გულიკო ზუმბაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართულობისაკენ მოუწოდებს. ზუმბაძე მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის არარსებობითაა გამოწვეული. “ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებლით. იქ, სადაც ეს მაჩვენებელი მაღალია, დაცულია პროცესის ყველა დემოკრატიული პრინციპი: მონაწილეობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, შესაბამისად, მიიღება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, დღემდე, დედაქალაქის მთავარი დოკუმენტის – ბიუჯეტის – მიღების გადაწყვეტილების პროცესში დარღვეულია ეს პრინციპები, რასაც აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-4 მუხლიც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიმაჩნია, მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესებულ პირებს, ექსპერტებს, აქტიურად ჩაერთონ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში, დამტკიცებასა და შემდგომ უკვე შესრულების კონტროლის განხორციელებაში. დროა, ეს პროცესები გასცდეს თბილისის საკრებულოსა და მერიის კედლებს და გამოიხატოს ფართო ფენების დამოკიდებულება როგორც ბიუჯეტის, ისე თვითმმართველობაში შექმნილი ყველა მოვლენების მიმართ. ამ ეტაპზე საჭიროდ მიმაჩნია, სასწრაფოდ, საკრებულოს ვებგვერდზე ბიუჯეტის პროექტის განთავსება და საჯარო განხილვების მოწყობა. დღეს არ შეიძლება გულგრილი იყოს საზოგადოება, გარედან უყუროს და შეაფასოს მოვლენების განვითარება, ვინაიდან, შესაძლოა, პროცესები იმგვარად განვითარდეს, რომ დაზარალდეს ჩვენი ჯერ კიდევ ფეხაუდგმელი ადგილობრივი დემოკრატია და დაზარალდნენ თბილისელები“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.