ვიაჩესლავ ბორისოვი: გენერალ დუმბაძის მკვლელობა შს ყოფილი მინისტრის ახლობლებმა დაუკვეთეს
გენერალ დუმბაძის მკველობისთვის, რამდენიმე დღეში, მოსკოვში საქართველოს მოქალაქეებს გაასამართლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენებები უკვე მისცეს. საქმის მსვლელობის შესახებ „კვირა“ დუმბაძესთან დაახლოებულ გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვს ესაუბრა. რუსმა გენერალმა „კვირას“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ გენერალი რომან დუმბაძე 2012 წელს საქართველოს იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ახლობლების დავალებით მოკლეს. მისი განცხადებით, გენერლის მკვლელობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შეუსრულებლობა გახდა. მისივე თქმით, მკვლელობისთვის დაკავებულმა რამდენიმე პირმა დანაშაული უკვე აღიარა.
„რამდენიმე ადამიანი დაკავებულია გენერალ დუმბაძის მკვლელობის ბრალდებით. დაკითხულია დუმბაძის მეუღლეც. მალე სასამართლოს ველით. უკვე დადგენილია, რომ მისი მკვლელობა საქართველოს შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრის ნათესავებმა შეუკვეთეს. დამნაშავეებმა დანაშაული აღიარეს. თავადვე მოყვნენ, თუ როგორ განახორციელეს მკვლელობა, როგორ მიიღეს თანხა ამ საქმისთვის. ყველა – შემსრულებლებიც და შემკვეთებიც დაისჯებიან“, – აცხადებს გენერალი ბორისოვი.
ბორისოვი გენერალ დუმბაძეს დადებითად ახასიათებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ის პატიმრობიდან გაათავისუფლა, ბორისოვის აგარაკზე ცხოვრობდა. გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, 2012 წლის 21 მაისს მოტოციკლიდან ჩაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზე გარდაიცვალა.
გენერალ დუმბაძის მკვლელობას აქტიურად აშუქებდა რუსული პრესა. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და მედიასაშუალებები მკვლელობაში ქართული სპეცსამსახურების კვალზე ღიად საუბრობდნენ. თუმცა, სამართალდამცველების განცხადებით, გენერალ დუმბაძის მკვლელობის ბრალდებით მხოლოდ სამი ეჭვმიტანილია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულთაგან ორის ვინაობა ცნობილია, ესენი არიან: მიშა თონია და თორნიკე კვირიკაშვილი. მესამე დაკავებულის ვინაობას კი სამართალდამცველი უწყებები არ ახმაურებენ. დაკავებულებს მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობასა და ტარებაში ედებათ ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, ქილერი დუმბაძეს საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდა და მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 გასროლა განახორციელა, რა დროსაც მეორე ეჭვმიტანილი მოტოციკლის საჭესთან იჯდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მესამე ეჭვმიტანილი მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. უცხოური პრესა არაფერს წერს მკვლელობაში ეჭვმიტანილ მეოთხე პირზე, რომლის შესახებაც რუსი გენერალი “კვირას” ესაუბრა.
რაც შეეხება ვიაჩესლავ ბორისოვს, შეგახსენებთ, რომ მისი სახელი საქართველოს ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაუკავშირდა. გენერალი ბათუმში, 1998-2002 წლებში, მე-12 სამხედრო ბაზას ხელმძღვანელობდა. ბორისოვი ასევე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელის პოსტსაც იკავებდა. მაშინ, როდესაც 1999 წლის არჩევნებში ბორისოვმა ასლან აბაშიძესა და მის პარტიას – „აღორძინებას“ ღიად დაუჭირა მხარი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ რუსი გენერლის ქვეყნიდან გაწვევა ოფიციალურად მოითხოვა. მოგვიანებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ცირა შერგელაშვილი