პრეზიდენტმა ოშკისა და იშხანის ტაძრები მოინახულა
ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა. გიორგი მარგველაშვილმა ისტორიული ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წინაპრების შემოქმედება გვენახა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ, ღვთის მადლით, საქართველოს და თურქეთს დღეს ისეთი ცივილიზებული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც პატივს სცემს, რუდუნებით უვლის და მომავალ თაობას უნახავს კულტურულ მემკვიდრეობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა და ქართული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, თურქეთის ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრების მსვლელობისას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხიც განიხილეს.
„შეხვედრების დროს მივიღეთ დაპირება, რომ იშხანის ტაძრის აღდგენა 2014 წელს დასრულდება, ხოლო, რაც შეეხება ოშკს, წელს, პარალელურად, დაიწყება მისი რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ეროვნული უშიშროებოების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ანკარაში გამართული მოლაპარაკებების თვალსაზრისით, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. “საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ დელეგაციას თურქეთის მხარემ აღუთქვა, რომ ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება“, – აღნიშნა კოპლატაძემ.