ახალქალაქში ხის სკოლა მთლიანად დაიწვა – ხანძარი დაწესებულებას სასწავლო პროცესის დროს გაუჩნდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლა მთლიანად დაიწვა. ცეცხლი დაახლოებით, 13.30 საათზე გაჩნდა. სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
„საკლასო ოთახში შეშის ღუმელია, ცეცხლი გავარვარებული მილიდან შენობის ჭერს გაუჩნდა. შენობა ხისაა და უცებ დაიწვა ყველაფერი. ცეცხლი უმალ მოედო იქაურობას. მოსწავლეები კი გამოვიყვანეთ, მაგრამ სასკოლო ინვენტარი ვერ გადავარჩინეთ“, – განუცხადა „კვირას“ გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ჩუნჩხაში გიორგი ზარიძემ.
მისი თქმით, ხის სკოლა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, 1989 წელს აშენდა. ზარიძე ამბობს, რომ სკოლის შენობა მთლიანად ხის იყო და იქ მხოლოდ სამი კლასის მოსწავლეები სწავლობდნენ. მისი თქმით, ამავე სკოლაში სწავლობდნენ მეზობელი სოფლის მოსწავლეებიც.
„ამ სკოლაში მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სწავლობენ. სასწავლო პროცესი ორ ცვლაში მიმდინარეობს. მოსწავლეების ნაწილი სოფელ პტენიდან დადის, ნაწილი კი ჩუნჩხიდან. ხანძრის დროს სკოლაში სოფელ პტენის მოსწავლეები იმყოფებოდნენ”, – ამბობს გიორგი ზარიძე.
როგორც ზარიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, სოფელში კიდევ ერთი სკოლაა, რომელიც ავარიულია. ძველი სკოლა, იმდენად ძველია, რომ თავად ზარიძესაც კი არ ახსოვს, როდის აშენდა. „კვირას“ კითხვაზე, სად გააგრძელებენ სასწავლო პროცესს მოსწავლეები, პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
„მე შევთავაზე სოფლის ადმინისტრაციული შენობის რამდენიმე ოთახი, რათა სასწავლო პროცესი დროებით გამგეობის შენობის ბიბლიოთეკაში გაგრძელებულიყო, მაგრამ უარი მივიღე. შემთხვევის დროს განათლების სამინისტროს ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანიც იმყოფებოდა. მან შემოგვთავაზა, რომ სკოლის იმ მოსწავლეებმა, რომლებიც მეზობელი სოფლიდან ჩვენთან, ჩუნჩხის სკოლაში დადიოდნენ, სწავლა დროებით სოფელ ატენში გააგრძელონ, მაგრამ ჩემთვის უცნობია, შეატყობინა თუ არა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია ათენის სკოლის დირექტორს. სკოლის მოსწავლეების ნაწილი, მეორე ცვლაში ივლიან და სწავლის პროცესს ძველ სკოლაში გააგრძელებენ“, – აღნიშნა გიორგი ზარიძემ.
განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა. მისი თქმით, სასწავლო პროცესი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გაგრძელდება.
მომხდარი ფაქტის გამო, „კვირა“ სკოლის დირექტორს, ემზარ პაპიძესაც დაუკავშირდა. იგი უკვე 9 წელია ამ სკოლის დირექტორია. პაპიძე ამბობს, რომ მას ხანძრის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროსთვის არ მიუწოდებია. თუმცა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ.
„სკოლა ამორტიზებულია. ეს დამხმარე შენობა ჯერ კიდევ 1989 წელს ააგეს. ხის შენობაა, ამიტომ ცეცხლმა უცებ გაანადგურა ყველაფერი. წინა ხელისუფლების დროს განათლების სამინისტროს რამდენჯერმე მივწერე სკოლის შესახებ, სოფელს ახალი სკოლა სჭირდება, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია“, – აღნიშნა პაპიძემ.
როგორც „კვირას“ ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ტერეზა ჩივჩიანმა განუცხადა, მან ხანძრის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ჯერ ტელეფონით, შემდეგ კი ოფიციალური წერილით აცნობა.
„ეს სკოლა ხის სახლში იყო განთავსებული. შენობა ძველი იყო. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი არ ჩაიშალოს, ალტერნატიულ ფართს ვეძებთ. მოსწავლეებს ან სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში შევიყვანთ ან რომელიმე კერძო სახლში“, – ამბობს ტერეზა ჩივჩიანი.
„კვირა“ განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის უფროსის ინფორმაციით, სოფელ ჩუნხაში განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ჩავიდნენ და მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მისივე თქმით, ჯგუფის წევრები შეისწავლიან, რა ზარალი მიადგა სკოლის შენობას. თუმცა, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ემზარ პაპიძემ უარყო.
„აქ რომ ვინმე ჩამოსულიყო, მეცოდინებოდა, ჩემთან არავინ მოსულა“, – აღნიშნა ემზარ პაპიძემ.
მოგვიანებით, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა „კვირას“ განუცხადა, რომ ჯგუფის წევრები გზაში არიან და დაახლოებით ერთ საათში სოფელ ჩუნჩხაში იქნებიან.
უფრო გვიან, ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ტერეზა ჩივჩიანმა „კვირას“ განუცხადა, რომ ხვალ სასწავლო პროცესი სოფელ ჩუნჩხის ადმინისტრაციულ შენობაში გაგრძელდება.