ექსკლუზიური ინტერვიუ 5 შვილის დედასთან, რომელიც მამაკაცებს სექსმომსახურების სანაცვლოდ, თაღლითურად ფულს სძალავდა

5 შვილის დედა, რომელიც მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა და თაღლითურად ფულს სძალავდა, 7 წლის  წინ თავად გახდა მამაკაცისგან  თაღლითობის მსხვერპლი. „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ანა მისი „ბიზნესად“ ქცეული საქმიანობის, უცნობი მამაკაცის მიერ ნაჩუქარი 40 ათასი ლარის და მეგობრის მიერ აღნიშნული თანხის მითვისების შესახებ ჰყვება.   

დაახლოებით  50 წლის  ანა წარმოშობით იმერეთიდან არის, ის პროფესიით ფილოლოგია. 7 წლის წინ ანა მეუღლეს დაშორდა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით, შვილების მეურვეობა  მამას დაეკისრა, ვინაიდან  ბავშვების დედას   საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. ანა შვილების დაბრუნებაზე  დიდხანს ფიქრობდა, მალე მან მარტივი გზით ფულის შოვნის ხერხიც იპოვა. ის სოციალურ ქსელში – „ოდნოკლასნიკებზე“  დარეგისტრირდა, სადაც უცხო ქალის გამომწვევი ფოტოები და ტექსტი  განათავსა – „მოგესალმებით, მე ვარ ანი,  19 წლის.  ვინც ახლავე შემხვდება, 200 ლარის სანაცვლოდ გავერთობით.   მაქვს  მოწესრიგებული ბინა, დრო არ არის პრობლემა“.

ანას უამრავი მამაკაცი გამოეხმაურა, გაიცნო სხვდასხვა პროფესიის ადამიანი. ისინი ქალს პირად შეტყობინებებს  წერდნენ, შეხვედრას სთხოვდნენ,  ტელეფონის ნომრებს ცვლიდნენ და  ვირტუალურად ურთიერთობდნენ. „19 წლის სექსუალურ გოგონასთან“ სექსით დაკავების მიზნით  მამაკაცები ანას ანგარიშზე დაახლოებით 200-300 ლარს რიცხავდნენ, რის შემდეგაც 50 წლის ქალბატონი მათ აღარ ხვდებოდა.

„ოდნოკლასნიკი“ მქონდა გახსნილი. გამომწვევი ფოტოები  დავდე.  მომდიოდა მამაკაცების შეტყობინებები,  შეხვედრას  და სექსუალურ მომსახურებას მთავაზობდნენ.  თუ მათ  შემოთავაზებას დავთანხმდებოდი,   ფულს მთავაზობდნენ  200-300  ლარს.   კაცები მეუბნებოდნენ, რომ მათ ჩემი განსაკუთრებული ხმა მოსწონდათ. როდესაც მივხვდი, რომ ჩემით დაინტერესდნენ, ვიფიქრე, რომ ამ  გზით შეიძლებოდა  ფული მეშოვა. იდეა თავად კაცებმა შემომთავაზეს.  ვიფიქრე, რომ  ამათ საერთოდ არ შევხვდები და ფულს ისე ვიშოვიდი.

7 წლის წინ,  როცა ეს საქმე დავიწყე, მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც  ბიზნესმენი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ტელეფონის საშუალებით ვკონტაქტობდით და ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მე მას ჩემი ისტორია მოვუყევი, ავუხსენი, რომ ფული შვილების დასაბრუნებლად მჭირდებოდა. შეიძლება, ძალიან დაუჯერებელია, მაგრამ მან 40 ათასი ლარი ჩამირიცხა აბსოლუტურად  ისე, არაფრის სანაცვლოდ…  საერთოდ არ მინახავს  ის პიროვნება  და არც კი  ვიცი,   როგორ გამოიყურება.   ეს არ ყოფილა არანაირი გამოძალვა, თავისი ნებით ჩამირიცხა ანგარიშზე. მასთან მხოლოდ   სატელეფონო საუბრები მქონდა“,  – აცხადებს 5 შვილის დედა.

როგორც ანა ამბობს, მას შეეშინდა აღნიშნული თანხის საკუთარ ანგარიშზე დადება და თავის ძველ ნაცნობ მამაკაცს, რომელიც სპეცრაზმის თანამშრომელი იყო, სთხოვა თავის ანგარიშზე შეენახა ფული. დიმიტრი ჯ. შეთავაზებას დასთანხმდა.

ანამ თბილისის ერთ-ერთ უბანში ბინა 8000 აშშ დოლარად იგირავა, იგივე თანხა გადაიხადა იმერეთში მეორე ბინის დასაგირავებლად იმ მოტივით, თუ მისი მეუღლე  თბილისში  შვილების გადმოყვანას არ დასთანხმდებოდა. ანამ ორივე ბინა მეგობარ სპეცრაზმელზე გააფორმა.  ერთი თვის შემდეგ კი, მას სახლში სოცმუშაკმა მიაკითხა და გამოსახლების ფურცელი მიუტანა. ანა სპეცრაზმელის „დახმარებით“ ორივე სახლიდან გამოასახლეს.

მაშინ დაზარალებულმა ანამ მეგობარს სასამართლოში უჩივლა.   რამდენიმეთვიანი  განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანამ  ვერც თანხა დაიბრუნა  და  ვერც დაგირავებული ბინები. „მამაკაცს“ თაღლითობა  არ დაუმტკიცდა.

„ვენდობოდი  ჩემს ნაცნობ მამაკაცს. ახლო მეგობარი იყო.   დიმიტრის ვთხოვე,  თქვენ თანამდებობის პირი ბრძანდებით,   ჩემს სახელზე არ მინდა  ამხელა თანხის დადება და შემინახე შენს ანგარიშზე ბინის შოვნამდე-მეთქი, მან კი ეს თანხა წამართვა.  მაშინ ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე. მოსამართლემ განმარტა, რომ დანაშაული არ იკვეთება,  რადგან შენი ნება-სურვილით  გადაურიცხე თანხაო. ვერსად ვერ დავამტკიცე, რომ ამ პიროვნებამ 40 ათასი ლარი გამომძალა. ბანკის ვალი ჰქონდა და ჩემი თანხით ყველაფერი დაფარა.

მაშინ, იმ ბიზნესმენსაც დავუკავშირდი, ვინც თანხა ჩამირიცხა და ვთხოვე, დაეწერა ჩემს წინააღმდეგ საჩივარი, რომ თითქოს ფული გამოვძალე, რადგან ეს დაამტკიცებდა, რომ ჩემი თანხა იყო, მაგრამ ის არ დამთანხმდა. თანახმა ვიყავი, პასუხი მეგო და ციხეშიც ჩავმჯდარიყავი. მოსამართლემ კი განმარტა: „რადგან თქვენ თქვენივე სურვილით დაურიცხეთ თანხა მოქალაქე დიმიტრი ჯ-ს, თაღლითობა არ  იკვეთება“ –  თუკი მაშინ, ის  ფაქტი არ იყო თაღლითობა, მე თუ ვინმე ახლა საკუთარი ნებით ფულს ჩამირიცხავს ანგარიშზე, არც მე გამოვდივარ თაღლითი, ხომ?  ამ ყველაფერმა მიბიძგა იმისკენ, რომ ფული ამ გზით მეშოვნა“, – ამბობს ანა.

ანამ გეგმის განხორციელება დაიწყო…

„არის ერთი ქართული საიტი, სადაც ადამიანებს სექსმომსახურებას სთავაზობენ. განცხადებებს და ფოტოებს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები ანთავსებენ.  სექსმუშაკები ძირითადად ქართველები არიან, რომლებიც შეთანხმების შემთხვევაში,  ხვდებიან მამაკაცებს და ამყარებენ მათთან სექსუალურ კავშირს.

საიტის ადმინი არის ქართველი ბიჭი. განცხადების დადების შემდეგ,  ადმინი უკავშირდება გოგოებს და „ამოწმებს“. გარდა ამისა, ადმინს აქვს წინაპირობა:  „თუ შენ გინდა, ჩემი საიტის დახმარებით ფული იშოვო, სექსით უნდა დაკავდე ჩემთან, რა თქმა უნდა, უფასოდ.  სანაცვლოდ,  შენს განცხადებას დროდადრო  განვაახლებ“.  ანუ  ეს ბიჭი  არის, ტიპიური  ქართველი „სუტინიორი“,   რომელსაც არავინ აკონტროლებს.  ასე მოიქცა ჩემს  შემთხვევაშიც, თუმცა „მახეში“ თავად გაება.  მან  ჩემს პირად  ანგარიშზე  300 ლარი  ჩარიცხა, მაგრამ არ შევხვდი.  მერე ჩემს განცხადებას მიაწერა: – „ამას არ შეხვდეთ, თაღლითია,  არ ენდოთ, ეს არ შეგხვდებათ“.   მე კი  კატეგორიულად გამაფრთხილა,  რომ  საიტზე განცხადებას ვეღარ  დავდებდი.  გარკვეული დროის შემდეგ  შემითანხმდა, რომ თუ მის საიტზე განცხადებას განვათავსებდი, მისთვის, პირადად,  გარკვეული ოდენობის თანხა უნდა გადამეხადა.  ეს არის ტიპიური „სუტინიორი“,   რომელიც ქალებთან წილში ზის“,  – ამბობს ანა.

ანას წლების განმავლობაში სხვადასხვა ორიენტაციისა და არატრადიციული სექსის მოყვარულები უკავშირდებოდნენ. 

„ქალებსაც დაურიცხავთ ფული. იყვნენ სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანები. ცოლ-ქმარიც დამკავშირებია, მათ  მესამე პირთან გართობა  აინტერესებდათ. იყო შემთხვევა, კაცები, რომლებიც სოციალურ დახმარებას და პენსიას ელოდებოდნენ, თანხებს აგროვებდნენ და მირიცხავდნენ.  მეუბნებოდნენ, 150 ლარი მაქვს და  ცოტა დამიკელიო, მეც,  20 ლარი ან 30 ლარი  დამიკლია.  ასაკი შეზღუდული არ მქონდა“, – იხსენებს დეტალებს 5 შვილის დედა.

წლების განმავლობაში ანა კაცების  „წყალობით“ კურიოზულ სიტუაციაშიც ბევრჯერ აღმოჩენილა.

„იყო შემთხვევები, როდესაც  ერთსა და  იმავე  კაცს  თანხა ორჯერ-სამჯერ დაურიცხავს.  – „აუ ხომ დაგირიცხე?  კიდევ დაგიმატებ 200  ლარს  და გეხვეწები შემხვდი.  მახსოვს,  ერთმა,  ერთ დღეში  1400 ლარი დარიცხა.  თუმცა, არავის არ შევხვედრივარ, ტელეფონზე ვესაუბრებოდი, ვკარნახობდი რაღაც მისამართს. მას შემდეგ, რაც ისინი ადგილამდე მივიდოდნენ და დამირეკავდნენ, მე მათ ვატყუებდი, რომ ვხედავდი ფანჯრიდან. ვეუბნებოდი, რომ შენ ახლა ჯინსის შარვალი გაცვია და მუქი ფერის ქურთუკი – ქართველი კაცების უმრავლესობას ასე აცვია. შენ ამ ფერის მანქანით ხარ მოსული, თუ არ დაემთხვეოდა, მეუბნებოდა, რომ ეგ მანქანა ჩემს უკან დგას და ასე ხშირად „ვარტყავდი“ შემდეგ მემუქრებოდნენ, მაგრამ „უგვარებდი“. ზოგიერთი მადლობას მიხდიდა, რომ მაგალითი იყო მათთვის.

ერთხელ,  ბათუმში მივდიოდი.   ბათუმელი მირეკავდა და ვეუბნებოდი, რომ  გზაში  ვარ,  ბათუმში მოვდივარ.  მან  ანგარიშზე 300 ლარი დამირიცხა. მირეკავდა, –  სად ხარ, რომელი მანქანით მოდიხარ ბათუმის შესასვლელთან დაგხვდებიო. მანქანის  ნომერს მთხოვდა და ვუთხარი   „გოიმ – 300”-ით მოვდივარ-მეთქი,   „ვეხუმრე“. წარმოგიდგენიათ, ის კაცი  ბათუმის  შესასვლელში იდგა და  ელოდებოდა „გოიმ-300“  როდის  ჩაივლიდა.   თურმე, ამ დროს  ჩემი ტელეფონი უკვე  ისმინებოდა. სამართალდამცავებმა დაიბარეს,  ჰკითხეს  მიცნობდა თუ არა, ფული გამოგძალა და გვაპოვნინეო,  მას კი უთქვამს   – „ძმაო, ერთი რაც ვიცი მანქანა ჰყავს „გოიმ 300“-იო,  ამით თუ იპოვითო“. პოლიციელებს  პასუხად უთქვამთ –  ეს „გოიმ 300“ მანქანა კი არა, შენ ხარ და ვერ გაგიგიაო“. მერე გავიგე, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა.  ის ახლაც მირეკავს და მკითხულობს…  ჩემს ტელეფონში კი მას საკუთარი სახელი აქვს –  „გოიმ 300“, – ამბობს ანა.

სამართალდამცავებმა ანას თაღლითური სქემა 7 წლის შემდეგ გაშიფრეს. საქმე ერთ-ერთი დაზარალებული მამაკაცის მიერ აღიძრა. გამოძიების პროცესში 40-მდე დაზარალებული მამაკაცი გამოიკვეთა. 5 შვილის დედა მათ ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ დაზარალებულებში იყვნენ მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები და პენსიონერებიც.

ანას შვილებს დღემდე მამა ზრდის, შვილებს ის დროგამოშვებით ნახულობს.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სსკ-ის 180 მუხლით (1-2 ნაწილი) გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულის, ანას სასამართლო პროცესი დასრულდა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს სასჯელის ზომად 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა, რომ იგი 5 შვილის დედაა. ანამ დანაშაული დაპატიმრებისთანავე აღიარა და მოტივიც განმარტა.

როგორც „კვირას“ ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ თენაძემ განუცხადა, მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულს ჩაბარდება, მან 3000 ლარი უნდა გადაიხადოს. თუმცა, თუ საქმეში აღსრულების ბიურო ჩაერთო, შესაძლებელია ეს თანხა რამდენიმე წელზე გადანაწილდეს.

იზა შაქარაშვილი

 ასევე იხილეთ: http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები