პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ვეტერან გიორგი შანშიაშვილს ეხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ვეტერან გიორგი შანშიაშვილს ეხმაურება. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ომის ვეტერანი გიორგი შანშიაშვილი გამოთქვამს საყვედურს ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო. მისი განცხადებით, მკურნალობისთვის ესაჭიროებოდა 5000 ევრო, რომლის დაფინანსებაზეც სახელმწიფოსგან უარი ეთქვა, სამაგიეროდ კი, საახალწლოდ, როგორც ვეტერანს, გაეგზავნა პრემიერ-მინისტრის მისალოცი ბარათი. “საჭიროდ მიგვაჩნია პირადად ბატონ გიორგის და მთელ საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ახალი წელი მისალოცი ბარათით ყველა ვეტერეას მიულოცა. აქვე გაცნობებთ, რომ 2013 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაფიქსირებულია მოქალაქე გიორგი შანშიაშვილის (დაბადებული 1957წ. აფხაზეთის ომის მონაწილე, ომის და სამხედრო ძალების ვეტერანი) რამდენიმე განცხადება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრის შუამდგომლობით. მისი ყველა თხოვნა დაფინანსების თაობაზე განხილულ იქნა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ 4 სხვადასხვა კომისიაზე. 1 წლის განმავლობაში, ოთხჯერვე დაფინანსდა მოთხოვნილი მკურნალობა და ოპერაცია (რიგ შემთხვევებში მკურნალობის ხარჯი დაფინანსდა ნაწილობრივ) – 20 000 ლარამდე თანხის მოცულობით, მათ შორის გადარიცხული იქნა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯი – 5 500 ევრო უცხოურ კლინიკაში. 2014 წლის 8 იანვარს გიორგი შანშიაშვილის მკურნალობის დაფინანსების თაობაზე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შემოსულია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ევრაზიული არჩევანი – საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, რომელსაც ახლავს იგივე დოკუმენტაცია, რომელიც უკვე განხილული და დაფინანსებული იყო 27.11.2013წ. N 31 სხდომაზე. ამ ეტაპზე შუამდგომლობა განხილვისა და შესწავლის სტადიაშია, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს სხდომაზე. ასევე გაცნობებთ, რომ მოქ. გიორგი შანშიაშვილს დამატებით მიღებული აქვს სამედიცინო მომსახურება სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით, 2013 წელს თებერვალში – 1200,00 ლარის ოდენობით და დეკემბერში – 1040,00 ლარის ოდენობით. საქართველოს ხელისუფლება და, პირადად, პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულად აფასებს ვეტერანთა ღვაწლს საკუთარი ქვეყნის წინაშე, ყოველთვის ცდილობს, სათანადო პატივი მიაგოს მათ, მოახდინოს რეაგირება მათ მოთხოვნებზე და აღმოუჩინოს დახმარება“,- აღნიშნულია განცხადებაში.