პაატა ზაქარეიშვილი მუფტს იასინ ალიევს შეხვდა
პაატა ზაქარეიშვილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს იასინ ალიევს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. “სახელმწიფო, ფაქტობრივად, ახლა იწყებს მუსლიმ საზოგადოებასთან რეალურ მუშაობას. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა თანამშრომლობითი იყოს, რადგან ეს ადამიანები ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და გვსურს, შევისწავლოთ და მათ საქმიანობაში ჩაურევლად დავიცვათ მათი უფლებები. მუსლიმი საზოგადოება ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და, რაც მეტად იქნება იგი ინტეგრირებული საქართველოს საერთო სხეულში, მით მეტად მდგრადი იქნება სახელმწიფო”, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. იასინ ალიევმა სახელმწიფო მინისტრს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. “მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო ჩვენს გვერდითაა და ხელისუფლება მზადაა, სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაგვეხმაროს”, – განაცხადა იასინ ალიევმა.