სკანდალური თათბირი „ჯორჯიან მანგანეზში“ – დირექტორმა თანამშრომლებს არჩევნებზე კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა
„კვირას“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ გუშინ, ზესტაფონში მდებარე ფეროშენადნობთა ქარხანაში, მორიგი თათბირისას, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა ვოლოდიმირ ლოზინსკიმ, თანამშრომლებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ დავით ჭანტურიასთვის იმ შემთხვევაში, თუ ის ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს.
„კვირა“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ადგილი დირექტორის მხრიდან წინასაარჩევნოდ მოწოდებების გაკეთებას და დეტალების გარკვევასაც შეეცადა და ინფორმირებულ წყაროს ესაუბრა.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დავით ჭანტურიას ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა უნდა. ადმინისტრაცია ხალხს ხელმოწერების შეგროვებას ავალებს. ჭანტურია ამ ეტაპზე გენერალური დირექტორის მოადგილეა. ჩემი ახლობლები ხელმომწერებს ილია კოკაიაზე აგროვებდნენ, მაგრამ იმ ბიჭებს, რომლებიც ილია კოკაიაზე აგროვებდნენ ხელმოწერებს, უთხრეს, რომ ამას ნუ აკეთებთ, რადგან ხელმოწერას ცესკო ბათილად ცნობსო. ეს ერთ-ერთმა ინჟინერმა თქვა, კარლო ჰქვია, გვარი არ მახსოვს. როდესაც მივიდნენ მასთან, მეტი აღარაფერი გაამხილა, თუმცა ისედაც ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი – გენერალური დირექტორისგან და დავით ჭანტურიასგან, რომელიც მისი მოადგილეა. კოკაია, „ფეროში“ იყო მეწილე და ესენი ერთმანეთს შესანიშნავად იცნობენ, მაგრამ დირექტორი და მისი გუნდი მის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ. აი, მუშების დიდ ნაწილს კი უნდა, რომ კოკაიას მისცეს ხმა. ჩვენს ქარხანაში დაახლოებით 1800 ადამიანია დასაქმებული. მათ ოჯახები ჰყავთ, წარმოიდგინეთ, რა ოდენობის ხმებზეა საუბარი“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ქარხნის ყოფილი თანამშრომელი.
მისი განცხადებით, ადმინისტრაციისგან არაერთხელ წამოსულა ქარხანაში დასაქმებული პირების მისამართით მუქარისა და დაშინების მცდელობები.
მისივე თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი დავით ჭანტურიაც იყო – ადამიანი, რომელსაც პროფკავშირებზე დიდი გავლენა ჰქონდა და დღეს ქარხანაში მეორე ადამიანია. წყაროს განცხადებით, მისი თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ქარხანაში არსებული დაპირისპირება გახდა.
„დაშინება აქ სულ არის. ორი პროფკავშირი გვყავს. ერთი მათ მიერ არის შექმნილი, მას თავად დავით ჭანტურია აკონტროლებს – გენერალური დირექტორის მოადგილეა. საკმაოდ ძლიერი ფიგურაა. ბევრ გადაწყვეტილებას თავად იღებს. ფაქტობრივად, მეორე კაცია ქარხანაში დირექტორის შემდეგ. 2008 წელს შექმნეს პოროფკავშირები იმისთვის, რომ ადმინისტრაცია „გაეპრავებინათ“. ამის შემდეგ ჩვენც შევქმენით პროფკავშირები და სულ გვიწევდა ამ კაცთან დაპირისპირება. მთელი ამბები იყო“, – აცხადებს წყარო.
ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა ურთიერთობა ქარხნის როგორც დაბალ, ასევე მაღალ ეშელონებთან, აცხადებს, რომ დირექტორისთვის პოლიტიკური შინაარსის შემცველი განცხადებებისა და მოწოდებების გაკეთება მიუღებელია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება თავად არ გააჩნია.
„რა უნდა დირექტორს პოლიტიკაში. ეს ადამიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. არჩევნებზე კი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს. მისი ქვეყნის პოლიტიკას მიხედოს. მისთვის ასე იქნება უმჯობესი. ესენი – ყველანი დასაჭერები არიან. ცუდი ხალხია. დღეს, ხვალ აუცილებლად წავა მოწოდებები, რომ ჭანტურიას მიეხმარეთ და კოკაიას არ მიეხმაროთო. ეს თათბირი მხოლოდ გუშინ იყო და ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ ეჭვი კი არა, 100 პროცენტით გეუბნებით, რომ მოხდება. თანამშრომლები ძალიან უკმაყოფილოები არიან. ხელფასის მატება აქ არ ხდება. შვებულებებსაც არ იძლევიან. ესენი რომ კარგი ხალხი იყვნენ, ამდენი ომიც არ მოგვიწევდა“, – აცხადებს წყარო.
„კვირა“ ქარხნის დირექტორის მოადგილეს, დავით ჭანტურიასაც დაუკავშირდა. მან უარყო, რომ რომ გუშინ თათბირზე მისმა სახელმა და გვარმა გაიჟღერა. სამწუხაროდ, ჩვენთან საუბრისას მან არ ისურვა, გაეცა პასუხი შეკითხვაზე, ნამდვილად გეგმავდა თუ არა ის ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატად კანდიდატურის წარდგენას.
„თათბირზე არანაირი განცხადება არ ყოფილა მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს არის ტყუილი. არავის არავისთვის დავალება არ მიუცია “, – განაცხადა დავით ჭანტურიამ.
ვითარების გასარკვევად, ჩვენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორს, ვოლოდიმირ ლოზინსკისაც დავუკავშირდით, რომელმაც თათბირზე დავით ჭანტურიას სახელის ხსენება უარყო, თუმცა დაადასტურა ის ფაქტი, რომ არჩევნებზე საუბარი თანამშრომლებთან ნამდვილად ჰქონდა. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ ვერ ხედავდა პრობლემას იმაში, რომ მისი აზრი ხმამაღლა დაეფიქსირებინა. როგორც აღმოჩნდა, დირექტორისთვის „კომუნისტური პარტია“ მიუღებელია. ამბობს, რომ, შესაძლებლობის შემთხვევაში, იმ პარტიას მისცემდა ხმას, რომელსაც დასავლური ორიენტაცია და კურსი აქვს.
„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, ჩვენ ნამდვილად გვქონდა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ბიუჯეტი. ასევე ვთქვით, რომ ახლა ჩვენ ვაკვირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და შემდეგ ავირჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც კარგები, ან ცუდები არიან კომპანიისთვის. მაგალითად, არსებობს „კომუნისტური პარტია“. ის ამბობს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ნაციონალიზებული. „კომუნისტური პარტია“ ცუდია. ის ერთ-ერთი პარტიაა, რომელიც ახლა დარეგისტრირდა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ჯერჯერობით არ ვიცი, ვის დავუჭერ მხარს, რადგან პარტიებს არ აქვთ ზუსტი ეკონომიკური გეგმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლურ კურსს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ იმ ადამიანს ნებისმიერი პარტიიდან, რომელიც მხარს უჭერს დასავლურ კურსს და ადამიანების უფლებების დაცვას და დემოკრატიას. ცუდებს ჩვენ არ ვირჩევთ“,-განაცხადა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა ვოლოდიმირ ლოზინსკიმ.
შეკითხვაზე, მას, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მიაჩნდა თუ არა სწორად, ხმამაღლა გაესაჯაროებინა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც სხვებისთვის შესაძლებელი იყო, რომ ერთგვარ ზეწოლადაც აღქმულიყო, მან განაცხადა, რომ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა.
„როგორც პიროვნებას, მე ყველა მიცნობს. არასდროს ვავალებ ადამიანებს ასეთ რამეს. მაგრამ ხალხს ჩემი აზრიც აინტერესებს და თუ ჩემი მოსაზრება არასწორია, მაშინ ნუ მისცემენ ხმას. რატომ ფიქრობთ, რომ მოსაზრება არ უნდა გაჟღერდეს. მე არ ვარ საქართველოს მოქალაქე, მაგრამ მაქვს უფლება, გავაჟღერო ჩემი შეხედულება. ყველას აინტერესებს ჩემი აზრი და მეც ვამბობ“, – განაცხადა ლოზინსკიმ.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით სააგენტოში კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზაქარია ზალიკაშვილმაც დარეკა და განაცხადა, რომ თათბირზე რაიმე ტიპის მოწოდებას დირექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
“კვირა“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას განაგრძობს.