იაია ტურე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელია

კოტ დივუარის და ინგლისის მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი იაია ტურე აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 2013 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ტანმაღალმა კოტდივუარელმა ნახევარმცველმა ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.
„აღიარება რა თქმა უნდა სასიამოვნოა. მიხარია, რომ კვლავაც უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და ეს სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. 2014 წელს ჩემი მთავარი მიზანი კლუბთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგებაა”, – განაცხადა იაია ტურემ. კამერუნელი სამუელ ეტოოს შემდეგ ტურე პირველია, რომელმაც აფკ-ის გამოკითხვა ზედიზედ სამჯერ მოიგო.
ტურემ, რომელიც 4 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონია, ბოლო გამოკითხვაში 373 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე ლონდონის ჩელსის ნიგერიელი შუახაზელი ჯონ ობი მიკელი გავიდა – 265 ქულა, სტამბულის გალათასარაის კოტდივუარელი ფორვარდი დიდიე დროგბა კი 236 ქულით მესამე იყო. ცნობისათვის: 2001 წელს ტურე კოტდივუარის ჩემპიონი გახდა, 2006 წელს საბერძნეთის პირველობა მოიგო, 2009 და 2010 წლებში ესპანეთის პრიმერადივიზიონი, 2012 წელს კი ინგლისის პრემიერლიგა.
იაია ტურე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად ტელეკომპანია BBC-მაც დაასახელა.

აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელები

2013-2012-2011 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; კოტ დივუარი), 2010 – სამუელ ეტოო (მილანის ინტერი, იტალია; კამერუნი), 2009 – დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი), 2008 – ემანუელ ადებაიორი (ლონდონის არსენალი, ინგლისი; ტოგო), 2007 – ფრედერიკ კანუტე (სევილია, ესპანეთი; მალი), 2006 – დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი), 2005-2004-2003 – სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი), 2002-2001 – ელ ჰაჯი დიუფი (ლივერპული, ინგლისი/ლანსი, საფრანგეთი; სენეგალი), 2000 – პატრიკ მბომა (პარმა, იტალია; კამერუნი), 1999 – ნვანკვო კანუ (ლონდონის არსენალი, ინგლისი; ნიგერია), 1998 – მუსტაფა ჰაჯი (ლა კორუნიის დეპორტივო, ესპანეთი; მაროკო), 1997 – ვიქტორ იკპება (მონაკო, საფრანგეთი; ნიგერია), 1996 – ნვანკვო კანუ (მილანის ინტერი, იტალია; ნიგერია), 1995 – ჟორჟ ვეა (მილანი, იტალია; ლიბერია), 1994 – ემანუელ ამუნიკე (ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია; ნიგერია), 1993 – რაშიდი იეკინი (სეტუბალის ვიტორია, პორტუგალია; ნიგერია), 1992 – აბედი პელე (მარსელის ოლიმპიკი, საფრანგეთი; განა)

წყარო: www. msy.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები