"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში დარჩენილი ხუთი ვაკანსიის შესავსებად ახალი კონკურსი გამოცხადდება
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში დარჩენილი ხუთი ვაკანტური ადგილის შესავსებად, პარლამენტის თავმჯდომარე ხელახალ კონკურსს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამის შესახებ განცხადება თავად დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის დასრულებისას გააკეთა. “არჩევის მეორე ტური, რომელიც გუშინ კენჭისყრით დასრულდა, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ბოლო ეტაპი იყო. შესაბამისად, ამოქმედდება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის ის პუნქტი, რომელიც იმაზე საუბრობს, რომ თუ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ყველა ვაკანტური თანამდებობის დაკავება ვერ მოხერხდა, მაშინ კონკურსი ხელახლა ცხადდება. შესაბამისად, უახლოეს ხანში ხელახლა გამოცხადდება კონკურსი, რათა ჩვენ “საზოგადოებრივ მაუწყებლის” საბჭოში დანარჩენი ხუთი წევრიც გამოვავლინოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.