პრემიერმა ბოლნისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა მეშველიანი წარუდგინა.
მეშველიანმა ბოლნისელ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა საფუძველი პიროვნული, საზოგადოებრივი განვითარების.
“ქართულმა ოცნებამ” მოიტანა თავისუფლება, დღეს ბიზნესი თავისუფალია, ეს არის ჩვენი განვითარების წინა პირობა. თქვენ ხედავთ თუ რამდენი პროექტი ხორციელდება ბოლნისში, ალბათ აქ არ დარჩა ქუჩა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები არ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ჩვენს ხალხს ჰქონდეს წინაპირობა იცხოვროს კეთილმოწყობილ გარემოში. თქვენ იცით რომ ჩვენ უამრავი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მხოლოდ მუნიციპალურ ბიუჯეტში 2012 წელთან შედარებით 60 პროცენტით გავზარდეთ ხარჯები სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებისთვის. ეს გავაკეთეთ იმისათვის, რომ აი ამ გარდამავალ ეტაპზე, სანამ ქვეყანა ბოლომდე ფეხზე არ დადგება ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს ჰქონდეთ მყარი გარანტია განვითარებისათვის”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარობის კანდიდატმა.