტანგმა. მან შესანიშნავი მოგონება დაგვიტოვა ივანე ჯავახიშვილსა და მის ოჯახზე. ამის შემდეგ არ გასულა დიდი დრო და ქ-ნმა თინამ მაცნობა, რომ ბ-მა ვახტანგმა გამოგზავნა ხელნაწერი „ჩემი თავგადასავალი“ და თხოვნაც მოაყოლა: ვანო ჯაფარიძეს წააკითხეთ და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, მხოლოდ მაშინ გამოაქვეყნეთო.
ასმაგი პასუხისმგებლობით ჩავუჯექი ბ-ნი ვახტანგის ხელნაწერს, ლიტერატურულად გავმართე, გავედი ბოლოში და ჩემი აღფრთოვანებაც არ დამიმალავს. აუცილებლად უნდა გამოცემულიყო ეს ჩანაწერები, რადგან მასში შესანიშნავად ჩანს ვახტანგ ჯობაძის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მედიევისტის, ხელოვნებათმცოდნის, არქეოლოგის, ტაო-კლარჯეთისა და შავი მთის, უცხოეთში არსებული სხვა ქართული ძეგლების მკვლევარ-აღმომჩენისა და დიდი მეცნიერის მასშტაბურობა.
მხოლოდ ბ-ნი ვახტანგის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 2009 წელს იხილა დღის სინათლე ამ შესანიშნავმა წიგნმა, რომლის შესავალში ვახტანგ ჯობაძე წერდა: „ჩემი თავგადასავალის“ მკითხველმა მინდა იცოდეს, რომ ეს ბიოგრაფიული თხრობა არ არის მეცნიერული ხასიათის ნაწარმოები. მისი მიზანი მოკრძალებულია და მოკლედ ასახავს ჩემი ცხოვრების გზაზე განცდილ მოვლენებს. ის გამიზნულია უმთავრესად ჩემი ოჯახის წევრებისა და ჩვენი ნათესავებისათვის. ამისდა მიუხედავად, მკითხველი ხშირად წააწყდება ისეთ ამბებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის და მის შემდეგ მომხდარს გადმოსცემს, რაც შეიძლება საქართველოს ახალი ისტორიის მკვლევარებისთვისაც იყოს გამოსადეგი“.
რაც შეეხება ოშკის ტაძარს, ბ-მა ვახტანგმა ამ უნიკალურ ძეგლს ცალკე წიგნიც მიუძღვნა და უხაროდა, რომ მის მიერ კედლის ქვეშ გასამაგრებლად და საყრდენად შედგმული ხის ბოძი ათეული წლების შემდეგაც ინახავს კედელს ჩამოქცევისაგან.
– ახლოს იცნობდით ლევან გოთუას. იგი მხოლოდ დიდი მწერალი კი არა, მრავალი პიროვნული ღირსებითაც შენკული იყო…
– ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ლევან გოთუა, შესანიშნავი მთამსვლელი და მოგზაური იყო. დიდ მთასვლურ მიღწევებს, იგი, თავისი მეგობრის, ქართული ალპინიზმის აღიარებული ლიდერის – ალიოშა ჯაფარიძის სახელს უკავშირებდა და წერდა: „მე თავის დროზევე ვეცადე ეს დაუვიწყარი გზები და დღეები კალმითა და წერაყინით აღმებეჭდა ჩემს ნარკვევებში. ასე იშვა: „ხდედალეულნი“, „თეთრი სავალი“, „ვაჟას სამყაროში“, „ხვამლის ციხე-ქვაბული“, „კაცხის სვეტის საიდუმლო“ და სხვა. ამ ნარკვევების კალამი თუ მე მეკუთვნის, წერაყინი და სული უსათუოდ ალიოშასია!“
1944 წელს ბ-ნი ლევანი, მეგობრებთან ერთად, ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით ადის მიუვალ კაცხის სვეტზე, რომელსაც უძღვნა შესანიშნავი ნარკვევი – „კაცხის სვეტის საიდუმლო“.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კი, 1957 წელს, ილიას დაბადების 120 და მკვლელობის 50 წლისთავთან დაკავშირებით, სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ქართველ მწერალთა ჯგუფს, მიიწვია ბეთლემის გამოქვაბულის აღმომჩენი, ლეგენდარული მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე და „ილიას გზით“ წაიყვანა ახალგაზრდები. ამ ლაშქრობას მშვენიერი ნარკვევი უძღვნა, უდროოდ გარდაცვლილმა მწერალმა ედიშერ ყიფიანმა, რომელმაც გულწრფელად აღწერა ლაშქრობის მონაწილეთა გზა „მთაწმინდიდან მყინვარწვერამდე“.
1970 წლის ოქტომბერში ბ-ნ ლევანთან ერთად ზემო იმერეთში გატარებული დღეები, რომელიც ალიოშა ჯაფარიძის დაბადების 70 და კაცხის სვეტზე ასვლის 25 წლისთავს მიეძღვნა, ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და დაუვიწყარ მოგონებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში.
ჭიათურის რკინიგზის სადგურში, უამრავი ხალხი დიდი პატივით შემოგვეგება. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ბ-ნი ლევანი მოექცა. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დაჰყვებოდა უკან საყვარელ მწერალს და მისთვის ხელის ჩამორთმევას ცდილობდნენ, რითაც ბ-ნი ლევანისადმი უსაზღვრო მოწიწებას და პატივისცემას ამჟღავნებდნენ. ბ-ნი ლევანი მომიბრუნდებოდა და დარცხვენილი შემომჩივლებდა ხოლმე: – „ასეთი ყურადღება რა საჭიროაო“.
მეორე დღეს, ყველანი კაცხის სვეტის ძირში შევიკრიბეთ. სვეტის სილუეტი შორიდანვე გამოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კაცხის სვეტის თავზე ცეცხლი გიზგიზებდა. ადგილობრივ მთამსვლელებს, „პირველი მესვეტის“ – ალიოშა ჯაფარიძის უზარმაზარი პორტრეტი სვეტის თავზე აეტანათ და დროშების ზღვაში ჩაეძირათ. სვეტის ძირამდე მისასვლელ ბილიკზე, ბავშვებს „ცოცხალი დერეფანი“ მოეწყოთ და საპატიო სტუმრებს ყვავილების ხეივანში ატარებდნენ.
ლევან გოთუას და ალექსანდრა ჯაფარიძის გამოჩენას უამრავი ხალხი მქუხარე ოვაციით შეხვდა. თავის სიტყვაში ბ-ნმა ლევანმა დიდი სითბოთი გაიხსენა გარდაცვლილი მეგობრები, „პირველი მესვეტეები“, ისაუბრა სვეტზე ასვლისა და იქ ღამისთევის შესახებ. ზეიმის დამთავრების შემდეგ კი, ბ-ნმა ლევანმა სოფელ ხრეითში, მთამსვლელ ჯაფარიძეთა სახლ-კარის მონახულება ისურვა და მასში, ერთგვარად, სიმბოლური მნიშვნელობაც ჩადო. სვეტზე პირველი ასვლის შემდეგაც ხომ ჯაფარიძეების ოჯახს ესტუმრნენ „მესვეტეები“.
მაშინ სტუმრებს ალიოშა მასპინძლობდა, ამჟამად კი ეს მისია ალიოშას და-ძმას ალექსანდრას და ნოეს ეკისრებოდათ.
უნიკალურ ეზოში, ასწლოვანი მუხებისა და ცაცხვების ქვეშ გაშლილ უზარმაზარ სუფრაზე ბატონმა ლევანმა მყისვე გულითადობის, გულწრფელობის ატმოსფერო შექმნა და სუფრასაც თავისებური მიმართულება მიეცა, ხოლო როცა ბ-ნი ლევანის სადღეგრძელო შეისვა, სუფრაზე სიყვარულის ზვავი დაიძრა. ხალხის წრფელ სიყვარულზე ბ-ნი ლევანი უხერხულად იშმუშნებოდა, თავს ჩაღუნავდა და წითლდებოდა. გამჟღავნებულმა სიყვარულმა და მოწიწებამ ბატონ ლევანს თვალები აუწყლიანა, თასი ასწია და სამადლობელი და-ძმა ჯაფარიძეების, დაუვიწყარი მოგზაურობის შეჩერებული წამების, თავისი ქვეყნისა და ხალხის სადღეგრძელოთი დაასრულა. შებინდებულში დედო-ზარივით დარეკა მწერლის სიტყვამ…
– ოჯახის მეგობრები – მიქელ პატარიძე, სოსო ასლანიშვილი, დავით დონდუა… უამრავის ჩამოთვლა შეიძლება.
– ჯაფარიძეების ოჯახის კარი სტუმრისათვის მუდამ ღია იყო. აქ იკრიბებოდა ქართული კულტურის, მეცნიერების, სპორტისა მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. მარტო თქვენ მიერ ჩამოთვლილ მოღვაწეებზე რომ ვისაუბრო, ერთ სქელტანიან წიგნს შეავსებს, ამიტომ მათზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ.
– თქვენ შეიტანეთ საბუნებისმეტყველო მიმართულება რადიოში…
– რადიოსთან 1978 წლიდან შტატგარეშედ ვთანამშრომლობდი, ძირითადად, სპორტულ რედაქციაში. შემდეგ ტელეპროგრამა „ირაო“ შეიქმნა, სადაც ერთ-ერთი ავტორი და წამყვანი მეც ვიყავი. ტელეპროგრამის პარალელურად რადიოშიც დავაფუძნეთ პროგრამა „ირაო“, რომელშიც ჩვენ, მოგზაურობასთან ერთად, თქვენ სწორად შეგინიშნავთ, საბუნებისმეტყველო თემატიკაც შემოვიტანეთ, რამაც მსმენელთა არნახული მოწონება დაიმსახურა და თითქმის ყოველდღე ათეულობით წერილს ვიღებდი მათგან.
სხვადასხვა დროს, წლების მანძილზე, რადიოში დავაფუძნე და მიმყავდა გადაცემების ციკლი „საქართველოს სოფლები“, „ამერ-იმერი“, „თბილისის ისტორია“, „დილის ირაო“, „ამ შაბათ-კვირას“ (1-2 დღიანი ტურისტული მარშრუტები მოგზაურობის მოყვარულთათვის), ტელევიზიაში ვუძღვებოდი ჩემ მიერ გადაღებულ და მომზადებულ პროგრამას – „ვიმოგზაუროთ საქართველოში“.
ამჟამად ვუძღვები რადიოში საავტორო პროგრამას „ჩვენი საგანძური“ და „ხაზის რადიოს“ ოთხშაბათის გადაცემას.
– დისერტაციის ხელმძღვანელი იყო მედეა უზნაძე… როგორ მუშაობდით თემაზე და რით იყო ღირებული ის წლები?
– ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში მეცნიერული საქმიანობა. ამ ინსტიტუტში არაჩვეულებრივი პიროვნებები და დიდებული მეცნიერები მუშაობდნენ. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები იყვნენ გენიალური მეცნიერების, ქართული სამეცნიერო სკოლის შემქმნელების – დიმიტრი უზნაძისა და შალვა ნუცუბიძის ქალიშვილები ქ-ნი მედეა უზნაძე და ქ-ნი ქეთევან ნუცუბიძე. სხვა რომ არაფერი გვესწავლა მათგან, მარტო ის იყო საკმარისი, თუ როგორ გვაზიარებდნენ ურთიერთობისა და ქცევის არისტოკრატიზმს.
ბედმა გამიღიმა და ქ-ნი მედეა უზნაძე ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი გახდა. ნამდვილად გამიმართლა, რადგან მისგან შევიძინე მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის საჭირო ყველა თვისება, სისტემატური შრომის ყადრი.
დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში მუდამ ვკამათობდით და ვიდრე ჩემ მიერ გაკეთებულ დასკვნას ბოლომდე დეტალურად არ ავხსნიდი, მანამდე არ მათავისუფლებდა.
ასე თანდათანობით შემაჩვია ანალიტიკურ და ლოგიკურ მსჯელობას. ერთხელ, როცა ვთხოვე შრომა სტილისტურად გამისწორე-მეთქი, მყისვე მომიგო, – სტილი თუ გაგისწორე, ნაშრომი შენი კი არა, ჩემი იქნებაო. ამ შეგონებით დღემდე ვსარგებლობ. მუდამ მადლიერებით ვიგონებ ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელს, ქართული გეოლოგიური სკოლის ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს წარმომადგენელს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ქ-ნ მედეა უზნაძეს.
– ფერეიდანში მთამსვლელთა ჯგუფმა 2007 წელს მიგიწვიათ… ირანის მწვერვალი ქარქასი დალაშქრეთ…
– ფერეიდანში ვიყავი 2007 წელს. ირანში მიგვიწვიეს მთამსვლელთა ჯგუფი ირან-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის 15 წლისთავთან დაკავშირებით. წავედით ხუთნი, ერთი, მათ შორის, ფერეიდანის მცოდნე და დიდი გულშემატკივარი.
ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იყო ირანის მწვერვალ ქარქასის დალაშქვრა 200 ირანელ მთამსვლელთან ერთად. მიუხედავად საშინელი ამინდისა (განუწყვეტლივ თოვდა), მწვერვალზე ავედით და ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშებთან ერთად ჩვენც ავაფრიალეთ მწვერვალზე ხუთჯვრიანი ქართული დროშა, რომელიც ამჟამად ჩემთან ინახება.
გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ფერეიდანში გაიხარა ჩემ მიერ ჩატანილმა რქაწითელის ოცდაერთივე ძირმა. გარდა ამისა, ფერეიდნელ ბავშვებს ჩავუტანეთ მწერალ მერაბ ელიოზიშვილის წიგნები მწერლის ავტოგრაფებით და საქართველოს რადიოში დისკებზე ჩაწერილი ვაჟა-ფშაველას მოთხრობები და ქართული ხალხური ზღაპრები ქართველი მსახიობების კითხვით.
– ოჯახი…
– მეუღლე ტატა გედევანიშვილი – პროფესიით ბიოლოგია, მაგრამ რაც შვილები შეგვეძინა, აღარ უმუშავია, მთელი ცხოვრება შვილების აღზრდასა და ჩემთვის ყოველგვარი პირობების შექმნას შესწირა. ჩემი შვილები – სოფიკო და ლევან ჯაფარიძეები ტყუპები არიან. სოფიკო ფოლკლორისტია, ფილოლოგიის დოქტორი, ჰყავს ერთი შვილი – სამი წლის ივლიტა; ლევანი – სტომატოლოგი-ორთოპედი, ამჟამად ცოლ-შვილით ცხოვრობს ნიუ-იორკში. ჰყავს ოთხი შვილი, მათგან, ერთი წლის პატარები – ალექსანდრა და დავით ჯაფარიძეები ტყუპები არიან.
– ივანე ჯაფარიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც მხოლოდ საგანს არ ასწავლის თაობებს… ამაზე თქვენი ყოფილი სტუდენტების წერილებიც მეტყველებს…
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებთან ვკითხულობ ლექციებს არჩევით საგანში „გარემო და ბუნებრივი კატასტროფები“.
ლექციებთან ერთად სტუდენტებს ვაცნობ ქართული კულტურის, მეცნიერების, მწერლობის, ხელოვნების კორიფეებს, რომელთაც წარუშლელი ფურცლები ჩაწერეს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. სტუდენტების დამოკიდებულება ამ საგნისა და ლექტორის მიმართ, ცოტა გადაჭარბებულად, მაგრამ კარგად ჩანს კურსის დამთავრების შემდეგ მათ მიერ მოწერილ წერილებში:
სტუდენტი ლიკა სახურია: „ბატონო ივანე, ყველაზე მაგარი ლექტორი ბრძანდებით მთელ თსუ-ში. ცხოვრებაში ამის თქმა არცერთ ლექტორზე არ შემიძლია ჯერჯერობით. არ გეგონოთ, რომ გეპირფერებით. მომდევნო წლებშიც რომ შემეძლოს, სულ თქვენს საგნებს ავირჩევდი. ალბათ, ერთადერთი ლექტორი ხართ, რომელიც სტუდენტებისთვისაა და ყველაზე მეტად გესმით ჩვენი. არ მინდოდა, თქვენი იმედები გამეცრუებინა. ძალიან გაფასებთ და ვთვლი, რომ მისაბაძი ლექტორი ხართ. დედას გეფიცებით თუ ვტყუოდე. მინდა წარმატებები გისურვოთ. 2014 წ“.
„გამარჯობა, ბატონო ივანე, მე ნიკა ათანელოვი ვარ, ბიოტექნოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ზოგადად, მთელი სემესტრისთვის, ძალიან დიდი ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელსაც საინტერესოდ წარმართული ლექციების ფარგლებში ათავსებდით და ასე გადმოგვცემდით ჩვენ. უზომოდ ბედნიერი, მოხარული და კმაყოფილი ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ამ საგნის გავლა, თქვენი ხელმძღვანელობით მომიწია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, სამართლიანი, ლოიალური და პროფესიონალი ლექტორები არსებობენ, რომლებთაც ბავშვები რეალურად უყვართ. 2015 წ“.
– ჰობი…
– საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრებთან საღამოების გატარება.
– ოცნება?
– ერთადერთი ოცნება – საქართველოს გამთლიანება და გაბრწყინებაა.
თამარ შაიშმელაშვილი