„გიორგი ბადაშვილი სამართლიანობის აღდგენის პროცესს ბოლომდე მიიყვანს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. ღარიბაშვილის შეფასებით, ბადაშვილი ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება და მისი ხელმძღვანელობით საგამოძიებო უწყება გახმაურებული საქმეების გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. „ახალი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით მე მქონდა კონსულტაციები გუნდთან და ჩვენ ერთობლივი კონსულტაციების შედეგად ჩამოვყალიბდით. ბადაშვილი იუსტიციის მინისტრმა წარადგინა, რაზეც მე რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადე. დარწმუნებული ვარ, გიორგი ბადაშვილი იქნება ეფექტური მთავარი პროკურორი. მას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, მას აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება, მას აქვს საინტერესო უნარ-ჩვევები და აქვს მენეჯერული თვისებებიც. საბოლოო ჯამში, მას აქვს ყველა ის თვისება, რაც საჭიროა მთავარი პროკურორისთვის. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა ისეთივე მოტივირებულია დღეს, როგორიც იყო 2 თვის წინ, მაშინ როდესაც ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა მთავარ პროკურატურაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ და ბოლომდე მიიყვანენ იმ გახმაურებული საქმეების გამოძიებას, რომელსაც მთლიანი საზოგადოება ელოდება. და რაც მთავარია, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ბადაშვილი უზრუნველყოფს იმას, რომ სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი, რომელიც დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, იქნება მიყვანილი ბოლომდე. მე მას სრულად ვუცხადებ მხარდაჭერას და თანადგომას. მე მინდა ზოგადად, საქართველოს პროკურატურას, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს, გამოვუცხადო სრული თანადგომა და სრული მხარდაჭერა. მე მათი იმედი მაქვს და მიმაჩნია, რომ ისინი ყველა მათ წინაშე დასახულ მიზნებსა და ამოცანებს წარმატებით განახორციელებენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.