თბილისიდან დიუსელდორფამდე ქვიშის სამყაროზე ფიქრით… – ირაკლი ბუგიანის „სალაპარაკო ენა“
ცხოვრობს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში. იქ აქვს სახელოსნო და ინტენსიურად ხატავს. ევროპასა და საქართველოში, არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში მონაწილეობდა. ეროვნულ გალერეაში გამართულმა პერსონალურმა გამოფენამ კი – „ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“, მასთან შეხვედრა გადამაწყვეტინა. პერსონის სტუმარია ახალგაზრდა მხატვარი ირაკლი ბუგიანი.
– დავიბადე 1980 წელს თბილისში. დედაჩემი ქიმიკოსია. მამაჩემი გეოფიზიკოსი, ანუ მეცნიერების ოჯახში დავიბადე. პირდაპირი ხელოვანი ჩვენს ოჯახში არავინ ყოფილა. მეცნიერები იყვნენ – პაპა, ბებია და ყველა.
სულ ვხატავდი, ბავშვობიდან ხატვისადმი ინტერესი მქონდა. ჩემი წინაპრებიც მხატვრები იყვნენ. ხელოვნების მუზეუმში რომ ჰკიდია პირველი პორტრეტისტი ქართველი მხატვრის ფოტო, იყო გიორგი მაისურაძე. და იგი ჩემი წინაპარია.
ბავშვობიდან დედაჩემს და დეიდაჩემს დავყავდი გამოფენებზე. მაგრამ სულ ვხატავდი, ახლაც მაქვს ნამუშევრები, თუ რას რას ვხატავდი 2 და 3 წლის ასაკში.
– პირველი ნამუშევრები გახსოვთ?
– ყველაზე პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო ის, რასაც 2 წლის ასაკში ვხატავდი, მერე უკან-უკან წავედი. ბავშვობაში პირდაპირი აღქმაა იმისი, რასაც ხედავ. ბავშვი სხვანაირად აღიქვამს გარემოს, მერე რაღაცებს ვსწავლობთ. გამოცდილება გვემატება და ეს გარკვეულ ჩარჩოებში გვაქცევს.
– კონკრეტულად რა დახატეთ ბავშვობაში?
– რასაც ვხედავდი, დედას, მამას, ხეს, ბალერინას, ყველაფერი იმას, რასაც მერე შემოქმედი შეგნებულად ეძებს, რომ დაუბრუნდეს. მაგრამ მერე ამის გაკეთება ხანდახან რთულია.
– სხვადასხვა სასწავლებელში სწავლობდით…
– ჯერ მე-6 სკოლაში ვსწავლობდი, გერმანულ სკოლას რომ ეძახიან. სკოლა ბოლომდე არ დამიმთავრებია, რადგან მე-9 კლასის მერე ვიყავი ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. აქედან მივიღე უკვე პროფესიული განათლება, მაგრამ მივატოვე ნიკოლაძეც… ექსტერნად ჩავაბარე გამოცდები, რომ სკოლის დიპლომი ამეღო. მერე სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და გადავედი ფერწერის ფაკულტეტზე, კინო-მხატვრობაზე, ვიყავი ერთი-ორი წელი, იქაც ისე მობეზრდა, რომ მივატოვე და წავედი. მივხვდი, რომ ვეღარ ვიძროდი საერთოდ. ავდექი და წავედი, საერთოდ წავედი…
შემდეგ იყო გერმანიის ქალაქ კარლსრუეს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, რომელიც დავამთავრე, არ მინდოდა დამთავრება, მიტოვება მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ სადღაც ხომ უნდა მქონოდა დიპლომი.
– ანუ არც იქ მოგეწონათ?
– განსხვავება აკადემიებს შორის ის არის, რომ აქ, საქართველოში, ძალიან კლასიკური განათლებაა. დღეს არ ვიცი, ჩემს პერიოდში ვამბობ, 90-იანი წლების ბოლოს ვგულისხმობ. გასწავლიან კანონიკურად, როგორ დახატო ესა თუ ის ნივთი, ფორმა, მაგრამ სივრცე არ არის ექსპერიმენტებისთვის. მე აკადემიის პერიოდშიც, ძირითადად, სახლში ვხატავდი. იქ აკადემია ერთ პრინციპზეა აგებული, აკადემია გაძლევს დიდ სივრცეს, ხატვისას ერთი-ორი სტუდენტია ამ ერთ ოთახში, როცა სადაც საქართველოში 25 ერთად არის. აკადემია გაძლევს ინფრასტრუქტურასაც. არის სახელოსნოები, გრაფიკული თუ შედუღების, რკინაზე, ხეზე, რაზეც გინდა, იმუშავებ. ფოტოგამჟღავნებაც შეგიძლია. ყველაფერს გააკეთებ, რაც ხელოვნებასთან შეიძლება იყოს კავშირში. ყველანაირი სახელოსნო უმაღლესი დონისაა თავისი დანადგარებით და გაძლევს საშუალებას, რომ სანამ სტუდენტი ხარ, ექსპერიმენტები ჩაატარო და სცადო. ნაკლებად არის პროფესორის როლი, არც ჩემთვის ყოფილა დიდად. მთავარია ნიჭი, მონდომება და შრომისმოყვარეობა. ამავე დროს, თავად სწავლობ რაღაცებს, და არა აკადემიაში.
-აკადემიის დასრულების მერე, 2010 წელს, დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის დარგში მაგისტრის ხარისხი მოიპოვეთ...
– ხელოვნების ისტორიას ვსწავლობდი, თეორიული ცოდნა შევიძინე, ჩემი სახელოსნო მაქვს დიუსელდორფში და გამოფენები იმართება.
– ეროვნულ გალერეაში მიმდინარეობს ირაკლი ბუგიანის პერსონალური გამოფენა, რომლის სახელწოდება შერჩეულია ინგლისელი პოეტის, უილიამ ბლეიკის ლექსის სტრიქონიდან – To See a World in a Grain of Sand („ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“). ფერწერულ ტილოებში ნათლად ისახება მისწრაფება მისტიციზმისკენ. ეს მეტაფორა კი?..
– ეს მეტაფორა არის სამყაროს ერთიანობაზე. ბოლო დროს უფრო მაგ თემაზე ვმუშაობ, ბუნებასა და ყველაფერშია ქვიშის სამყარო… ნებისმიერი, ჩვენ გარშემო არსებული ბუნებრივი, ცოცხალი არსება, ან მცენარე, თუნდაც ზღვა, ხე, მთა, ყველაფერი შეიცავს თვითმსგავს ელემენტებს, – შედგება ფრაქტალური ელემენტებისგან. და ამ თემას ეხმიანება ეს მეტაფორა. ასეთი მასშტაბური პროექტი მარტო არ კეთდება. ვინც ერთობლივად ვითავეთ გამოფენის ორგანიზება, უილიამ ბლეიკის მეტაფორა ავიღეთ. ეს არის ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. მანამდეც მიმიღია გამოფენებში მონაწილეობა. ასეთი მასშტაბის და ასეთ მუზეუმსა და სივრცეში კი, პირველად გამოიფინა.
Project ArtBeat-ი, რომელიც ქართულ ხელოვნებას უწევს პოპულარობას, მათი ინიციატივით, ერთობლივად, გაკეთდა ეს პროექტი. კურატორია ლევან მინდიაშვილი.
– ამ ნამუშევრებში აბსტრაჰირებასა და რეალისტურ მხატვრობას შორის გარდამავალი რაღაც საფეხურია. რეალობისა და ირეალობის საზღვარია. ირეალური, უხილავი სამყარო ჩანს რეალურადო, – მოვისმინე გამოფენის გახსნის დღეს… დღეს მრავალი ხატავს და ყველა ცდილობს, თავისი ხელწერა ჰქონდეს. რით არის თქვენი შემოქმედება გამორჩეული?
– ამას ვერ გეტყვით. ეს ისევ დამთვალიერებელმა შეაფასოს…
– რამდენი ნახატია გამოფენილი?
– ამ თემის ქვეშ გაერთიანებული დაახლოებით 50 ნამუშევარი.
– თქვენი ტექნიკა… როგორ ხატავთ?
– ჩვეულებრივად, ფუნჯით და ზეთის საღებავით ვხატავ ტილოზე. რაღაც ექსპერიმენტებიც მქონდა, მაგრამ, ძირითადად, ამ მასალაზე შევჩერდი, ანუ ეს არის ჩემი „სალაპარაკო ენა“.
– როგორ ხატავთ, ინსპირაციას რა გაძლევთ?
– სულ მოდის შთაგონება. გამუდმებით ვფიქრობ. სახელოსნოში რომ მივდივარ, წინასწარ არ ვიცი, რას დავხატავ და გავაკეთებ. ეს ალბათ პროცესში იბადება, ძალიან ხშირად იქვე იცვლება. სხვა რაღაც ემატება…
შემოქმედების ინსპირაციის საიდუმლო ასეთია – ყველაფერი, გარემო, სადაც ვცხოვრობ და რასაც ვხედავ, იქიდან მოდის ინსპირაცია. ანუ ხელოვნების სხვა დარგებიდან უფრო მოდის, ვიდრე მხატვრობიდან. რადგან მხატვარი ვარ, კინოდან, მუსიკიდან უფრო ვიღებ, ვიდრე ფერწერიდან.
– თქვენს ნამუშევრებში არ ჩანს, რომ რომელიმე ფერს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებდეთ…
– ჯობია, რომ მხატვარს ეს საერთოდ არ ჰკითხოთ. ფერი ყველა ფერია და გააჩნია სიტუაციას, ნამუშევარს, რისი თქმა გინდა, რა ემოციაა. მე ყველა ფერი მიყვარს. მასე არ არის, რაღაც გამოგდის თუ არ გამოგდის, ფერებიც იცვლება, შეიძლება 10 ათასი ფერით დახატო ნახატი და გამოვიდეს კარგი, შეიძლება 10 ათასი ფერი დახატო და იყოს ცუდი. შეიძლება სამი ფერით დახატო და იყოს გენიალური. ეგ არის ძალიან ინდივიდუალური და შემთხვევიდან შემთხვევამდე. მხატვრის მომენტიცაა, შეიძლება ისეთ განწყობაზე იყო, რომ მარტო მწვანედ, ან წითლად და სხვა ფრად დახატო.
– შემოქმედებითი ნიჭი თქვენს ოჯახში დასაც დაჰყვა…
– ჩემი და – ხელოვნებათმცოდნე ეკატერინე ბუგიანიშვილია, იგი ნიჭიერი ფოტოგრაფია. ჩემი დის ორგანიზებულ იყო Mitost-ის ფესტივალის ფარგლებში გამართული ჯგუფური ფოტოგამოფენა. ძალიან ემოციურ და ღრმა ფოტოებს იღებს. თემა ხშირად არის რაღაც დღიურები… ფოტოგრაფიული ჩანახატები.
– ირაკლი ბუგიანის ერთი დღე…
– ასეთი დღე არ მაქვს, ყველა დღე სხვადასხვანაირია და რომელი დღე რას მოიტანს, რომელ საათზე დავიძინებ, რომელზე გავიღვიძებ. სად წავალ, არ ვიცი.
ეგრე არ ვარ, რომ ერთი ნახატი ვხატო დილიდან საღამომდე. ვხატავ 5-6 ტილოს ან უფრო მეტს, ერთად. ხანდახან მუსიკის ფონზე, ხანდახან – არა.
– სიტყვამ მოიტანა და, რომელი მუსიკა გიყვართ?
-ყველანაირი, რაც მომწონს.
– სამომავლო გეგმები?
– დიდი პროექტი გავაკეთე, ჯერ მიმდინარეობს გამოფენა და სამომავლო გეგმაზე მერე ვისაუბროთ. ახლა კი დავბრუნდები გერმანიაში და სახელოსნოში ხატვას გავაგრძელებ.
თამარ შაიშმელაშვილი