„მომხრე ვარ, მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრების ხელფასის შემცირების მიზეზები განმარტა. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, მინისტრებმა პრემია და დანამატი მიღწეული შედეგების მიხედვით უნდა მიიღონ. „ვფიქრობ, მინისტრებს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ. ეს განისაზღვრა 5 ათასი ლარით, თავისი დანამატის ჩათვლით. მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს ფიქსირებული ამა თუ იმ მინისტრის ხელფასის დანამატი ყოველთვიურად. მე უფრო მომხრე ვარ, რომ მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი. სწორედ აქედან გამოვედი, ეს არის ჩვეულებრივი, თანამედროვე მიდგომა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრის მინიმალური ხელფასი 5000 ლარით განისაზღვრა.
“ამის შემდეგ კი, თუ ჩვენ ჩავთვლით, თუ მე ჩავთვლი, რომ ესა თუ ის მინისტრი არის ძალიან ეფექტური, რომ ისინი გამოირჩევიან განხორციელებული პროექტებით თუ საქმიანობით, მათი საქმიანობა შესაბამისად დაფასდება. ეს არის ჩემი მიდგომა. არ არის აუცილებელი, ყოველთვიურად მათ ჰქონდეთ მოჭრილი ფიქსირებული დანამატი მათთვის უკვე დადგენილ ხელფასზე”, – განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც არსებობს. მან მაგალითად ბალტიისპირეთი მოიყვანა და განმარტა, რომ იქ მინისტრებს საკმაოდ დაბალი, ფიქსირებული ხელფასი აქვთ, დანამატის ჩათვლით, თუმცა მათი პრემიების საკითხი წყდება და განიხილება მათ მიერ განხორციელებული ეფექტიანი საქმიანობის შედეგად. “თუ მინისტრები გამოიჩენენ ინიციატივებს, იქნებიან უფრო მეტად მოტივირებულები, უფრო მეტად იქნებიან ხალხის სამსახურში და ზედმიწევნით კარგად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მათი საქმიანობა ადეკვატურად დაფასდება და ამას ხალხი უფრო სწორად გაიგებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა