ცირკში ლომის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი კვლავ რეანიმაციაში რჩება
თბილისის ცირკში ლომის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი კვლავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც “კვირას“ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარება კვლავ კრიტიკულია. მედიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
თბილისის ცირკში ლომმა უკრაინული დასის წევრი, ცხოველების მომვლელი ახალგაზრდა მამაკაცი დაგლიჯა. ნადირი ახალგაზრდა მამაკაცს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ვოლიერში შევიდა. ის მძიმე დაზიანებებით, შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცირკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ცირკში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო, თუმცა ისინი თავად ცხოველების მომვლელმა დაარღვია, რაც მომხდარის მიზეზი გახდა. მარიამ ზედგინიძე