“ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი” – პროკურორი

“შედგა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”, – ამის შესახებ პროკურორი ნათია თათიაშვილი აცხადებს.

“შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და, ამავდროულად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.

ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, სწორედ ეს გახდა საფუძველი მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების, დაეთანხმა იგი წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება, კონკრეტულ სახელს და გვარებს მე ვერ დაგისახელებთ”, – განმარტავს პროკურორი.

შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე, დაეკიარა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები