შსს მანქანის გატაცების ფაქტს არ ადასტურებს
შს სამინისტროში მანქანის გატაცებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე თემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
“მანქანის „გატაცებებთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციით გახარებული საზოგადოება მინდა დავამწუხრო. ავჭალაში ავტომანქანის გატაცება არ დადასტურდა. მანქანის მფლობელის განცხადების შემდეგ დადგინდა, რომ წინა ღამით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტომანქანის მფლობელი ბოძს შეეჯახა და მანქანა იქვე მიატოვა, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ქურდობის დანაშაულის არ არსებობის გამო გამოძიება შეწყდება.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილებაში 1 იანვარს, 1970 წელს დაბადებული გოჩა უფლისაშვილის შეტყობინების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (სსსკ-ის 177-ე მუხლით) უფლისაშვილის კუთვნილი „ვაზ 21-08“ მარკის ავტომანქანის მოპარვის შესახებ. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1 იანვარს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მფლობელმა თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე თავად დატოვა, რაც აღარ ახსოვდა. სამართალდამცველებმა, „ვაზ 21-08“ მარკის ავტომანქანა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 იანვარს იმავე ადგილზე იპოვეს, სადაც მფლობელმა დატოვა. აღნიშნულ ავტომანქანას ჩაუტარდა გარეგნული და შიდა დათვალიერება, რის შედეგადაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ავტომანქანას დაზიანებული ან მოპარული არაფერი ჰქონდა. დანაშაულის არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
9 იანვარს თემქის დასახლებაში „გატაცებული“ მანქანა ნაპოვნია. აღოჩნდა, რომ მეგობარმა (რომელიც ნასვამი იყო) საკუთარი მეგობრის მანქანა მეგობრის დაუკითხავად წაიყვანა და იქვე რამდენიმე მეტრში დატოვა. პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს პირი, რომელმაც მანქანა წაიყვანა (პოლიციაში თავად გამოცხადდა მეგობართან ერთად“).
2 იანვარს, დიღმის მასივში „გატაცებული“ მანქანა მეზობელი კორპუსის ეზოში იპოვნა პოლიციამ. მანქანიდან არაფერია წაღებული და არც მანქანაა დაზიანებული. გამოძიება მალევე შეწყდება რადაგან აღნიშნული მანქანა მეზობელ ეზოში ოჯახის წევრმა დააყენა“, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავტომანქანების მარკები, ასევე სახელმწიფო ნომრები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ეს მანქანები დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს, შსს-ს კი ფაქტები არ გაუსაჯაროებია.