კახა კალაძემ სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები გადასცა
კახა კალაძემ დღეს სამტრედიაში უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა 2012 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად რამდენიმე ოჯახს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საკუთარი საცხოვრებელი. ბოლო წლებში პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებიც ოჯახების მხარდაჭერაში ერთვებიან.
„დღეს საცხოვრებელი სახლი გადაეცა ხუთ ოჯახს:
- ირაკლი თევზაძის 9-სულიან ოჯახს, სადაც 7 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება;
- გოგიტა ჩერქეზიას ოჯახს — მარტოხელა მამას ოთხი შვილით;
- ედვარდ ხუბაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს;
- გივი გელაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს;
- ირაკლი თავაძის ოჯახს, რომელსაც უახლოეს პერიოდში მეოთხე შვილი შეემატება.
საცხოვრებელი სახლების გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, სასულიერო პირები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.