პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ ვიზიტებს იწყებს

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შვეიცარიაში გაემგზავრება. პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 44-ე ფორუმი 22-25 იანვარს გაიმართება. საქართველოს დელეგაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე – “ევრაზია – შემდეგი ზღვარი” და “სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ”, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს. სესიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, დაესწრება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. სესიებზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება დისკუსია. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში”, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს, მათ შორის არიან: შვეიცარიის კონფედერაციისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ასევე საუდის არაბეთის პრინცი ტურკი ალფაიზალი. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: „LAZARD“, „TATA SONS LTD“, „EMAAR PROPERTIES“,„ JUMEIRAH GROUP“, „BLACKSTONE GROUP“, „LAFARGE“, „AGILITY LOGISTICS“, „AGCO“, „ROYAL PHIPIPS“, „MOLLER MAERSK“. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა ჯორჯ სოროსთან. ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებას. ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია პირდაპირი ჩართვა ტელეკომპანია „CNBC“ –ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“, „სი-ენ-ენს“ და სააგენტო „ბლუმბერგს“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება ისრაელის სახელმწიფოში. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ისრაელის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა. გაფორმდება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 31 იანვარს- 2 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების 50-ე კონფერენციაში. 3-5 თებერვალს, პრემიერი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს, სადაც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისარებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები