ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტისას რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ
გენერალური შტაბის უფროსის რანგში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალ კნუდ ბარტელსს პირველად შეხვდა. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ნატოს ურთიერთობის ფართო სპექტრი დეტალურად განიხილეს. გენერალ-მაიორის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებებით მიმდინარეობს. „საქართველო, როგორც პასუხისმგებელი პარტნიორი, მზად არის, ბოლომდე შეასრულოს თავისი კონტრიბუცია ISAF-ის ოპერაციაში და აქტიურად ითანამშრომლოს ISAF-ის შემდგომ დაგეგმილ კამპანიაში“, – განაცხადა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა. გენერალ კნუდ ბარტელსთან შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 11-12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის 170-ე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.