"სააკაშვილმა რეზიდენცია ჩაგვიქრო, სევდია – უგულავამ – მთაწმინდის ანძა"

  „დღეს სატელევიზიო ანძა გამოვრთეთ“, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს სატელევიზიო ანძა შეკეთებას მოითხოვს, რისთვისაც მერიის ბიუჯეტში 500 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. როგორც „კვირას“ სევდია უგრეხელიძემ განუცხადა, საკრებულოს დეპუტატები 500 ათასი ლარის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„ეს ანძა ქალაქის სიმბოლოა, ისევე, როგორც ეიფელის განათება, ისევე, როგორც ამერიკაში ასსართულიანი სახლის – „ state building”-ის განათება. ეს განათებაც არის ქალაქის სიმბოლო. ბიუჯეტში ანძის შესაკეთებლად 500 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, რაზეც საკრებულოს უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს თანხა ბევრია და მის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ჩვენ მოქალაქეებს სოციალური და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას ვერ შევუწყვეტთ და გადაწყდა, რომ ტელეანძა გამორთულიყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ თანხები თავშესაფარს მოაკლდეს. თავშესაფარს მერია აკეთებს, გვაქვს შენობა და 300 000 ლარი იყო გამოყოფილი რემონტისთვის, რაც ცოტა არ არის. როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება.
თუ დაამტკიცებენ ანძის შეკეთებისთვის გამოყოფილ თანხებს, მაშინ კვლვ ჩაირთვება ტელეანძა“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. მისი თქმით, სანამ ბიუჯეტი არ დამტკიცდება, ტელეანძა ვერ განათდება. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხერხი, რომელიც მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაში, კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რას ნიშნავს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა. ჩვენ შევეცადეთ, აგვერჩია ისეთი თემა, რომელიც პირდაპირ არ აისახება მოქალაქების პირად ცხოვრებაზე და მათ პირად ინტერესებზე. არამედ, ეს ქალაქის იერსახეზე მეტყველებს მხოლოდ, ვინიდან თბილისის ტელეანძა წლების განმავლობაში იყო განახლებული და თბილისის სიმბოლო – განათებული.
თუ კეთილი ნება იქნება და ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ეს თანხები, ტელეანძა კვლავ განათება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ეს თემა, ასევე სხვა თემები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს თბილისელებისათვის, ვერ განხორციელდება“, – აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები